სპარტაკი-შუქურა 1:0 - სამეული და შუქი გვირაბის ბოლოს

AutoSharing Option
"შუქურასთან" საშინაო გამარჯვების შემდეგ ცხინვალის "სპარტაკი" სამეულში დამკვიდრდა, რაც უდავოდ დიდი წარმატება უნდა იყოს კახა კაჭარავას ახალგაზრდული გუნდისთვის. წაგების მიუხედავად, "შუქურაც" არ უნდა შეურიგდეს ბედს. ზღვისპირელებს, უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვის ხელმძღვანელობით, პროგრესი უკვე ეტყობათ.

თამაში "სპარტაკის" იერიშებით დაიწყო. ცოტა ხანში "შუქურაც" გააქტიურდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. რამდენიმე იოლი ბურთი მეკარეებმა დაინადავლეს - პირველ ოც წუთში სულ ეს იყო.

22-ე წუთზე პირველი საგოლე მომენტიც შეიქმნა. გივი იოსელიანი გადმოვარდნილ ბურთს ჩაუსაფრდა და ძლიერად დაჰკრა - "შუქურას" მეკარე აზამატ ჯიოევი მოწოდების სიმაღლეზე
აღმოჩნდა.

თორმეტ წუთში "შუქურას" ხუთი მცველიდან ერთი - ლაშა კალანდაძე შეტევაში ჩაერთო და "მაკრატელა" დარტყმით მახვილი კუთხიდან გატანა სცადა. ეპიზოდი ისეთი იყო, სანახაობას დანატრებულ გულშემატკივარს სკამიდან წამოახტუნებდა, გოლი კი არ გავიდა.

ერთ წუთში ჯიოევი უპატიებლად გაერთო ბურთის ტარებაში და საჯარიმოს მისადგომებთან თამაშის წესი დაარღვია. იმ ჯარიმას არაფერი მოჰყოლია, "სპარტაკის" შეტევა კი გოლით გაგრძელდა. გიორგი კაჭკაჭიშვილმა საჯარიმოში ჩააბრუნა ბურთი, რომელიც ლაშა შინდაგორიძემ მიიღო და მახვილი კუთხიდან შორეულ კუთხეში "დააჭედა".

პირველ ტაიმში მეტი არაფერი მომხდარა. ფაქტი იყო, გუნდებმა ძალები მეორე ნახევრისთვის შემოინახეს. აქედანვე უნდა ვთქვათ, რომ მეორე ტაიმმა მოლოდინი სრულად გაამართლა.

51-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში გიორგი ჩელებაძე წაიქცა. საეჭვო ეპიზოდი იყო, თუმცა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა თამაშის გაგრძელება ბრძანა და ჩელებაძე სიმულაციისთვის გააფრთხილა.

ზუსტად ექვს წუთში "შუქურამ" 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მაინც მოიპოვა. იოსელიანთან ბრძოლაში "სპარტაკის" საჯარიმო მოედანში არჩილ ტვილდიანი წაიქცა. ცოდვა გამხელილი სჯობს და, პირველი ეპიზოდი უფრო ჰგავდა წესების დარღვევას, თუმცა მსაჯმა სხვაგვარად განსაჯა.

როგორც ჩანს, შვილი მამის კვალზე ვერ მიდის - გიორგი ჩელებაძემ არაზუსტად შეასრულა პენალტი. მამამისი, რევაზ ჩელებაძე, ვინც "შუქურას" მეოხია და მატჩს ტრიბუნიდან უცქერდა, 11-მეტრიანებს სხვანაირად ურტყამდა...

"შუქურას" ყურები არ ჩამოუყრია. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე იმავე ჩელებაძეს გოლის გატანის კიდევ ერთი შესანიშნავი შანსი მიეცა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი გიორგი ნადირაძის ნადავლი გახდა.

"შუქურა" განუწყვეტლივ ფლობდა ბურთს. შეტევას შეტევა ენაცვლებოდა. ქობულეთელთა თამაშში ცოტა მეტი აზრი, სინატიფე და სათამაშო აგრესია რომ ყოფილიყო, ისინი აუცილებლად გაიტანდნენ გამათანაბრებელ გოლს, მაგრამ ასე არ მოხდა.

ის კი არა, სპარტაკელთა ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევა კინაღამ გოლით დასრულდა. ნიკა კაჭარავამ დროულად უპასა შეტევაში ჩართულ გიორგი ივანიშვილს, რომლის უძლიერეს დარტყმას მეკარე ჯიოევი გაუმკლავდა.

"შუქურამ" საფინალო შტურმის მოწყობა სცადა და გარკვეულწილად, ეს შეძლო კიდეც, მაგრამ საწადელს ვერ ეწია - შინ ქულა ვერ გაიყოლა. "სპარტაკმა" კი სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ერთიც უნდა ვთქვათ - მთელი მატჩის განმავლობაში "შუქურას" ზეაქტიურად ამხნევებდნენ მისი ფანები. როგორც გავარკვიეთ, ფანკლუბს სახელად "ვიკინგები" ჰქვია. ამ ბიჭებს მადლობის მეტი რა ეთქმით, მაგრამ აბა, სად ქობულეთი და სად... ისტორიული ვიკინგები?!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
22.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ. მოედანი)
სპარტაკი-შუქურა 1:0
გოლი:1:0 შინდაგორიძე (36)
სპარტაკი (4-5-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, ქემოკლიძე, იოსელიანი - ივანიშვილი, მახარობლიძე (90. მაისაშვილი), გიგაური, შინდაგორიძე (86. ლექვთაძე), თექთურმანიძე (79. ბურძენაძე) - კაჭარავა.
სათადარიგოები: ნანიევი, სეფიაშვილი, ქოჩლაძე, მაქაცარია
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
შუქურა (5-4-1): ჯიოევი - ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, კალანდაძე (88. მესხი), ტვილდიანი - ჩელებაძე, ლობე, კუხიანიძე, კომახიძე (78. კოპალიანი) - მეტრეველი.
სათადარიგოები: კაკალაძე, ტაკიძე, გონსალესი, ბერუაშვილი, ტუღუში
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გაფრთხილება: კაჭარავა (32), ჯიოევი (35), ჩელებაძე (51), იოსელიანი (57), გიგაური (89), ტვილდიანი (89), ცერცვაძე (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
25 ნოემბერი, სამშაბათი

სიონი-ვიტ ჯორჯია (0:1)
სამტრედია-დინამო (ბთ) (1:4)

26 ნოემბერი, ოთხშაბათი
კოლხეთი (ფ)-დილა (0:0)
დინამო (თბ)-შუქურა (1:1)
საპოვნელა-სპარტაკი (0:3)
ტორპედო-მერანი (3:0)
მეტალურგი-ზუგდიდი (2:0)
ზესტაფონი-ჩიხურა (0:0)

უმაღლესი ლიგა. XIV ტური
30 ნოემბერი, კვირა
მეტალურგი-სპარტაკი
დილა-მერანი
სამტრედია-ჩიხურა
დინამო (თბ)-გურია
ზესტაფონი-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
კოლხეთი (ფ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-ზუგდიდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული