ქართული სატრანსფერო მიდი-მოდი

AutoSharing Option
ჩვენთან საფეხბურთო 2010 წელი კი დასრულდა, მაგრამ ვიდრე ჩემპიონატი განახლდება, ფეხბურთის მოყვარულებს მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ. XXII ჩემპიონატის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, 12 თებერვალს დაიწყება, თუმცა მანამდე არაერთი საინტერესო მოვლენა გველოდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთ თვეში ხომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია; ამას გარდა ჩვენი უპირველესი გუნდი, ალბათ, კვლავაც შეეცდება შთამბეჭდავი წაუგებელი სერიის გაგრძელებას - 9 თებერვალს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრებს წაესპარინგება.

არანაკლებ ინტერესს იწვევს ქართული სატრანსფერო კამპანიაც, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად საკმაოდ ადრე რომ დაიწყო. თავად განსაჯეთ:
გუნდების უმრავლესობამ სეზონი ერთი კვირის წინ დაამთავრა, მაგრამ მწვრთნელებსა თუ კლუბების ხელმძღვანელებს დღესდღეობით ბევრად უფრო დიდი თავსატეხი აქვთ, ვიდრე საახალწლო-სადღესასწაულო სამზადისი. ერთის მხრივ, არც გაემტყუნებათ: ჩვენთან ხომ ყველაფელი "დასწრებაზეა"; ჰოდა, თავისი გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელის გადაბირებისთვის "ფეხს თუ აითრევენ", ან, საკლუბო ბიუჯეტში დამატებით თანხას არ მოიძიებენ, მაშინ უკვე სასურველი მოთამაშე კონკურენტს დარჩება. არ გაგეცინოთ: ქართულ სატრანსფერო ბაზარზეც მოიძებნებიან ისეთი ფეხბურთელები, ერთდროულად რამდენიმე კლუბი რომ არის დაინტერესებული მათი შეძენით.

კიდევ ვიმეორებთ: სატრანსფერო ბაზარზე მსგავსი ნაადრევი გააქტიურება, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ მოსჩანს, მაგრამ გვინდა, არ გვინდა, მეტ-ნაკლებად დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. ისე როგორც ის ფაქტი, რომ უმაღღესი ლიგის გუნდების უმრავლესობა მეორე ეტაპისათვის მზადებას ახალ წლამდე იწყებს - სავარაუდოდ, 25-27 დეკემბერს. ამის მერე, ფეხბურთელებს ორი-სამი დღით დაითხოვენ და 3 იანვრიდან უკვე გამალებული მზადებაც დაიწყება. რომელ გუნდსაც ამის საშუალება აქვს, უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრება (ასეთი, ალბათ, ორი-სამი კლუბი თუ იქნება), ზოგი საქართველოს შავიზღვისპირეთში გაემგზავრება (ამ შემთხვევაშიც, ორ-სამ კლუბზეა ლაპარაკი); დანარჩენი კი, "ტრადიციული" და სამწუხარო რეალობის წინაშე დადგება - მეორე ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რომ შეაკოწიწებს ძირითად შემადგენლობას, მერე დაპირებული სპონსორების იმედად იქნება და ვინ იცის, ასეთი "მწარე სინამდვილის" მიუხედავად, უმაღლესში ადგილის შენარჩუნება მაინც შესძლოს.

აქვე, არცთუ უმნიშვნელო ნიუანსიც: დაახლოებით ერთი კვირაა, ქართული საფეხბურთო საზოგადოების კულუარებში უფრო და უფრო ხშირად ისმის ხმები იმის თაობაზე, რომ სეზონის ბოლოს უმაღლესი ლიგიდან არც ერთი გუნდი არ გავარდება! ამ "ნოვატორული" იდეის ავტორებს (უფრო ზუსტად, "შემომგდებთ") ეგრეთ წოდებული არგუმენტიც მზად აქვთ: აქაოდა, ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებია და, აქედან გამომდინარე, ფინანსურად თუ სპორტულად შეჭირვებულ გუნდებს, შესაძლოა "საფეხბურთო ამნისტიაც" შეეხოთო.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ დღესდღეობით ყველაზე არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა იმ გუნდებს აქვთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში უმაღლეს ლიგაში რომელთა დაბრუნებასაც ყველა დიდი ზარ-ზეიმით შევხვდით. ასეც უნდა ყოფილიყო: ბოლოს და ბოლოს, ისეთ ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქებში, როგორიცაა ზუგდიდი, ფოთი და სამტრედია, უმაღლესი ლიგის მატჩები ნამდვილად უნდა ჩატარებულიყო. ეგ კი არა, სრულიად ბუნებრივი მოლოდინიც გვქონდა, რომ "ბაიას" (იგივე "მგლების"), "სამტრედიისა" და "კოლხეთის" მაგალითს სხვა გუნდებიც მიბაძავდნენ და ამათზე ბევრად ტიტულოვანი "ბათუმი" და "გურია" ლამის 2011 წლისთვისვე უმაღლესში "გადმოვიყვანეთ".

ისე, ცნობისათვის: სეზონის დასაწყისიდან პირველი ეტაპის ბოლომდე შეუცვლელად მხოლოდ ხუთმა მწვრთნელმა იმუშავა (გია გეგუჩაძე, მერაბ კოჭლაშვილი, გელა სანაია, გიორგი ყიფიანი, ელგუჯა ქომეთიანი); თანაც, აქედან ერთი უკვე ოფიციალურად დაემშვიდობა თავის ყოფილ კლუბს - ბოლო ორი სეზონის განმავლობაში პერსპექტიული და კვალიფიციურ მწვრთნელად ჩამოყალიბებულმა გელა სანაიამ "სამტრედიიდან" წამოსვლა გადაწყვიტა. ეგ კი არა, 12 თებერვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, და, სულ მცირე, სამი-ოთხ გუნდში რომ გარკვეული სამწვრთნელო გადაადგილებები ვიხილოთ, არც ის გაგვიკვირდეს. აღარაფერს ვამბობთ ბოლო წლებში დამკვიდრებულ მართლაც "ჭეშმარიტად ქართულ" სატრანსფერო ჩვეულებაზეც: როცა ერთი და იგივე ფეხბურთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით სამი-ოთხ გუნდს მოივლის და საბოლოოდ კი, მეხუთეში აღმოჩნდება. ოღონდ, ამ შემთხვევაში "აუცილებელი პირობაც" არ დაავიწყდებათ: თურმე, წინა სამი-ოთხი გუნდი იმიტომ დაიწუნა, რომ პირობებმა არ დააკმაყოფილა.

ვატყობთ, რომ ეს უკვე აშკარად სულ სხვა თემაზე "გადავერთეთ"; კონკრეტულად კი, ჩვენი გაზეთის კიდევ ერთ ტრადიციულ რუბრიკაზე ("სიცრუის დეტექტორი"), სწორედ სატრანსფერო კამპანიის დროს რომ ხდება აქტუალურზე-აქტუალური. ჰო, როგორ გგონიათ, მხოლოდ უცხოურ კლუბებში დაწუნებული ქართველი ფეხბურთელები გვიყვებიან სამშობლოში დაბრუნებულნი სატრანსფერო ზღაპრებს? ნურას უკაცრავად, აქაც არაერთი შემთხვევა ყოფილა და სამწუხაროდ, წინაც არაერთი "ადგილობრივი მასშტაბის" სატრანსფერო ზღაპარი გველოდება.

2010 წლის ბოლომდე, ალბათ, ერთხელ კიდევ შემოგთავაზებთ ქართულ "სატრანსფერო მიდი-მოდის" და იმედი დავიტოვოთ, რომ იმ დროისთვის მხოლოდ კონკრეტულ სიახლეებზე გვექნება საუბარი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული