ტორპედომ სანაია ვერ დაითანხმა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა "ლელოს" გაუმხილა, რომ მთავარ მწვრთნელად გელა სანაიას დანიშვნა სურდათ.

"გია გიგატაძე მთავარ მწვრთნელად მუშაობას გააგრძელებს, თუმცა არ დავმალავ, რომ დღეს გელა სანაიას შევხვდით და "ტორპედოში" მუშაობა შევთავაზეთ. გელა ძალიან კარგი ადამიანია და მზად ვიყავით, მისი პირობები დაგვეკმაყოფილებინა, მაგრამ ვერ დავითანხმეთ, რადგან სხვა მიზნები აქვს - სწავლის გაგრძელება სურს", - გვითხრა პაპიაშვილმა.

მან უკვე დაასახელა ახალწვეულთა ვინაობაც: "მეორე წრიდან ჩვენთან ითამაშებს რეზო გოცირიძე, ისევე, როგორც კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელის მოყვანაზეც მთელი ქუთაისი ოცნებობდა - გია
მეგრელაძე. ორივეს ველაპარაკეთ და კონტრაქტები გავუფორმეთ. იმედია, ამ გადაწყვეტილებების შემდეგ "ტორპედოს" თავდასხმაში მდგომარეობა გაუმჯობესდება".

ამას გარდა, "ტორპედოს" გეგმებში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაა და თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდა, მეორე წრეში არავისზე ნაკლები შემადგენლობა არ ეყოლებათ.

"დიდი სურვილი გვაქვს, დავიმატოთ შოთა კაშია, "ვიტ ჯორჯიადან" კი - ირაკლი კლიმიაშვილი. ირაკლის პირადად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი დათანხმება არარეალური მგონია, რადგან უცხოეთში წასვლას აპირებს. ამ ფეხბურთელების გარდა, კიდევ რამდენიმეს საკითხიც ღიად რჩება".

ქუთაისური კლუბის მენეჯერები ოპერატიულად მუშაობენ, რასაც პაპიაშვილის ნათქვამი ადასტურებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერმა, ლენქორანის "ხაზარმა" დავით იმედაშვილი ტრანსფერზე დააყენა. 26 წლის ნახევარმცველი აზერბაიჯანულ კლუბში რუსთავის "ოლიმპიდან" ზაფხულში გადავიდა, მაგრამ მენისკის ტრავმის გამო კარგა ხანი გაუცდა, შემდეგ კი ძირითადში ვეღარ ხვდებოდა და "ხაზარის" ხელმძღვანელობამ მასთან განშორება გადაწყვიტა.

"იმედაშვილის ტრანსფერზე დაყენების ამბავი არათუ შევიტყვეთ, ჩვენს მენეჯერ დათო ყენიას მასთან დაკავშირებაც დავავალეთ. რომელი ქართული კლუბი არ დაინტერესდება ამ დონის ფეხბურთელით?! ამბიციური მოთამაშეების ჩამოყვანით და ძლიერი კლუბის ჩამოყალიბებით ქუთაისელი გულშემატკივრის გახარება გვსურს. თუმცა ჯერ არ ვიცით, რა პირობებს წამოგვიყენებს იმედაშვილი, რა ვარიანტები აქვს და საერთოდ, სურს თუ არა საქართველოში დაბრუნება".

შევიტყვეთ ისიც, რომ გუშინ "ტორპედოს" პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე გუნდის ნახევარმცველ დავით დიღმელაშვილს უნდა შეხვედროდა.

"დათო ჩვენთან რჩება, მასთან პრეტენზია არ გვაქვს და იმედია, თავადაც არ არის უკმაყოფილო. ამ დროისთვის სხვა წამსვლელ-მომსვლელთა დაკონკრეტებას მოვერიდები. ვინ მოვა და ვინ წავა, დამოკიდებულია იმაზე, მოვახერხებთ თუ არა სასურველი ფეხბურთელების მოყვანას. არ გვინდა, ისეთივე საკადრო შეცდომა დავუშვათ, როგორიც უმაღლესში გადასვლისას და თითოეულ კანდიდატს დეტალურად განვიხილავთ".




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული