გიორგი თექთურმანიძე: დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ლიდერი არ ჰყავს

AutoSharing Option
ჩემი ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტური მოგონება გიორგი თექთურმანიძეს უკავშირდება. მაშინ "ოლიმპში" ვმუშაობდი. მეგობარმა ამბავი მოიტანა, "ოლიმპის" სკოლაში სასწაული ბავშვი გამოჩნდა, უნდა ნახო, ბურთთან ერთად რას აკეთებსო.

აბა, რა მომასვენებდა, წავედი და რაც ვნახე, მართლაც დაუვიწყარი იყო - პატარა, კაფანდარა ბიჭი ბურთთან ერთად სასწაულებს სჩადიოდა.

მას მერე შორიდან მესმოდა გიორგი თექთურმანიძის ამბავი, უაღრესად განათლებულ, დადებით პიროვნებაზე და აგერ, იმ დღეებიდან 13 წლის თავზე, პირველად მომეცა "ჩიორასთან" გასაუბრების საშუალება...

24 წლის თექთურმანიძემ ერთხელაც შეიცვალა კლუბი, ცხინვალის "სპარტაკის" ლიდერი გორის "დილაში" გადავიდა. მანამდე "ჩიორამ"
რამდენიმე ქართული კლუბი გამოიცვალა - "სპარტაკის" გარდა, უთამაშია თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "მეტალურგში"...

- გიორგი, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც გორის "დილა"?
- თავდაპირველად, მინდა მადლობა გადავუხადო ცხინვალის "სპარტაკის" თითოეულ წევრს, მთელ შემადგენლობასა და კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელ კახა კაჭარავას, რომლის ნდობასაც მუდამ ვგრძნობდი...

რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი ყოველთვის წინსვლასა და კარიერულ პროგრესზე უნდა ფიქრობდეს. "დილას" მაღალი მიზნები აქვს - სამეულში მოხვედრა და ევროთასზე გასვლა უნდა. ცხადია, ეს დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის. არჩევანი მნიშვნელოვნად განაპირობა უჩა სოსიაშვილის ფაქტორმაც. მე მასში ქართული სამწვრთნელო სკოლის ხვალინდელ დღეს ვხედავ. და ერთიც - "დილა" შემადგენლობის მხრივაც ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული. როცა გორიდან მივიღე წინადადება, ბევრი არც მიფიქრია.

- სანამ სხვა თემებზე ვიტყოდეთ, ეს გვითხარით - ზედმეტად ხშირად ხომ არ იცვლით კლუბებს?
- მართლაც ხშირად მიწევდა ამის გაკეთება და ამიერიდან მეტ სტაბილურობას ვისურვებდი ჩემს კარიერაში. ამ საკითხზე მეც ბევრი მიფიქრია და უნდა გითხრათ, კლუბების ხშირი ცვლა ყოველთვის არ ყოფილა ჩემი ბრალი. იყო შემთხვევები, როცა არ ვჭირდებოდი გუნდს, მაგრამ მაჩერებდა...

ამან არ იქონია კარგი გავლენა ჩემს კარიერაზე, თუმცა ეს უკვე წარსულია და აღარ მინდა იმ დროის გახსენება.

- უცხოური გუნდიდან შეთავაზება არასდროს გქონიათ? თუნდაც საუბრის დონეზე...
- საუბრის დონეზე კი არა, ძალიან რეალური შეთავაზება იყო გრაცის "შტურმისგან", თუმცა არ გამოვიდა. არ დასრულდა მოლაპარაკება ისე, როგორც ვისურვებდი, რომ ყოფილიყო.

- გიორგი, მახსოვს თქვენი ბავშვობა. იმ მართლაც კარგ თაობაში გამორჩეული იყავით. 24 წლის ასაკში სრულად მოახდინეთ საკუთარი ნიჭის რეალიზება თუ არის კიდევ რეზერვი?
- ბავშვობაში ჯანი ნაკლებად მომდევდა. მერე მომიწია ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობა. ფაქტია - ფეხბურთელს სჭირდება მამაკაცური ჯანი. მე ეს მაკლდა. საქმისთვის არასოდეს არაფერი დამიკლია - ფანატიკურად მიყვარს ფეხბურთი.

- საქართველოს ჩემპიონატზე გკითხავთ, სადაც უკვე კარგა ხანია, თამაშობთ - ჩვენს პირველობას პროგრესს თუ ამჩნევთ?
- თუ დონის გათანაბრება პროგრესია, მაშინ - კი, მაგრამ არ მგონია, დონე აწეულიყოს. უბრალოდ, ფეხბურთელები შედარებით თანაბრად გადანაწილდნენ გუნდებში და უკვე ისეა საქმე, ვერ გაიგებ, ვინ ვის მოუგებს. აგერ, ჩამოვიდა ბათუმის "დინამო" თბილისში და მოიგო. არადა, ჩვენ 1:6 წავაგეთ იმავე "დინამოსთან".

ფაქტია, რომ სადღეისოდ ქართულ საკლუბო ფეხბურთს არ ჰყავს ლიდერი. წლების განმავლობაში სწორება ხდებოდა თბილისის "დინამოზე". მერე იყო "მეტალურგი", "ზესტაფონი", "დილა"... დღეს ლიდერი არ ჩანს.

- თქვენი აზრით, რა ასაკში უნდა წავიდეს საქართველოდან ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპულ გუნდში?
- თუ სკოლის ასაკში ვერ მოახერხებს წასვლას, მაშინ, ჩემი აზრით, უმჯობესია, ჯერ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს და მერე წავიდეს უცხოეთში. ამ გზით ავიცილებთ თავიდან ექვსთვიან ან თუნდაც ერთწლიან არაფრისმომცემ ვოიაჟებს საზღვარგარეთ. ეს ისევ ფეხბურთელის კარიერას ვნებს.

- ბევრისგან მსმენია, გიორგი თექთურმანიძე არაორდინარული პიროვნებაა ჩვენს ფეხბურთელებს შორისო. თურმე, ბევრს სწავლობთ, კითხულობთ...
- ყოველდღიურ ვარჯიშს არ მიაქვს იმხელა დრო, რომ სხვა ვერაფერი მოასწრო. დიახ, ჩემი დიდი გატაცებაა კითხვა, სწავლა... მინდა, უკეთ შევიცნო სამყარო. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელს მინდორზეც ეხმარება. მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშით ვერ "გახსნი" ტვინს.

- საყვარელი ავტორებიც გეყოლებათ...
- უცხოელებიდან რემარკი მიყვარს, ქართველებიდან - ვაჟა-ფშაველა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გეთანხმები - მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშით ვერ "გახსნი" ტვინს.

ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!!
გუჯა კახაძე
10 იანვარი 2015 14:38
0

სიახლეები პოპულარული