ტორპედო ლეგიონერებზე უარს ამბობს

AutoSharing Option
ჩვენი ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულებული არ იყო, როდესაც ქუთაისის "ტორპედოს" მმართველებმა პირველი შენაძენით მოიწონეს თავი. გია მეგრელაძისა და რეზო გოცირიძის გადაბირების ამბავი უკვე ცნობილია. მიმდინარეობს მოლაპარაკება შოთა კაშიასთან და კლუბის მენეჯერი დავით ყენია ამბობს, რომ თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ქუთაისელებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ჩვენი ინფორმაციით კი, კაშიას მეორე საინტერესო წინადადებაც გააჩნია - მას რუსთავის "ოლიმპში" გადასვლასაც სთავაზობენ.

ყენია ადასტურებს, რომ ჯაბა ლიპარტიასთან მოლაპარაკება ჰქონდათ, მაგრამ 23 წლის ფლეიმეიკერით აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი "ყარაბახი" დაინტერესდა და ლიპარტიამ გასინჯვაზე წასვლა ამჯობინა. "ვიტ ჯორჯიას"
ფეხბურთელებით დაინტერესებას კი ყენია უარყოფს:"დაიწერა, თითქოს არაერთ ვიტელს ვიწვევდით, რაც სიმართლეს არ შეეფერება. კლიმიაშვილის ამბავი უკვე იცით და აღარ გავიმეორებ. რეალურად, ლიპარტიასა და კლიმიაშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელებთან მოლაპარაკება არც გვქონია".

როგორც დავადგინეთ, "ტორპედო" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში უცხოელების ჩამოყვანას აღარ აპირებს.

"უცხოელების ჩამოყვანას მართლაც ვფიქრობდით, აფრიკელი მოთამაშეებიც შევარჩიეთ და მათი გასასინჯად მოწვევაც გვსურდა, მაგრამ საბოლოოდ ჩანაფიქრზე ხელი ავიღეთ. რატომ? ზაფხულამდე "ტორპედოს" ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ბაზა შერემონტდება და ფინანსური ნაკადი ამ საჭიროებას მოხმარდება. მშენებლობები მაისისთვის დასრულდება და უცხოელებით გაძლიერებას ამ დროისთვის ვაპირებთ. ახლა კი ქართველ ფეხბურთელებს დავჯერდებით. ვფიქრობ, წლეულს დასახული მიზნების მიღწევას ქართველი ფეხბურთელებითაც შევძლებთ", - გვითხრა ყენიამ.

შევიტყვეთ ისიც, რომ გელა სანაიას, რომელმაც უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მოტივით თქვა"ტორპედოში" მუშაობაზე უარი, მთავარ მწვრთნელობას არ სთავაზობდნენ. ინფორმაცია სანაიასთან გადავამოწმეთ.

"ჩემთვის გასახარი იყო "ტორპედოს" ხელმძღვანელთა ყურადღება, მაგრამ ქუთაისში მთავარ მწვრთნელობას არ მთავაზობდნენ. ლაპარაკი იყო ტექნიკურ საკითხებში და კლუბის საფეხბურთო აკადემიასთან თანამშრომლობაზე. მე კი სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. ახლა ფედერაციიდან რეკომენდაციას ველოდები და, თუ რაიმე სერიოზული წინადადება არ გამოჩნდა, კიევში პროლიცენზიის ასაღებად გავემგზავრები. ახლა თუ ვერ შევძელი, ზაფხულში აუცილებლად წავალ. მწვრთნელს ყოველდღიური სწავლა სჭირდება, მე კი ერთ ადგილზე გაჩერება არ მსურს", - გვითხრა სანაიამ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული