დომინოს პრინციპი - ოლიმპის დაფინანსებაც იზრდება

AutoSharing Option
ზაზა ნინუა სამტრედიელი გულშემატკივარია, ფეხბურთით ცხოვრობს, მისი ფიქრი, ტკივილი და სიხარული "სამტრედია", ქართული ფეხბურთი და ეროვნული ნაკრებია. რედაქციებსა თუ ტელეგადაცემებში მისი ზარები ხშირად ისმის.

სუპერთასის მატჩის შემდეგ ტრადიცია არ დაურღვევია და თამაშისას მეგობრების წრეში ხუმრობით ნათქვამი გადმოგვცა - სუპერთასს თბილისში რომ დაესწრო, იმდენი ხალხი სამტრედიაში პანაშვიდზე დადისო.

მართალია ეს კაცი, თბილისურ კლუბებს მაყურებელი კატასტროფულად აკლია. უფრო სწორად, თითქმის არ ჰყავს - "დინამოს" კიდევ რა უჭირს, "გლადიატორები" წლების წინ ჩამოყალიბდა და ქართველ ფანებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. "ვიტ ჯორჯიას", "ლოკომოტივს" და "გაგრას"
(მაინც თბილისურ კლუბად ითვლება) კი გულშემატკივართა ორგანიზებული ფანკლუბი, ფაქტობრივად, არც ჰყავთ. ეს იმ დროს, როდესაც საბჭოთა პერიოდში თბილისის "დინამოს" მთელ იმპერიაში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, დუბლების მატჩებზე კი 35 ათასი კაცი კატასტროფულ მაჩვენებლად ითვლებოდა.

ახლა მცირედი იმედი ჩნდება, რომ ვითარება ოდნავ მაინც შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონის, რომან ფიფიას დაპირებები, მისი მოსვლის შემდეგ დაწყებული პროცესები ამისკენ გვიბიძგებს და, გვინდა, ვირწმუნოთ, რომ ეს იმედი ილუზია არ არის.

თბილისის "დინამოში" რომან ფიფია დიდი ამბიციებით გამოჩნდა, რაც ფეხბურთელებთან შეხვედრისას ილაპარაკა:

1 - "დინამომ" საქართველოში ფინანსურად ყველაზე ძლიერი კლუბის მდგომარეობა უნდა დაიბრუნოს.
2 - გუნდის რადიკალური შეცვლა-გაძლიერების მიზნით, ფიფია სოლიდური თანხის დახარჯვას აპირებს.
3 - უახლოეს პერიოდში საქართველოს ცამეტგზის ჩემპიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება - ბევრს დაემშვიდობებიან, ბევრს მიიწვევენ.
4 - გარემონტდება დიღმის საწვრთნელი ბაზა, რომელიც ბოლო დროს ფინანსური პრობლემების გამო მნიშვნელოვნად შეილახა.
5 - ამ ყველაფრის შემდეგ, "დინამოში" მისულ ბიზნესმენს სურს, რომ გულშემატკივრისთვის საოცნებო "დინამოს" კონტურები ჩამოაყალიბოს.

რომან ფიფიამ თავი გილიოტინაში გაჰყო - თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობა მძიმე ჯვარია, რასაც ბოლო წლების ისტორია ადასტურებს - ეს არის უმადური და უმძიმესი საქმე, რადგან გულშემატკივარი მხოლოდ "13 მაისს" აღიარებს, შიგნით არსებული პრობლემები კი არ აინტერესებს. ბუბა ტყავაძეს მის ხელთ არსებული ფინანსებით და შემადგენლობით იმავე შედეგებისთვის სხვა კლუბში რომ მიეღწია, ძეგლს დაუდგამდნენ, მაგრამ "დინამოს" მუდმივად ჩემპიონობას სთხოვენ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ფული და არიან თუ არა ფეხბურთელები.

სეზონი დასრულდა და მალე "დინამოს" ახალი ტექნიკურ დირექტორი მურთაზ შელია და მთავარ მწვრთნელად დაბრუნებული კახა კაჭარავა მოსაწვევ ფეხბურთელებზე დაილაპარაკებენ. ერთ-ერთი შესაძლო ნამატი, შესაძლოა, თბილისის "დინამოდან" ცხინვალის "სპარტაკში" გადასული ვალერი ბოლქვაძე იყოს. მართალია, ცხინვალელებმა მასთან ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, მაგრამ ახალგაზრდა ფლეიმეიკერი ბოლქვაძე შელიას ფავორიტია და მის წაყვანას შეეცდება - "სიგნალი" უკვე მოგვივიდა.

და რა შუაშია თავში ნახსენები ვითარების შეცვლის იმედი? ფიფიას "დინამოში" მისვლის შემდეგ რუსთავის "ოლიმპის" მეპატრონე ჯოზეფ კეიმ განაცხადა, რომ "გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება. ქართული ფეხბურთი იქნება აბსოლუტურად განახლებული და ბევრ ადამიანს განაცვიფრებს".

კეის არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ჩვენი წყაროებით შევიტყვეთ, რომ "ოლიმპის" ახალი მეპატრონე კლუბის დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს, რათა რუსთავულმა კლუბმა თბილისის "დინამოს" კონკურენცია გაუწიოს და კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. სახელის გადარქმევისგან განსხვავებით, ეს უდავოდ მოსაწონი საქმეა - "ოლიმპის" გაძლიერება მხოლოდ გაგვახარებს და ამას მოვუწონებთ. ამ ყველაფერს ხელს ის უწყობს, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში ვითარება მკვეთრად გამოსწორდა და კლუბისთვის მოიცალეს.

სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ თბილისის "დინამოში" მისვლამდე რომან ფიფიას რუსთავის "ოლიმპის" შეძენა სურდა. რატომ ვერ შეთანხმდა კლუბის ამჟამინდელ მეპატრონეებთან, ჩვენთვის უცნობია. თუმცა ამ ფაქტმა განამტკიცა აზრი, რომ ფიფიას კლუბი "ზემოდან დავალებით" კი არ შეუძენია, არამედ ეს მისი დიდი სურვილი იყო.

შეუძლებელია, "დინამოს" ამბიციამ არ გადაკვეთოს "ზესტაფონისა", რომელიც დღეისთვის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კლუბია - ილია კოკაია 2010/11 წლების სეზონში 3,9 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს. თუმცა კონკურენტის გაძლიერება-გამდიდრება, ვფიქრობთ, "ზესტაფონის" ბიუჯეტზეც აისახება, ისევე, როგორც ქუთაისის "ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიასაზე". ეს არის პროცესი, სადაც ყველა კლუბი ერთმანეთზეა დამოკიდებული და თუ კონკურენტები ერთმანეთს ანგარიშს არ გაუწევენ, ლიდერთა ჯგუფს ავტომატურად ჩამოსცილდებიან.

ეს არ არის ზღაპარი: როდესაც ქართულ საფეხბურთო და მედიასივრცეში ბადრი პატარკაციშვილი გამოჩნდა, კონკურენტ კლუბებსა და მედიასაშუალებებშიც (ტელევიზიებში, გაზეთებში) რადიკალურად გაზარდეს ბიუჯეტი. ეს ცხოვრების კანონია, რასაც ფიზიკაში ნიუტონმა "ქმედება უდრის უკუქმედებას" უწოდა. სამყაროში აბსოლუტურად დამოუკიდებელი ერთეული არ არსებობს, მით უფრო, ფეხბურთში, სადაც მძაფრი კონკურენციაა. პატარკაციშვილი "დინამოს" რომ დაეპატრონა, სწორედ მაშინ გამოჩნდა ილია კოკაიას ამბიციური "ზესტაფონი" და ოდესღაც თბილისელთათვის საყვარელი "თბილისი", რომლის ბიუჯეტიც დღევანდელი უმაღლესი ლიგის შვიდი გუნდისთვის სანატრელია.

ასე იყო თავის დროზე უკრაინასა და რუსეთშიც: უკრაინაში მხოლოდ ორი მდიდარი კლუბი იყო, კიევის "დინამო" და დონეცკის "შახტარი", მაგრამ ეს განვითარებისთვის არასაკმარისი იყო. თუმცა შემდეგ ლიდერებმა დაფინანსება გაზარდეს და სხვებმაც ძალაუნებურად მიბაძეს. ასე აიწია საერთო დაფინანსების მაჩვენებელმა. ეს ლოგიკურიც არის - ელიტის მდგომარეობა ბევრს განსაზღვრავს. ლიდერების დაწევის სურვილი ნებისმიერი კლუბის მოტივაციას ზრდის.

იმედია, რომან ფიფიას ქართულ ფეხბურთში მოსვლა ჩვენს იმედებს გაამართლებს და მომავალი წლის სუპერთასს მაინც დაესწრება სამტრედიულ პანაშვიდზე მეტი ადამიანი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამოს რა უჭირსიო რამ დაგაწერიათ. გულ\სემატკივრებზე ვამბობ. რა ვიტელეს 50 კაცი ყავტ ბალელშიკი თამაშებზე და დინამოს 300 კაცი. ???!!! დინამოს თამაშებზე რო ხალხი დადის მთელ სეზონის მანძილზე იმდენი ტორპედოზე 1 თამაშში მოდის. კი არ ვხურობ ასეა დაითვალეთ და ნახავთ
vaxo
11:38 23-12-2010
0
ნეტა გაივსეობოდს მარა პატარა სა,მტრედიას და პატარა ქუთაისს (თბილისთან შედარებით) მაინც ვერ აჯობებს დასწრებით დინამო რაც არ უნდა გაძლიერდეს. აი ნახავთ რა იმიტო რო კიდიათ თბილისლებს დინამო. 300 კაცი ხოა ეხა მაქსიმუმ 1500 ან 2000 გახდეს
vaxo
11:42 23-12-2010
0

სიახლეები პოპულარული