კოლხეთი-დილა 0:1 - შინ არ წავაგებდითო [VIDEO]

AutoSharing Option
"ასეა, როცა საკუთარ მოედანზე არ თამაშობ და ყველა თამაშს, ფაქტობრივად, გასვლაზე ატარებ. ფოთში ასეთ თამაშს არ წავაგებდით", - გვითხრა ნამატჩევს კოლხთა თავკაცმა ზაზა ინაშვილმა და მართალია, მსაჯობაზე სიტყვაც არ დაუძრავს, სავარაუდოდ, ნათქვამში ის ეპიზოდიც იგულისხმა, მატჩის ბოლო წამებზე მისი გუნდისთვის ქულის გადამრჩენი რომ შეიძლებოდა, გამხდარიყო.

მისი გუნდი მეორედ ითხოვდა 11-მეტრიანს, აქაოდა, სტუმარმა მცველმა ხელით ითამაშაო, მაგრამ მატჩის არბიტრმა ნომინალური მასპინძლები შეტევაში იქით დააჯარიმა, ისევე, როგორც 69-ე წუთზე, რაც გაცილებით ძვირად დაუჯდათ ფოთელებს - თამაზ ჟიშკარიანმა სიმულაციისთვის მეორე ყვითელი მიიღო და
მისი გუნდი გადამწყვეტი შეტევების წინ კაცნაკლული დარჩა.

ორივე ეპიზოდში ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ არბიტრი მართალი გახლდათ, თუმცა მწვრთნელის გულისტკივილშიც არის სიმართლის გვარიანი დოზა.

ამ ორი ეპიზოდის გარდა, კოლხებს რეალური ხიფათი არც შეუქმნიათ (ერთხელაც დათა სიჭინავას მცველმა და მეკარემ ჯარიმის ზღვარზე არ მისცეს დარტყმის საშუალება და მისი თანაგუნდელების შორეულ დარტყმებს თუ არ ჩავთვლით) და ყველას გასაკვირად, წინა ტურების მსგავსად, გუნდმა ბრძოლისუნარიანობა დიდად ვერ გამოავლინა.

თუ "კოლხეთი" ქულას გადაარჩენდა, ეს "დილას" ბრალი იქნებოდა და ბოლოსკენ სტუმრები კინაღამ მაშინ დაისაჯნენ, როცა საჯარიმოსთან ჯარიმა "აიკიდეს" (კოლხებმა საჩუქარი ვერ გამოიყენეს), რითაც დისკვალიფიცირებული და ტრიბუნაზე მყოფი უჩა სოსიაშვილი გვარიანად ანერვიულეს.

სხვა მხრივ, ხიფათებს მხოლოდ "დილა" ქმნიდა: მათგან გამორჩეული გიორგი სეთურიძის მიერ ჩაწოდებული ორი კუთხური იყო - ირაკლი მოდებაძესა და გურამ ადამაძეს ხელს არავინ უშლიდათ, მაგრამ მათი თავურები უშედეგო გამოდგა; რომან ახალკაცის პასით მოდებაძეს, ხოლო მოდებაძის პასით შეცვლაზე შესულ ნიკოლოზ სადაღაშვილს ჩინებული შანსები მიეცათ, მაგრამ ორივეს მეკარემ აჯობა; ერთი შანსი, ალბათ, მატჩის, საუკეთესო მოთამაშე ნიკა კვეკვესკირსაც მიეცა...

ერთადერთი გოლი კი სეთურიძე-ახალკაცი-სეთურიძის სამსვლიან კომბინაციას მოჰყვა, რომელიც ამ უკანასკნელმა მეკარისგან დაუცველ კუთხეში გამიზნული დარტყმით დაასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"რთული თამაში გვქონდა. ასეთ მოედანზე ბურთის გაგორება ჭირს და, შესაბამისად, კომბინაციური თამაში ძნელია. დიდი მადლობა ბიჭებს მონდომებისთვის. ასევე, დიდი მადლობა მეტოქეს კორექტული თამაშისთვის", - თქვა ნამატჩევს "დილას" ფიზმომზადების მწვრთნელმა მილოვან მატიასევიჩმა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
07.11. ლანჩხუთი. "ევგ. შევარდნაძე". 300 მაყურებელი
კოლხეთი-დილა 0:1
გოლი: 0:1 სეთურიძე (55. ახალკაცის პასით)
კოლხეთი (4-1-4-1): სეფიაშვილი - თ. კაკულია (60. ნ. სიჭინავა), ჩადუნელი, ფარულავა, ლემონჯავა - გოგონაია - გ. კილასონია, დ. სიჭინავა (80. ლ. კაკულია), გუგუჩია (72. ამბროლაძე), ჟიშკარიანი - შ. ჯიქია.
სათადარიგოები: ძაგანია, თევზაძე, ბარამიძე, გაბისკირია
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
დილა (4-4-2): შეყრილაძე - ხურცილავა, ადამაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე - სეთურიძე (75. სადაღაშვილი), ფალავანდიშვილი, ნ. კვეკვესკირი (93. ჭეჭელაშვილი), წიქარიძე - ახალკაცი (82. ერისთავი), მოდებაძე.
სათადარიგოები: ზარქუა, ბაჩიაშვილი, გ. ბერიძე, ბუზალაძე
მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი
გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (24), გუგუჩია (27), ჟიშკარიანი (39, 67), წიქარიძე (69), ფალავანდიშვილი (84)
გაძევება: ჟიშკარიანი (67)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 9
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 6
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 6
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
17 ნოემბერი, ორშაბათი
დილა-კოლხეთი (ფ)
დინამო (ბთ)-სამტრედია
მერანი-ტორპედო
ვიტ ჯორჯია-სიონი
ზუგდიდი-მეტალურგი
ჩიხურა-ზესტაფონი
სპარტაკი-საპოვნელა

18 ნოემბერი, სამშაბათი
შუქურა-დინამო (თბ)

უმაღლესი ლიგა. XIII ტური
21 ნოემბერი, პარასკევი
დილა-სამტრედია
მერანი-კოლხეთი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-სიონი

22 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-დინამო (თბ)
ტორპედო-ზესტაფონი
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-შუქურა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაან დაბალი დონეა
paata xuchua
15:18 11-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული