ცხადია, ახალი მეპატრონისა და ახალი ხელმძღვანელების მისვლა "დინამოში" გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. როგორც შევიტყვეთ, მწვრთნელები და დიღმის ბაზის ყველა თანამშრომელი გააფრთხილეს, რომ წასვლაზე განცხადება დაეწერათ - ეს კლუბისა და ბაზის
ჯერ უცნობია, რა საკადრო ცვლილებები იქნება კლუბში. ვალერი ბოლქვაძის "დინამოში" გადასვლას ცხინვალის "სპარტაკი" კატეგორიულად უარყოფს. ლაპარაკია ლენქორანის "ხაზარის" მიერ ტრანსფერზე დაყენებული დავით იმედაშვილის შესყიდვაზე.
ამას გარდა, გვითხრეს, რომ მურთაზ შელია რუმინული კლუბის, "გაზ-მეთანის" ცენტრალურ მცველ ირაკლი ხუბუტიას შეხვდა და "დინამო" მზადაა მის გამოსასყიდად რუმინულ კლუბს 300 ათასი დოლარი გადაუხადოს. თუმცა თავად ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ჯერ კლუბის შეცვლას არ აპირებს.
"მურთაზ შელიას მართლაც შევხვდი, მაგრამ ეს "დინამოში" ჩემ გადასვლას არ უკავშირდებოდა. "გაზ-მეთანი" ჩემში 400 ათას ევროს ითხოვს და არა მგონია, ეს თანხა საქართველოს რომელიმე კლუბმა გადაიხადოს. მერწმუნეთ, არაფერს ვმალავ, მე და შელიამ სხვა საკითხებზე ვილაპარაკეთ, რაც ტრანსფერს არ ეხებოდა. შემოთავაზებები მაქვს საბერძნეთის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის კლუბებისგან, მაგრამ ახლა დაკონკრეტება არ მსურს, მხოლოდ საბერძნეთზე შემიძლია გითხრათ, რომ აეკ-სა და პაოკ-ზეა ლაპარაკი. ამის მიუხედავად, ყველა დაინტერესებულ კლუბს ვუთხარი, რომ მაისამდე, ანუ სეზონის დასრულებამდე "გაზ-მეთანიდან" წასვლას არ ვაპირებ. მინდა, ჯერ რუმინეთში მქონდეს რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა, იქ კი მენდობიან, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვარ და ევროპის ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით.
თუ უფრო სერიოზული მიწვევა არ მექნება, კლუბს არ შევიცვლი. ახლა ბუქარესტის "რაპიდთან" მეოთხე-მეხუთე ადგილებს ვიყოფთ და კლუბით და რუმინეთის ჩემპიონატით კმაყოფილი ვარ. არა მგონია, რუმინეთში უკრაინაზე ნაკლები დონის ჩემპიონატი იყოს. მართალია, ფინანსურად რუმინეთი უკრაინასა და რუსეთს ვერ შეედრება, მაგრამ იქაურს ცუდიც არ ეთქმის და ამ ეტაპზე ჩემთვის მისაღებია. ცხადია, ევროპული კლუბების დაინტერესებაზე ნაკრებში ჩემმა მიწვევამაც იქონია გავლენა. ეროვნულ გუნდში თამაში ფეხბურთელისთვის ერთგვარი კოზირია", - გვითხრა ხუბუტიამ.
"დინამოში" ახალი ფეხბურთელების მიყვანა ძველი შემადგენლობის დაფერთხვას ნიშნავს, ზოგი კი თავად აპირებს კლუბის შეცვლას. მაგალითად, კამერუნელი თავდამსხმელი დონალდ ჯუსი.
მისი მენეჯერი უკვე მესამე თვეა, ესპანეთისა და საფრანგეთის კლუბებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რასაც ჯუსის სანაკრებო სტატისტიკაც ხელს უწყობს - გასულ წელს აფრიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კამერუნის 21-წლამდელთა გუნდში "დინამოს" ფორვარდმა ორი შეხვედრა ჩაატარა, კამერუნის ფორმით თამაში კი ტრანსფერს აადვილებს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ჯუსის მენეჯერი მიხეილ ხუციშვილი ამბობს, რომ დინამოელის ევროპაში წასვლის შანსი 50/50-ზეა:"ახლა პასუხს ველოდებით, მოლაპარაკება ესპანურ და ფრანგულ კლუბებთან გვაქვს. დაინტერესება არის, მაგრამ ჯერ ყველა საკითხი არ გარკვეულა. დღევანდელი გადასახედიდან, ჯუსის საფრანგეთში გაშვება უფრო რეალური მგონია".
თუმცა ჯერ უცნობია, კლუბის ახალი მეპატრონე ისურვებს იმ ფეხბურთელის გაშვებას, რომელიც შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ობიექტია.
სხვათა შორის, ჯუსი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ მას საერთაშორისო ინტერნეტ-პორტალებზე საქართველოს მოქალაქედ ასახელებენ.
"ქართული პასპორტი არ ამიღია. თუმცა მითხრეს, რომ პრესაში ასე ეწერა და როდესაც იგივე ინფორმაცია "სოკერვეიზე" ჩემს "სივიზე" ვნახე, გამიკვირდა. საქართველოს ნაკრებში მიწვევას სიამოვნებით დავთანხმდებოდი, მაგრამ კამერუნის მოქალაქე ვარ და ამ ქვეყნის სახელით აფრიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ვითამაშე. თუმცა, ვიმეორებ, საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარ, რადგან ევროპაში აფრიკული ქვეყნების მოქალაქეები საკმაოდ ბევრ პრობლემას ვაწყდებით. საქართველოდან კი ბევრად იოლია წასვლა", - გვითხრა ჯუსმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"