ლექსო კვახაძე: სუპერთასზე შანსები 50/50-ზეა

AutoSharing Option
რუსთაველთა ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება და მოწინააღმდეგის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას არც მალავს.

- სუპერთასით სეზონი იხურება, სათამაშო ენერგია და ხალისი შემოგრჩათ?
- სუპერთასის მოპოვება პრესტიჟულია და ჩვენც და "ვიტ ჯორჯიასაც" განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს.

- შანსებს როგორ აფასებ?
- სუპერთასზე ყევლაფერია მოსალოდნელი. მეტოქეს ერთი თავითაც რომ სჯობდე, არ უნდა მოდუნდე და ზედმეტად თავდაჯერებულმა არ უნდა ითამაშო. ამიტომ შანსებს 50/50-ზე ვაფასებ. "ვიტ ჯორჯია" სერიოზული მოწინააღმდეგეა, მებრძოლი გუნდია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. რატომღაც მგონია, რომ გულშემატკივრის იმედს გავამართლებთ.

-
"ვიტ ჯორჯიას" კაპიტნობდი და არ გესწავლება, მისი ტაქტიკა აზერბაიჯანში წასულ ჯაბა ლიპარტიაზე იყო აწყობილი - ამ თვალსაზრისით, მოწინააღმდეგის კოზირი მინიმუმამდე შემცირდა.
- თავისთავად ცხადია, მისი წასვლა ჩვენს შანსს ზრდის. ჯაბა არა მარტო "ვიტ ჯორჯიაში", საქართველოს ჩეპიონატშიც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, "ვიტ ჯორჯიასთვის" დიდი დანაკლისია. და მაინც, ზედმეტი თავდაჯერებულობა არავის გვარგებს.

- ალბათ, ძნელია ბოლომდე საბრძოლო განწყობა გქონდეს იმ კლუბთან, რომელსაც წლების განმავლობაში კაპიტნობდი.
- გეთანხმებით, ფაქტობრივად, "ვიტ ჯორჯიაში" გავიზარდე, იქ 16 წლიდან ვვარჯიშობდი და რვა წელი ვთამაშობდი. ვკაპიტნობდი კიდეც და ოქროს მედლებისა და ეროვნული თასის მფლობელი გავხდით. ვერ ვიტყვი, თითქოს ეს ჩემთვის ჩვეულებრივი შეხვედრაა, მაგრამ ახლა "ოლიმპში" ვთამაშობ და ამ კლუბის გამარჯვებისთვის ვიომებ.

თუმცა, სხვა კლუბს 3:0-ს რომ ვუგებდეთ, მეოთხეს გატანაც გამიხარდება, "ვიტ ჯორჯიას" კი დავინდობდი. რაც უნდა კარგად ვიყო, ჩემი ყოფილი გუნდის ამბები მაინტერესებს. იქ ხომ ჩემი ძმები თამაშობენ, ბევრი ჩემ გვერდით იზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის მეგობრობა და ადამიანობა ყველაფერზე მაღლა დგას.

- "ოლიმპი" შენთვის ასეთივე მშობლიური კლუბი გახდა?
- ორი აზრი არ არის. ძალიან კარგი ადამიანები შეიკრიბნენ, მათ გვერდით თამაშიც სასიამოვნოა და მოედნის გარეთ ურთიერთობაც. ამიტომაც გვყავს გულიანი, მეგობრული გუნდი და ასე მგონია, ერთი სანათესაოდან მეორეში გადავინაცვლე, აქ ჩემთვის უცხო არავინ არის. დარწმუნებული ვარ, "ოლიმპის" დღევანდელი ბირთვით ბევრის მიღწევა შეგვიძლია.

- თუმცა ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელებს ზურაბ ჯაფარიძის დროს გაფორმებული კონტრაქტები ჯოზეფ კეიმ გაგიუქმათ.
- ამაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. სუპერთასის შემდეგ ''ოლიმპის" კრება გაიმართება და გავიგებთ, რეალურად რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. პირადად მე ისეთი კონტრაქტი გავაფორმე, რომ შემიძლია, საკონტრაქტო თანხა ნებისმიერ დროს დავაბრუნო და წავიდე.

- წასვლას აპირებ?
- ჯერ არაფერი ვიცი, კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილების მიხედვით ვიმოქმედებ. ევროპაში წასვლა ძალიან მინდა, მაგრამ რეალური თუ არაფერი გამოჩნდა, სინჯებზე სიარულს აქ დარჩენა მირჩევნია.

- პირველ ეტაპზე "ოლიმპის" გამოსვლას როგორ შეაფასებ?
- მართალია, რამდენიმე დასანანი ქულა დავკარგეთ, მაგრამ მთლიანობაში ჩავარდნა არ გვქონია და "ზესტაფონთან" ერთად ვლიდერობთ, როცა სეზონის დაწყებამდე სამეულში მოხვედრაზე ვფიქრობდით. წინ მთელი მეორე ეტაპია და თუ გავძლიერდებით, ჩემპიონობის შენარჩუნების დიდი შანსი გვექნება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული