დინამო - არაჩვეულებრივი გამოფენა

AutoSharing Option
პირველი ეტაპის მსვლელობისას "დინამო" მართლაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა და ეს არ ყოფილა მხოლოდ შედეგებიდან გამომდინარე. თუმცა, ერთის მხრივ, ამაში გასაკვირი არც არაფერია: ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ვერასდროს იქნება "ჩვეულებრივი" გუნდი. ჰოდა, ამიტომაც არის, რომ სხვა გუნდებისგან განსხვავებით, "დინამოსთან" დაკავშირებული ნებისმიერი ამბავი მუდამ განსაკუთრებული მსჯელობის საგანი ხდება.

თან, ამბავსაც ხომ გააჩნია: პირველი ეტაპის დასრულებას არც არაფერი აკლდა, როცა "დინამოს" სავარაუდო მეპატრონის ვინაობა გაჟღერდა; ცნობილი ბიზნესმენის, რომან ფიფიას "დინამოში" მისვლა პირველი ეტაპის მართლაც გამორჩეულ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ; ის კი არა, "დინამოს"
ერთგულ ქომაგებს უკეთესი მომავლის იმედი ხომ გაუჩნდათ და ამასთან, თავიანთი საყვარელი გუნდის მიერ ჩატარებული აშკარად არაერთგვაროვანი ასპარეზობაც შესაძლოა, დაავიწყდეთ.

არადა, 2010 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, "დინამოს" ასპარეზობას მხოლოდ და მხოლოდ არასტაბილური უნდა ვუწოდოთ: წარმატებულ სერიას ჩავარდნა მოჰყვებოდა-ხოლმე, მერე ისევ მცირე გამონათებები იყო, კვლავ უსიამოვნო სიურპრიზები და ასე შემდეგ. თუმცა, საბოლოო ჯამში პირველ ეტაპზე "დინამოს" გამოსვლა მაინც წარუმატებლობად უნდა შევაფასოთ: სხვებისთვის თუ მიღწევაა, ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდისთვის მესამე ადგილი დიდი ვერაფერი შედეგია; აღარაფერს ვამბობთ პირველი ეტაპის ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობაზე: საქართველოს თასზე "დინამო" ასპარეზობას მეოთხედფინალში გამოეთიშა; თანაც, პირველი ლიგის წარმომადგენელ "გაგრასთან" ორრაუნდიან პაექრობაში პირველი მატჩი სტუმრად მოიგო, მაგრამ განმეორებითში ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში დამარცხდა.

ამას გარდა, უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას იყო რამდენიმე მატჩი, "დინამოს" აქტივში ნამდვილად რომ ვერ ჩავუთვლიდით: მარცხი ბოლნისსა და სამტრედიაში, ვერმოგებული შეხვედრა "სპარტაკთან" და საშინაო ფრე ფინანსურად შეჭირვებულ "ბაიას", ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობასთან. აი, ამ მატჩის მერე იყო, "დინამოში" დიდი ამბები რომ დაიწყო: ცალკე, რაღაც "ეჭვიც" გაჩნდა ამ შეხვედრის "პატიოსანი პრინციპებით" ჩატარებასა და ცალკე კიდევ, არანაკლები "ხმაური" გამოიწვია გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას გადადგომამაც.

ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი სპეციალისტის გუნდიდან წასვლასა და მერე, უკან მობრუნებაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი პირველ ეტაპზე "დინამოს" გამორჩეული მატჩებიც ვახსენოთ. უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ევროტურნირებზე ასპარეზობას ვგულისხმობთ: ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, "დინამომ" ღირსეულზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა. არც ის იყო პატარა ამბავი, როცა გუნდმა ორივე დაპირისპირება მოუგო ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტს "ზესტაფონს"; ასეთივე ბალანსი ჰქონდა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქე "ვიტ ჯორჯიასთან"; ამას გარდა, ერთი-ორი ისეთი მატჩის გახსენებაც შეიძლება, როცა კონკრეტულ შემთხვევებში მსაჯები მაინც და მაინც "დინამოსთვის"  საწინააღმდეგოდ ცდებოდნენ.


მწვრთნელი და სატრანსფერო პოლიტიკა
ზემოთ ევროტურნირები ვახსენეთ და კიდევ ერთხელ გვინდა დავუბრუნდეთ "დინამოს" მართლაც წარმატებულ ასპარეზობას. ყოველ შემთხვევაში, ალბათ გულშემატკივართა მცირე კატეგორიას თუ სჯეროდა, "დინამო" ორ ეტაპს თუ გაივლიდა და მესამის გადალახვასთანაც ასე ახლოს იქნებოდა. ჯერ, ესტონური "ფლორა" იყო, მერე, შვედურ "გეფლესთან" ორივე მატჩში გამარჯვება; ავსტრიულ "შტურმთანაც" შეიძლებოდა წარმატებაზე ფიქრი, იმ მატჩის სერბ არბიტრს (მირალდ მაჟიჩი) აშკარად ტენდენციურად რომ არ ემსაჯა. არადა, უნდა ვაღიაროთ, რომ ევროტურნირებს აშკარად პესიმისტურად ვხვდებოდით: წინა სეზონის დასრულებისთანავე გუნდიდან ძირითადი შემადგენლობის ერთდროულად ხუთი წამყვანი ფეხბურთელი (გურამ კაშია, შოთა კაშია, ჯორჯ აკირემი, თენგიზ ჩიკვილაძე, ალექსანდრ კრსტესკი) წავიდა. რაც შეეხება შევსებას, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთ ტრანსფერს თუ მივიჩნევდით "დინამოსთვის" სასარგებლოდ - ექვსთვიანი შესვენების შემდეგ გუნდს ლევან ხმალაძე დაუბრუნდა.

მოკლედ, ევროტურნირებზე კახა კაჭარავას აშკარად ბოლომდე დაუკომპლექტებელი შემადგენლობა ჰყავდა (ბევრი ფეხბურთელი სულაც სადებიუტო მატჩებს ატარებდა). მაგრამ, ამის მიუხედავად, "დინამომ" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე მართლაც ღირსეულად იასპარეზა და ამას ჩემპიონატის სტარტზე "ზესტაფონის" დამარცხებაც მოაყოლა.

თუმცა, ამ მოგებას მომდევნო ორ მატჩში მოპოვებული ერთადერთი ქულა მოჰყვა და კლუბის ხელმძღვანელობაც მიხვდა, რომ გუნდში არსებული რესურსი აშკარად არასაკმარისი იქნებოდა ჩემპიონატის დანარჩენ ფავორიტებთან სეზონის ბოლომდე საპაექროდ; სწორედ ამას ემსახურებოდა უკვე სეზონის განმავლობაში განხორციელებული ტრანსფერებიც, როცა "დინამოში" უცხოეთმოვლილი სამი გამოცდილი ფეხბურთელი ჩაირიცხა: დავით მუჯირი, გია კვარაცხელია და ირაკლი ლილუაშვილი. თუმცა, "დინამოს" ასპარეზობაზე ყველაზე ნეგატიურ გავლენას მაინც არასტაბილურობა ავლენდა - პირველი ეტაპის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, როცა გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო.

აქვე, არცთუ უმნიშვნელო ფაქტორიც უნდა ვახსენოთ: რომ არა კონკრეტული ფეხბურთელების ხშირი ტრავმიანობა, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს", ალბათ, ბევრად მეტი ქულა ექნებოდა. ანუ, დიდი შანსი იყო, რომ ამდენი პრობლემის მიუხედავად, პირველი ეტაპის გამარჯვებული სწორედ "დინამო" ყოფილიყო; მაგრამ, იმავე "ზესტაფონისგან" განსხვავებით, კახა კაჭარავას გუნდის ყველა რგოლი ერთნაირი სიძლიერის ფეხბურთელებით ნამდვილად არ ყოფილა დაკომპლექტებული.

განსაკუთრებით კი ეს თავდამსხმელებზე ითქმის, ოღონდ, ამ შემთხვევაში ფორვარდების ტრავმებიც უნდა ვახსენოთ: მათე ვაწაძესა და რობერტინიოს პირველი ეტაპი სრულად რომ ჩაეტარებინათ, გუნდს აშკარად მეტ სარგებელს მოუტანდნენ.

XIII ტურში, "ბაიას" სარეზერვო შემადგენლობასთან ფრედ დამთავრებული შეხვედრის მერე კახა კაჭარავა "დინამოდან" წავიდა და გუნდის გაწვრთნა მის ასისტენტს, თამაზ სამხარაძეს დაევალა. ახალი მწვრთნელის დებიუტი წარმატებული გამოდგა - "დინამომ" სათასო მატჩში "ჩიხურას" სძლია, მაგრამ ამას ჩემპიონატში "სამტრედიასთან" მარცხი მოჰყვა. მართალია, პირველი ეტაპის ბოლომდე "დინამომ" ჩემპიონატში სამივე დარჩენილი მატჩი მოიგო, მაგრამ სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ის სენსაციური მარცხი "გაგრასთან". და აი, 20 დეკემბერს კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ისევ კახა კაჭარავა იმუშავებდა.


მეკარე
ეს "დინამოს" ერთ-ერთი კი არა, უდავოდ, საუკეთესო რგოლია - გიორგი ლორიამ პირველ ეტაპზე ჩემპიონატის 18-ვე მატჩი შეუცვლელად და, რაც მთავარია, მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა. 24 წლის მეკარის პროგრესი აშკარაზე მეტია და სასიხარულოა, რომ თავისი შესაშური ფიზიკური მონაცემების წარმოჩინება დაიწყო. ლორიას დამაჯერებელი და სტაბილური ასპარეზობა არამხოლოდ ჩემპიონატშია შესამჩნევი - საქართველოს ნაკრებშიც ღირსეულად გამოიყურება და ყოველივე ეს სლოვენიასთან შეხვედრაშიც დაამტკიცა. იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპისათვის XXII ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე მომავალშიც წარმატებულ ასპარეზობას გააგრძელებს; ყოველ შემთხვევაში, "დინამოში" მობრუნებულ კახა კაჭარავას მეკარის პრობლემა ნამდვილად აღარ შეაწუხებს.


მცველები
უმაღლესი ლიგის გუნებიდან ყველაზე ნაკლები გოლი (9) "დინამოს" აქვს გაშვებული და ყოველივე ეს, საიმედოდ მოასპარეზე გიორგი ლორიასთან ერთად მცველების დამსახურებაც არის. მოკლედ, დაცვის ხაზიც გუნდის ერთ-ერთ უძლიერეს რგოლად უნდა მივიჩნიოთ; თანაც, "დინამოს" მცველებიდან სამმა, ფაქტობრივად, ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა: ლევან ხმალაძემ, გულვერდ თომაშვილმა და ლევან კაკუბავამ. ხმალაძისგან ასეთ სტაბილურ ასპარეზობას დიდი ხანია მიჩვეული ვართ, აი, თომაშვილი კი (ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გუნდის ვეტერანადაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ) კარიერაში ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს.

საოცარი პროგრესი აქვს 20 წლის ლევან კაკუბავას, ვისაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში დაცვის მარჯვენა ფლანგზეც და ცენტრშიც. ეგ კი არა, ეს ახალგაზრდა ბიჭი საყრდენ ნახევარმცველადაც ვიხილეთ რამდენიმე მატჩში და თავი არც იქ შეურცხვენია. კაკუბავას პროგრესი არც თემურ ქეცბაიას დარჩენია შეუმჩნეველი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა. უდავოდ ფასეულ შენაძენად უნდა მივიჩნიოთ გია კვარაცხელიას დამატებაც - 31 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა "დინამოს" დაცვას ბევრად მეტი საიმედოობა შესძინა. გიორგი გველესიანი, გიორგი ოთარაშვილი, ლაშა ჩადუნელი, - ამ ახალგაზრდა მცველებს პირველ ეტაპზე თამაში ეპიზოდურად უწევდათ, თუმცა კახა კაჭარავა, ალბათ, სამივე მათგანს კიდევ არაერთხელ მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას.

აქვე, ერთ-ერთი მთავარი დანაკლისიც: ჩემპიონატში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა წინა სეზონში "დინამოს" კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა, XXI ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ, რომელიც კარიერას ამჯერად ჰოლანდიურ "ვიტესში" აგრძელებს.


ნახევარმცველები
აი, ამ რგოლის ფეხბურთელებს კი ალბათ, უფრო მეტიც მოეთხოვებოდათ; თუმცა, დაცვის ხაზისგან განსხვავებით, ამ რგოლში მხოლოდ ერთი-ორ ფეხბურთელს უწევდა ძირითადში მუდმივად თამაში და ეს, უპირველესად, გუნდის კაპიტანზე, ალექსანდრე კოშკაძეზე ითქმის. თანაც, მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში, კოშკაძე ხან "საყრდენად" თამაშობდა, ხან - მარცხენა გარემარბად და ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, გამოკვეთილი ფორვარდი უკან რომ გაუმწესებიათ მწვრთნელებს. ჩვეულ დონეზე ითამაშა პორტუგალიელმა ედნილსონმა, მაგრამ ამ გამოცდილ საყრდენ ნახევარმცველს ტრავმამაც ხელი შეუშალა თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში. იმავეს ვიტყოდით ნიკა ფირცხალავაზეც - ამ ნიჭიერ შუახაზელს თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ქრონიკული ტრავმები აწუხებს.

არაერთგვაროვანი შეფასება უნდა მივცეთ გიორგი კახელიშვილისა და გიორგი თექთურმანიძის ასპარეზობას: პირველ მათგანს ამპლუის ხშირ-ხშირი ცვლა უწევდა, მეორესგან კი, "დინამოს" ქომაგები, ალბათ, უფრო მეტსაც მოელოდნენ. თუმცა, ნახევარმცველებს შორისაც იყვნენ გამორჩეული ფეხბურთელები: 32 წლის დავით მუჯირი საქართველოს ჩემპიონატს ხანგრძლივზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და საკუთარი ოსტატობითა და გამოცდილებით "დინამოს" ფასდაუდებელი სამსახური გაუწია.

ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრაში სწორედ მუჯირის შორეულმა გოლებმა მოაპოვებინეს "დინამოს" გამარჯვება. საერთოდ კი, პირველი ეტაპის მიხედვით, "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირები ოთხ-ოთხი გატანილი გოლით ამპლუით მცველი (ლევან ხმალაძე) და ორი ნახევარმცველი (დავით მუჯირი, ირაკლი ლეკვთაძე) იყვნენ. ამ უკანასკნელზე ცალკე გვინდა ვისაუბროთ: 19 წლის ფლანგის ნახევარმცველი მხოლოდ ხუთჯერ გამოჩნდა "დინამოს" ძირითადში, მაგრამ ამის მიუხედავად, ოთხი გოლის გატანა მოასწრო.


თავდამსხმელები
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: "დინამოს" ფორვარდებმა მეტოქეთა კარში მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს! სამწუხაროდ, "დინამოს" ერთ-ერთ მთავარ იმედს მათე ვაწაძეს ქრონიკული ტრავმების გამო კვლავაც ბევრი მატჩი გაუცდა; ამას გარდა, ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნით ორ ტურშიც არ უთამაშია - რუსულ "ვოლგასთან" გააფორმა კონტრაქტი.

სამწუხაროდ, უგოლოდ დაასრულა ჩემპიონატის პირველი ეტაპი "დინამოს" ახალწვეულმა ზვიად მეტრეველმა, ორ ახალგაზრდა ფორვარდს (ირაკლი სიხარულიძე, ზვიად ქანთარია) კი თავის გამოჩენის საშულება იშვიათად ეძლეოდა. რობერტინიოსა და ჯუისს გამოკვეთილ თავდამსხმელებს ვერ ვუწოდებდით - ორივე ეს ახალგაზრდა ლეგიონერი უფრო გარემარბების პოზიციებზე ასპარეზობდნენ, თუმცა, ორივეს შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ალბათ, უკეთესადაც (უფრო ზუსტად, შედეგიანადაც) შეეძლოთ თამაში.

P.S. ეს ყველაფერი პირველ ეტაპზე იყო, მაგრამ უკვე გუშინდელი დღიდან (როცა გუნდმა მეორე ეტაპისათვის მზადება დაიწყო), "დინამოში" გარკვეული ცვლილებები მოხდა. ასე, მაგალითად, გაირკვა, რომ კახა კაჭარავას ასისტენტად დიდი "დინამოს" წარმომადგენელი, 1981 წლის ტრიუმფატორი ზაურ სვანაძე იმუშავებს. სხვათა შორის, სვანაძე "დინამოში" ხუთი წლის წინათაც მოღვაწეობდა - გუნდის საჩემპიონო სეზონში იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს ეხმარებოდა. აი, რაც შეეხება თამაზ სამხარაძეს, ჩვენი ინფორმაციით, კვლავაც კლუბში რჩება და სავარაუდოდ, "დინამოს" ბავშვთა აკადემიაში გააგრძელებს სამწვრთნელო საქმიანობას. თუმცა, "დინამოში" საკადრო ცვლილებები კიდევ იქნება, თანაც - არაერთი.


"დინამოს" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
II ტური: დინამო-ზესტაფონი 2:1
III ტური: ოლიმპი-დინამო 1:0
IV ტური: ბაია-დინამო 0:0
V ტური: კოლხეთი-დინამო 1:3
I ტური: დინამო-სპარტაკი 1:0
VI ტური: დინამო-სამტრედია 3:2
VII ტური: სიონი-დინამო 1:0
VIII ტური: დინამო-ვიტ ჯორჯია 2:0
IX ტური: ტორპედო-დინამო 1:1
X ტური: სპარტაკი-დინამო 0:0
XI ტური: ზესტაფონი-დინამო 0:1
XIV ტური: დინამო-კოლხეთი 5:0
XII ტური: დინამო-ოლიმპი 1:1
XIII ტური: დინამო-ბაია 0:0
XV ტური: სამტრედია-დინამო 1:0
XVI ტური: დინამო-სიონი 2:0
XVII ტური: ვიტ ჯორჯია-დინამო 0:1
XVIII ტური: დინამო-ტორპედო 1:0

მეკარეები: გიორგი ლორია-18, ბექა შეყრილაძე-0;
მცველები: ლევან ხმალაძე-18 (4), გულვერდ თომაშვილი-18, ლევან კაკუბავა-17(1), გია კვარაცხელია-10 (2), გურამ კაშია-3, გიორგი ოთარაშვილი-3, გიორგი გველესიანი-2, ლაშა ჩადუნელი-1;
ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე-17(3), გიორგი კახელიშვილი-16, გიორგი თექთურმანიძე-15, ედნილსონი-13, დავით მუჯირი-12(4), ნიკოლოზ ფირცხალავა-10(1), ირაკლი ლეკვთაძე-10(4), ირაკლი ლილუაშვილი-7 (1), გიორგი გავაშელიშვილი-5, გიორგი მამუჩიშვილი-2;
თავდამსხმელები: დონალ ჯუისი-17(1), ზვიად მეტრეველი-12, რობერტინიო-9, მათე ვაწაძე-8(2), ირაკლი სიხარულიძე-5, ზვიად ქანთარია-2.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული