უცნაური და ამოუცნობი ჩემპიონი

AutoSharing Option
რეალობას ვერსად გავექცევით: უმაღლეს ლიგაში "ოლიმპი" მეხუთე სეზონს ატარებს და ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციურ კლუბად ჩამოყალიბდა. გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებიც ამას მოწმობს: "ოლიმპი" ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ მესამე ადგილზე გავიდა და ერთხელაც - მეოთხეზე. თუმცა, დაარსებიდან ამ გუნდს ამბიციური მიზნების გარდა სხვა "უცნაურობებიც" დასჩემდა; ამ შემთხვევაში კი, რაღა თქმა უნდა, კლუბის ხანმოკლე ისტორიის განმავლობაში განხორციელებულ მართლაც სარეკორდო რაოდენობის საკადრო ცვლილებებს (თანამედროვე ფეხბურთში მსგავსი ანალოგის მოძებნას ნურვინ შეეცდება) ვგულისხმობთ. ის კი არა, რუსთავის "ოლიმპი" "გინესის რეკორდების წიგნშიც" შესაყვანია თავისი
ზეაქტიური და "გონივრული" სატრანსფერო საქმიანობით;

აღარაფერს ვამბობთ იმ, მართლაც, განსაკუთრებულ მოვლენაზე, როცა კლუბის ხუთწლიან ისტორიაში ვერც ერთმა მწვრთნელმა სეზონის სრულად ჩამთავრება ვერ შეძლო. თუმცა, "ოლიმპის" მწვრთნელ-ფეხბურთელთა გაუთავებელ ცვლაზე ქვემოთ ვისაუბროთ და მანამდე უფრო მასშტაბური ცვლილებები უნდა ვახსენოთ, კლუბის ხელმძღვანელობაში ამ სეზონის დაწყებამდეც და უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას რომ მოხდა. ჰო, ნამდვილად არ იყო პატარა ამბავი ის ფაქტი, როცა ფაქტობრივად, ამ სეზონის დაწყების წინ (კონკრეტულად, ევროტურნირებზე რუსთავის გუნდის ფიასკოს მერე), "ოლიმპისა" და დავით კირკიტაძის გზები გაიყო!

არავისთვის არაა ახალი ამბავი, წინა სეზონში თუ როგორ მხარდაჭერას გრძნობდნენ "ოლიმპის" მწვრთნელ-ფეხბურთელები ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულისგან.

ჩემპიონატის საშინაო თუ საგარეო მატჩებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, - დავით კირკიტაძეს "ოლიმპის" არც ერთი საკონტროლო შეხვედრაც არ გაუცდენია რუსთავის გუნდის საჩემპიონო სეზონში. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყაზახურ "ასტანასთან" დამარცხების შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორი "ფოლადის" სტადიონის ვიპ-ლოჟაში არ გამოჩენილა; უფრო ზუსტად, ერთი-ორჯერ შემოიარა, მაგრამ სხვა გუნდების პაექრობებს მიადევნა თვალ: თუ არ ვცდებით, 24 სექტემბერს "ვიტ ჯორჯია"-"ტორპედოს" მატჩზე იყო და მეორედ (ისიც, მცირე ხნით), 5 დეკემბერს, როცა "ვიტ ჯორჯია" "დინამოს" მასპინძლობდა.

ჩემპიონატის პირველ ეტაზე "ოლიმპის" გამოსვლის ზუსტი შეფასება მართლაც რთული საქმეა; ერთი შეხედვით, გუნდის ასპარეზობას წარუმატებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ:

პირველი ეტაპის გამარჯვებულს "ზესტაფონს" მხოლოდ იმით ჩამორჩება, რომ ერთი მოგებით ნაკლები აქვს; თუმცა, იმავე "ზესტაფონთან" თასის მეოთხედფინალში დამარცხდა და "ოლიმპის" ქომაგებს (რომელთა რიცხვიც, წინა სეზონთან შედარებით, უფრო და უფრო მცირდება) მცირეოდენ შვებას სუპერთასის აღება თუ მოჰგვრიდა. მაგრამ, ამ ტიტულს ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი ზურაბ ჯაფარიძის გარეშე შეხვდა: "ოლიმპის" დაარსება-ჩამოყალიბების ერთ-ერთმა ინიციატორმა, წლების განმავლობაში კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა და ქართული საკლუბო ფეხბურთის აშკარად არაერთგვაროვანმა პერსონამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

თუმცა, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციურ-უცნაურ-ამოუცნობი კლუბი "უპატრონოდ" არ დარჩენილა! პირიქით - პირველი ეტაპის დასკვნით მატჩებზე "ფოლადის" სტადიონის ვიპ-ლოჟას უკვე სხვები "განაგებდნენ", კერძოდ, კლუბის მეპატრონე ჯოზეფ ქეი და მისი გარემოცვა. სხვათა შორის, ქართულ საფეხბურთო "ორბიტაზე" ბატონი ქეის გამოჩენას ორი, მართლაც, უცნაური გადაწყვეტილება მოჰყვა: პირველი ეტაპის დამთავრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, "ოლიმპში" ყველასათვის მოულოდნელი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა; შემდეგ კი, კერძოდ, სუპერთასზე გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში, "ოლიმპის" მეპატრონემ ქართულ სპორტულ მედიას სიამაყით განუცხადა, რომ ამიერიდან რუსთაველთა საყვარელ გუნდს "ისტორიული" (და ასე "მონატრებული") სახელი "მეტალურგი" დაერქმეოდა.


ოლიმპიური სატრანსფერო კარუსელი
როცა ესა თუ ის კლუბი გარკვეულ წარმატებებს ვერ აღწევს, საკადრო ცვლილებები მართლაც აუცილებლობას წარმოადგენს; მაგრამ, როდესაც ჩვემპიონი-გუნდის შემადგენლობიდან სხვადასხვა მიზეზით 14 (!) ფეხბურთელი წავა, ამ შემთხვევაში, ცოტა არ იყოს, უცნაურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. სწორედ ასე მოხდა "ოლიმპში" - ევროტურნირებზე რუსთაველებმა, ფაქტობრივად, ახალი გუნდი გამოიყვანეს.

ახალწვეულთა შეუთამაშებლობამ, რაღა თქმა უნდა, თავის როლი ითამაშა და "ოლიმპი" ამჯერადაც პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას. არადა, გუნდს საჩემპიონო შემადგენლობის ძირითადი ბირთვი (კერძოდ, გრიგოლ ჭანტურია, ალექს ფრაგა, გია კვარაცხელია, დავით იმედაშვილი, ანდერსონ აკინო, სანდრო იაშვილი) რომ შეენარჩუნებინა, დიდი შანსი იყო, ყაზახური ბარიერი დაეძლია. ზაფხულში წასული 14 ფეხბურთელის ნაცვლად ამდენივე ახალწვეული მოვიდა. კიდევ ორი კი უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას დაემატათ; თუმცა, კლუბის სატრანსფერო "კარუსელი" ფეხბურთელების გარდა მწვრთნელებშიც "დატრიალდა" და "ოლიმპის" მოთამაშეებსაც ლამის ყოველი თვის შემდეგ ახალ-ახალი სპეციალისტის ხელმძღვანელობით უწევდათ ვარჯიში.

სეზონი თემურ მახარაძემ დაიწყო, მაგრამ VII ტურში, ფოთის "კოლხეთთან" დიდი ანგარიშით (1:5) წაგების შემდეგ ამ გამოცდილ სპეციალისტს კლუბის ხელმძღვანელობამ ორტურიანი დასვენება "გამოუწერა". ყოველ შემთხვევაში, მომდევნო ტურში, "ოლიმპმა" საშინაო მატჩში "სამტრედიას" რომ მოუგო (3:0), გუნდს მახარაძის ასისტენტები, არმაზ ჯელაძე და იური გაბისკირია მოძღვრავდნენ. თუმცა, ამ შეხვედრის მერე კვლავ მახარაძე დაბრუნდა, მაგრამ მცირე ხნით - ბოლნისში წაგების მერე "ოლიმპიში" მორიგი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა და გუნდის გაძღოლა რამაზ მუმლაძეს დაეკისრა.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "ოლიმპმა" ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა (5 მოგება და 3 ფრე), მაგრამ ვიდრე პირველი ეტაპი დამთავრდებოდა, რუსთაველთა გუნდში კიდევ ერთხელ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი: ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, რამაზ მუმლაძე გაათავისუფლეს! ამის მიზეზი, ალბათ, "ზესტაფონთან" პირველ მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხება და სტუმრად "სამტრედიასთან" ფრედ დამთავრებული შეხვედრა იყო.

კიდევ ვიმეორებთ: მუმლაძის გათავისუფლება მართლაც მოულოდნელობა იყო, თუმცა არანაკლები სიურპრიზი წინ გველოდა - ჩემპიონი გუნდის გაძღოლა დებიუტანტ- მწვრთნელს, 32 წლის თორნიკე მაისურაძეს მიანდეს, ვისაც მანამდე მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთში ჰქონდა გარკვეული პერიოდი ნამუშევარი. ახალგაზრდა მწვრთნელის ხელმძღვანელობით "ოლიმპმა" სამი მატჩი ჩაატარა: ჩემპიონატში "სიონს" მოუგო (3:1), თასზე "ზესტაფონთან" ფრედ ითამაშა (0:0) და, რაც მთავარია, "ვიტ ჯორჯიასთან" პაექრობაში საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.


მეკარეები
უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ შემადგენლობაში სამი გამოცდილი მეკარე ჰყავდეს; თუმცა, ამ მხრივ "ოლიმპი გამონაკლისი იყო, მაგრამ იმას კი ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ რგოლს გუნდში საუკეთესოობაზე პრეტენზია ჰქონოდა.

ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონი გუნდი 18 მატჩში 15 ბურთს რომ გაუშვებს, ვფიქრობთ, მოსაწონი შედეგი ნამდვილად ვერ იქნება.

ძირითადი მეკარის სტატუსით სეზონი "ვიტ ჯორჯიადან" გადმოსულმა გრიგოლ ბედიაშვილმა დაიწყო; თუმცა, ფოთის ფიასკოს მერე "ოლიმპის" კარში ამჯერად უკვე ზურაბ ბათიაშვილი ვიხილეთ. თანაც, სწორედ ამ პერიოდში დააბრუნეს გუნდში გრიგოლ ჭანტურია - 37 წლის მეკარეს საჩემპიონო სეზონის მერე, ფაქტობრივად, ფეხბურთისათვის თავი ჰქონდა დანებებული. ბათიაშვილიც არ ყოფილა დიდხანს გუნდის ძირითადი მეკარე - ბოლნისში წაგების მერე ეს პატივი ჭანტურიას ერგო, ვინც შემდეგ დაშავდა და პირველი ეტაპის ბოლომდე "ოლიმპის" კარში ისევ ბედიაშვილი იდგა. რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია, როცა გუნდში ორი თანაბარი სიძლიერის მეკარეა, მაგრამ, ამასთან, ერთ-ერთს მაინც უნდა ჰქონდეს ძირითადის სტატუსი.


მცველები
"ოლიმპის" მცველების მიმართ კლუბის ხელმძღვანელებსაც და ნახევარი სეზონის განმავლობაში გუნდში მომუშავე ხუთივე (!) მწვრთნელს პრეტენზია ნაკლები უნდა ჰქონოდათ. თუმცა, არც იმას დავმალავთ, რომ "ვიტ ჯორჯიადან" გადმოსულ ლაშა ჯაფარიძესა და ალექსანდრე კვახაძეს გარკვეული დროც დასჭირდათ ახალ პარტნიორებთან შესათამაშებლად. ჯაფარიძე დაცვის მარცხენა ფლანგზე უალტერნატივო კანდიდატურა გახლდათ, კვახაძეს კი სულ მოკლე ხანში უდიდესი ნდობა გამოუცხადეს და "ოლიმპის" კაპიტნადაც აირჩიეს; დაცვის მარჯვენა ფლანგზე მოასპარეზე თემურ ღონღაძემ სეზონის პირველი ეტაპი ჩვეულ დონეზე ჩაატარა; აი, 22 წლის გიორგი რეხვიაშვილის პროგრესი კი აშკარაა და ეს ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ნელ-ნელა გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ყალიბდება. ნურც გამოცდილ რევაზ ქემოკლიძეს დავივიწყებთ - 31 წლის ფეხბურთელს დაცვაშიც ნებისმიერ პოზიციაზეც შეუძლია თამაში და არცთუ იშვიათად "საყრდენ" ნახევარმცველადაც გაუმწესებიათ მწვრთნელებს.


ნახევარმცველები
"ოლიმპის", უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო რგოლი, განსაკუთრებით კი ეს ფლანგის ნახევარმცველებზე ითქმის - რევაზ გეწაძესა და გიორგი ქავთარაძეზე. აზერბაიჯანიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული გეწაძის შესაძლებლობებზე ყოველთვის მაღალი აზრის ვიყავით, მაგრამ 25 წლის ნახევარმცველისთვის ეს სეზონი, ალბათ, მაინც განსაკუთრებულია. თანაც, გეწაძე არა მხოლოდ "ოლიმპის" უდავო ლიდერია, საერთოდაც, პირველი ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახლავთ. გეწაძის ზეაქტიური და სასარგებლო თამაში, ასე თუ ისე, მაინც "პროგნოზირებადი" იყო; სამაგიეროდ, მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ გიორგი ქავთარაძის ასპარეზობა: ამ 22 წლის ფეხბურთელს წინა კლუბში ("დინამო") რატომღაც არ ენდობოდნენ, არადა ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც რომ საჭირო მოთამაშეა, "ოლიმპში" გამოჩენისთანავე ამტკიცებს. პირველი ეტაპის ბოლო მატჩებში ქავთარაძეს ფლანგზე ვხედავდით, თავდაპირველად კი ცენტრალურ ნახევარმცველად ასპარეზობდა და მაშინაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

თავის ახალ გუნდს მალე "გაუშინაურდა" ლუკა რაზმაძე, ვინც "ოლიმპის" შტატიანი პენალტისტიც გახდა და ჯერჯერობით ამ მისიას უშეცდომოდ ასრულებს; რუსთაველთა გუნდის წარმატებული თამაში დიდად არის დამოკიდებული კიდევ ერთ ახალწვეულზე, ვინც თანაგუნდელების შეტევების ორგანიზება უნდა იტვირთოს - 30 წლის დავით ბოლქვაძე საქართველოს ჩემპიონატს გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე ეტაპზე ბევრად უფრო შთამბეჭდავად ათამაშდება. დენის დობროვოლსკისა და გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძეს ჩვენ ჩემპიონატში არაერთი სეზონი გაუტარებიათ, მაგრამ ამ სეზონში "ოლიმპის" ძირთადში მოხვედრა უჭირდათ; ეგ კი არა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული 30 წლის რომან ახალკაციც მხოლოდ ეპიზოდურად თუ გამოჩნდებოდა ხოლმე (ისიც, შეცვლებზე). სამაგიეროდ, სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა 17 წლის ვაკო ყაზაიშვილმა - პირველ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლის გატანაც რომ მოახერხა.


თავდამსხმელები
წინა სეზონთან შედარებით, ამ ზაფხულს "ოლიმპის" თავდასხმის ხაზი მთლიანად გამოიცვალა; თუმცა, თავდაპირველად ჩემპიონი-გუნდის ფორვარდებისგან "ოლიმპის" ქომაგები აშკარად მეტს მოელოდნენ - ირაკლი მოდებაძეც და გიორგი ბერიაშვილიც იმ კატეგორიის თავდამსხმელებს მიეკუთვნებიან, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რომ შეუძლიათ კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა. სამწუხაროდ, ამ ორმა ფორვარდმა აშკარად არაერთგვაროვნად იასპარეზა: მოდებაძემ სეზონი "მძიმედ" დაიწყო, ბევრი იმასაც ამტკიცებდა, რომ მისი უკრაინიდან ჩამოყვანა წარუმატებელი ტრანსფერი იყო და ასე შემდეგ. თუმცა, სეზონის დაწყებიდან თვე-ნახევარში მოდებაძემ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა დაიწყო და ამჟამად სამართლიანადაც იმყოფება ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა შორის. ეგ კი არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ყურადღებაც დაიმსახურა.

აი, ბერიაშვილზე კი გუნდის მწვრთნელების პერმანენტულმა ცვლამ აშკარად უარყოფითად იმოქმედა - ზოგი რომელ პოზიციაზე აყენებდა, ზოგი ნაკლებად ენდობოდა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, მორიგი უიღბლობა დაემართა ნიჭიერ ფორვარდს, რევაზ ბარაბაძეს - 22 წლის ტანმაღალი თავდამსხმელი "ოლიმპს" ჩემპიონატის მსვლელობას შეუერთდა, მაგრამ კვლავაც ტრავმა მიიღო. რაც შეეხება "ოლიმპის" კიდევ ერთ ფორვარდს, 18 წლის ჯაბა უგულავას, ალბათ, მეორე ეტაპზე უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება.

P.S. ისე კი, ამ დროისათვის მართლა ძნელი სათქმელია, თუ როგორი შემადგენლობით წარსდგება "ოლიმპი" მეორე ეტაპზე: ამ გუნდში ხომ ყოველ ექვს თვეში ძირითადი შემადგენლობის შეცვლა-გამოცვლა ჩვეულებრივი ამბავია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული