აქტიურობა დაუფასდებათ

AutoSharing Option
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ "სპარტაკი" სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე კი დარჩა, მაგრამ ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ბოლო ტურებში თამაშის ხარისხიც გააუმჯობესა და რაც მთავარია, უშუალო კონკურენტებთან სხვაობაც შეამცირა. ყოველივე აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”სპარტაკს” უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მშვენიერი შანსი აქვს.

ახლა გუნდი შვებულებაშია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები თუ სამწვრთნელო შტაბი აქტიურ სატრანსფერო კამპანიას აწარმოებენ და თავიანთთვის სასურველ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებსაც მართავენ. პოტენციურ ახალწვეულთა ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება, სამაგიეროდ ”სპარტაკი” იყო ერთ-ერთი პირველი გუნდი, წამსვლელთა ვინაობა ოფიციალურად რომ გამოაცხადა. ამ რამდენიმე დღის
წინათ უკვე გაუწყეთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ 11 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა; ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამათგან თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ძირითადში თამაში არ უწევდა და აი, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ”სპარტაკიდან” კიდევ ორი ფეხბურთელი წავიდა - ნიკოლოზ მაისურაძე და შოთა კაშია.

მაისურაძე, ასე ვთქვათ, ძირძველი ”სპარტაკელია” და თანაგუნდელებს შორის ყველაზე ადრე სწორედ ის ჩაირიცხა ამ გუნდში. ამ სეზონამდე ძირითადის უცვლელ წევრადაც მიიჩნეოდა (ერთი პერიოდი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატიც იყო), მაგრამ ბოლო დროს 21 წლის მარცხენაფლანგელს ძირითად შემადგენლობაში არცთუ ხშირად ათამაშებდნენ (ამ სეზონში მაისურაძემ მხოლოდ შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა). აი, რაც შეეხება შოთა კაშიას, 26 წლის ფეხბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში ”დინამოს” ერთგული იყო, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდიდან წამოსვლა მოუწია. კაშია ”სპარტაკის” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და არავისთვის იყო შემთხვევითი, რომ გუნდის მიერ ჩატარებულ 18-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი). კაშიას მსურველები არ აკლია და ალბათ, სულ მალე გაირკვევა კიდეც მისი მომავალი გუნდის ვინაობა.

”სპარტაკში” სხვა სიახლებიცაა: ქუთაისის ”ტორპედოში” გადასული დავით გვარამაძის ნაცვლად მეკარეების მწვრთნელად არჩილ ღურწკაია იმუშავებს, ხოლო დუბლშემადგენლობის ერთ-ერთ მწვრთნელად კი - დავით ჭიჭვეიშვილი. ეს უკანასკნელი ქართული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანია და თავისი შთამბეჭდავი საკლუბო კარიერა სულ ახლახანს დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ჭიჭვეიშვილს სამი სხვადასხვა გუნდის (”დინამო”, ”სიონი”, ”ოლიმპი”) შემადგენლობაში აქვს მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ კვლავ "სპარტაკში" რჩება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვალერი ბოლქვაძე; არადა, ამ ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენით არაერთი კლუბია დაინტერესებული.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული