ჯიშკარიანი და შელია - დინამოში?

AutoSharing Option
გუშინ რომან ფიფია საზოგადოების წინაშე კვლავ გამოჩნდა და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იგი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს ლონდონში შეხვდა და, ფაქტობრივად, ყველა საკითხი შეათანხმა, მაგრამ, ორი-სამი კვირა ტექნიკური დეტალების მოსაგვარებლად მჭირდებაო.

ამასობაში ცნობილი გახდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ახალი განცხადება "დინამოსთან" დაკავშირებით, საიდანაც, ფაქტობრივად, რომან ფიფიას მწვანე შუქი "აუნთეს".

"საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერით ცნობილი ბიზნესმენი, ბატონი რომან ფიფია დაინტერესდა და გამოთქვა მზადყოფნა, "დინამოში" საჭირო ინვესტირება მოახდინოს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ. ძალიან გვახარებს ის
ფაქტი, რომ "დინამოთი" დაინტერესდა ადამიანი, რომელსაც გააჩნია კლუბის თანადგომის სურვილი და შესაძლებლობა. კლუბის ადმინისტრაციას ვაძლევთ რეკომენდაციას დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლა და დამატებითი დეტალების განხილვა", - ვკითხულობთ პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.

კიდევ რა არის გადასაწყვეტი, ფიფიას პრესკონფერენციაზე არ დაუზუსტებია. ცხადია, მოლაპარაკება ადრე თუ გვიან დასრულდება და ახალი მეპატრონე ხელმძღვანელობაში ახალ ხალხს მოიყვანს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაში მოსაყვანად ორი კანდიდატურა განიხილება: მიხეილ ჯიშკარიანი და მურთაზ შელია.

ჯიშკარიანი იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი, რომელიც სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ. სოხუმის "ცხუმისა" და კიევის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი ბოლო დროს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. ჯიშკარიანი ფიფიას სარატოვის "სოკოლიდან" იცნობს, სადაც 2000 წელს თამაშობდა. ის თბილისის "დინამოში" 1988 წელს ირიცხებოდა და 18 წლის ბიჭმა ძირითადში ითამაშა.

საქართველოს ნაკრებში, "დინამოში", "ალანიასა" და "მანჩესტერ სიტიში" ნათამაშები მურთაზ შელია კი ამჟამად ცხინვალის "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტია. ორივე საფეხბურთო სამყაროში კარგად ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნებაა - მათ ფეხბურთი იციან და თანამედროვე ტენდენციებშიც ერკვევიან. თუმცა, კონკრეტულად რა პოზიციაზე განიხილება მათი კანდიდატურები, ჯერ დაზუსტებული არ არის.

დაუზუსტებელია ძველების საკითხიც. მაგალითად, დარჩება თუ არა კლუბში ბუბა ტყავაძე. ტყავაძის პლუსად ის უნდა ჩავთვალოთ, რომ ახალ მეპატრონეს თბილისის "დინამოს" მიწასთან გასწორებულს არ ახვედრებს. ქართველები ამბიციური ხალხი ვართ, "დინამო" ჩვენთვის ლამის სამშობლოს ღირსებასთან იყო გაიგივებული და ამდენად, ბევრისთვის მიუღებელი იყო, რომ ბოლო წლების "დინამო" ევროთასებს საწყის ეტაპზე ეთიშებოდა, საქართველოში კი ბოლო ექვს წელიწადში მხოლოდ ორჯერ (2005, 2008) მოიპოვა ოქროს მედლები. ცხადია, ეს პრეტენზია სამართლიანია და გუშინდელ პრესკონფერენციაზე თავად ტყავაძემაც აღნიშნა, რომ კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს.

ცხადია, დაღმასვლა ტყავაძესთან გაიგივდა, მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე. ჯერ ერთი, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი გუნდის გაძღოლა ძალიან რთული იყო, რადგან "დინამოს" ძველებური ხელშეწყობა ისე აღარ ჰქონდა, აღარ აფინანსებდნენ და ზოგჯერ სარმებს ღიადაც უდებდნენ. ტყავაძემ გუნდის შენახვა მაინც მოახერხა. 2008 წელს კლუბი მოგებაზეც გაიყვანა, მაგრამ რუსეთის აგრესიის შემდეგ "დინამოს" სრულფასოვანი შენახვა, მოვლა-პატრონობა გაძნელდა. ამას ეკონომიკური კრიზისიც დაერთო და ფეხბურთსა და "დინამოს" ვინ ჩიოდა, მძლავრი კომპანიები თავის გადარჩენაზე ზრუნავდნენ.

საერთაშორისო ბაზარზე ქართველი ფეხბურთელების ფასიც დაეცა, რაც კლუბის შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო და "დინამო" ევროთასებიდან, ტელეკონტრაქტებიდან და მწირი ტრანსფერებიდან მიღებული თანხებით ერთ-ერთი რიგითი ქართული კლუბი გახდა.

ცნობისთვის: ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი ჩვენი პირველობის ყველაზე მდიდართა ოთხეულშიც არ შედიოდა. მაგალითად, "ზესტაფონის" წლიური ბიუჯეტი 4 მილიონი დოლარია, "ვიტ ჯორჯიასი" - 2.2 მილიონი ლარი, ქუთაისის "ტორპედოსი" - 2 მილიონი, რუსთავის "ოლიმპის" - 1,.5 მილიონი, თბილისის "დინამოსი" კი სულ რაღაც 800 ათასი. მართალია, ეს არის მხოლოდ მთავარი კლუბის ბიუჯეტი და მასში გათვალისწინებული არ არის დუბლების, ჭაბუკთა ლიგის გუნდებისა და სხვა ხარჯები (ბაზის შენახვის, ეროვნული სტადიონის დაქირავების, ტრანსპორტირებისა და ა.შ.). თუმცა "დინამოსთვის" მაინც მეტისმეტად ცოტაა.

პრობლემებზე კი პატარკაციშვილის ოჯახის პირველ განცხადებაში ვკითხულობდით:"ბადრის გარდაცვალების შემდეგაც, თითქმის სამი წელი "დინამოს" ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა უაღრესად გართულებული იყო. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში არსებული ჩვენი ოჯახის აქტივები რჩება გაყინული, ხოლო ჩვენთან ასოცირებული კომპანიები, მათ შორის "დინამოც", განიცდიან მუდმივ პრობლემებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მაგალითად, "დინამო" ვერ ახერხებს სამეწარმეო რეესტრიდან სარეგისტრაციო საბუთების მოპოვებას, რაც, მოგეხსენებათ, ნებისმიერი კომპანიისათვის საკუთარი აქტივების განკარგვასაც კი უაღრესად ართულებს. მივედით სამწუხარო დასკვნამდე, რომ ჩვენი ოჯახი უნდა ჩამოშორდეს "დინამოს", რადგან დიდწილად ჩვენთან ასოცირებულობისა და საქართველოში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ლეგალური სტატუსის გამო, კლუბის ნორმალურ ოპერირებას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება".

ცხადია, ასეთ ვითარება კლუბზე გავლენას ახდენდა. ამის მიუხედავად, მუდამ ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძოდა და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ კარგად გამოიყურებოდა. თუმცა, ვიმეორებთ, პრობლემები გარედან არ ჩანდა და "13 მაისზე" მეოცნებე გულშემატკივარი მხოლოდ ითხოვდა და არ ითვალისწინებდა.

იმედია, პატარკაციშვილის ოჯახი და რომან ფიფია მალე შეთანხმდებიან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და "დინამოს" მალე ეღირსება ის დაფინანსება, რომელიც კლუბს ევროპაში ღირსეულად დააბრუნებს. "შერიფისა" და "ჟილინას" მაგალითები ამტკიცებს, რომ ნორმალური დაფინანსების შემთხვევაში ჩვენსავით პატარა ქვეყნის კლუბისთვის ეს სავსებით შესაძლებელია.

კულუარებში ითქვა კიდეც, თითქოს რომან ფიფია რამდენიმე წლის განმავლობაში "დინამოში" 40 მილიონი ლარის ინვესტირებას აპირებს - ღმერთმა ქნას, ეს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გაგვახარებს, "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", "ოლიმპისა" და "ტორპედოს" მეპატრონეებს უფრო მეტი თანხის დაბანდებისკენ უბიძგებს, რაც საბოლოოდ ისევ ქართულ ფეხბურთს წაადგება - იმედია, ეს ვარაუდი ვარაუდად არ დარჩება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული