- 2010 წელი რით დაგამახსოვრდა?
- კლუბშიც და ნაკრებშიც შეუცვლელად ვითამაშე, თუ არ ჩავთვლით ყვითელი ბარათების გამო სომხეთში გამოტოვებულ მატჩს. ბევრი თამაშით ფორმაში შევედი და ვფიქრობ, ნორმალური წელი მქონდა.
- თბილისის "დინამოზე" რას იტყვი?
- ყველამ იცით, რომ კლუბში გაჭირვება იყო, ამის ფონზე კიდევ კარგად ვითამაშეთ.
პირველი ეტაპის შემდეგ
ფინანსები რომ არის, ყველაფერი უკეთ გამოდის.
- ახალი მეპატრონე პირადი კონტრაქტების გაუმჯობესებაზე გელაპარაკათ?
- დიახ, გველაპარაკა. მე კონტრაქტი მაისში მიმთავრდება და მანამდე ვითამაშებ, მერე რა მოხდება, არ ვიცი. ეს მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.
- კლუბის ახალ მმართველებს შენი დატოვების სურვილი აქვთ?
- კახა კაჭარავამ მითხრა, რომ ხელმძღვანელები დამელაპარაკებიან.
- საერთაშორისო შეხვედრების საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგიგროვდა და, ალბათ, მიწვევებიც გექნება.
- რაღაც ვარიანტები შემომთავაზეს, მაგრამ სახარბიელო -არც ერთი. მაისის შემდეგ "დინამოში" თუ ექნებათ ჩემი დატოვების სურვილი, ხომ კარგი, თუ არა, ახალი კლუბის მოძებნა მომიწევს.
- "დინამოში" ხედავ იმ პერსპექტივას, რომლის გამოც უცხოეთში წასვლაზე უარს იტყვი?
- ანუ ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს? დღეს ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ზოგადად, რატომაც არა. "დინამო" დიდი კლუბია, სერიოზული პოტენციალი გააჩნია და თუ დიდი ფული ჩაიდება, ევროთასებზე წარმატებით გამოსვლას ნაღდად შეძლებს. შარშან ძალიან გვიჭირდა და მაინც მესამე ეტაპამდე გავაღწიეთ.
ავსტრიის "შტურმიც" უნდა გამოგვეგდო, მაგრამ... როდესაც გაჭირვებაში ამდენს აღწევ, წესით, დალხენილი მეტს შეძლებ. ევროპის ლიგაში გასვლა რეალური მიზანი მგონია.
- დარწმუნებული ვარ, ეროვნული ნაკრების გამოსვლამ ქართული ფეხბურთის იმედი არა მხოლოდ გულშემატკივრებს, უპირველესად, ფეხბურთელებს დაგიბრუნათ.
- იმედი მართლაც ყველას მოგვეცა, მაგრამ წარმატებას საფუძველი უნდა განუმტკიცო და დიდი ფინანსები მოიზიდო. სხვა თუ არაფერი, გუნდის შესათამაშებლად ერთი წელი მაინც არის საჭირო, უცებ ვერ ჩამოყალიბდება.
- წლეულს "ბენდელას თასზე" ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა ითამაშა - ასეთი რა ხდებოდა?
- ტურნირი შესვენებისას ტარდება, როდესაც გაჩერება არავის სურს. თანაც, საახალწლო ტურნირია და ახალი წლის განწყობას გვიქმნის. ამიტომაც გვსიამოვნებს თამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.