"ისეთი მდგომარეობაა, ფეხბურთში დარჩენის სტიმული აღარ მქონდა"

AutoSharing Option
გივი კვარაცხელიამ ბოლნისის "სიონი" დატოვა. 35 წლის მცველმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

"ერთი-ორი წელი ნამდვილად ვითამაშებდი, მაგრამ წლეულს 36 წლის ვხდები და დროც იყო უკვე, რომ წავსულიყავი ფეხბურთიდან. უფრო რეალური მეგონა, რომ მიმდინარე სეზონს დავასრულებდი.

ბოლოს "სიონში" ვიყავი და იყო კიდეც ლაპარაკი, რომ მეორე წრესაც ვითამაშებდი, მაგრამ ფინანსური საკითხების მოუგვარებლობის გამო ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. გუნდის ძებნა აღარ დამიწყია.

სამწუხაროდ, ისეთი სავალალო მდგომარეობაა, დარჩენის სტიმულიც არ მქონდა, თორემ ფეხბურთი უზომოდ მიყვარს", - ამბობს კვარაცხელია.

კვარაცხელიამ კარიერა 20 წლის წინათ დაიწყო, რაც, რატომღაც,
ცნობარებში დაფიქსირებული არ არის. 15 წლისა იყო, ფოთის "კოლხეთის" ფორმა რომ მოირგო:

"ძნელი დასაჯერებელი იქნება, მაგრამ ფაქტია - "კოლხეთის" შემდეგ 17 კონტრაქტი გავაფორმე! სულ კი 14 გუნდში მითამაშია. ბევრი რამ მახსენდება კარგად, მაგრამ გამორჩეული მაინც ის დღე იყო, როცა თბილისის "ლოკომოტივი" "დინამოს" შეხვდა - დავით ყიფიანმა და რევაზ ძოძუაშვილმა 19 წლისა ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს და კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე წამიყვანეს".

ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ კარიერის უკეთ აწყობაც შეეძლო:

"მაგრამ რაც იყო, იმითიც ბედნიერი ვარ. საუკეთესოდ კი "დინამოში", "კაუნასსა" და "თბილისში" გატარებული წლები მახსენდება. ლიტვაში წლის საუკეთესო ლეგიონერად დამასახელეს, ბელორუსში - წლის სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი და საუკეთესო ნახევარმცველი გავხდი.

შარშანაც ძალიან გამიხარდა, როცა უკვე ვეტერანი "ლელომ" წლის სიმბოლურ ნაკრებში შემიყვანა. ისე, ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. გემახსოვრებათ, შოტლანდიურ "ჰართსში" ჩემი გადაყვანა მის მეპატრონე რომანოვს სურდა, რომელიც, იმავე დროს, "კაუნასსაც" ფლობდა.

მაშინ საუკეთესო პერიოდი მქონდა. შოტლანდიის პრემიერლიგაში გადასვლა დიდი ნახტომი იქნებოდა, მაგრამ ნაკრებში თამაშების სიმწირის გამო დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზის ასაღებად აუცილებელი პროცენტები არ მქონდა".

კვარაცხელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა იქნება ფეხბურთის შემდეგ:

"ძნელია იმასთან შეგუება, რომ მოედანზე აღარ გავალ და აღარ ვივარჯიშებ. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რა გზა ავირჩიო. ერთი კია - ძალიან მინდა, ფეხბურთში დავრჩე. შესაძლოა, ბევრს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში მითამაშია და დავრწმუნდი, რომ ქართველებს ფეხბურთის ნიჭი გვაქვს - თუ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მცირედს მაინც გავაკეთებთ, კრიზისიდან მალე გამოვალთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული