"სამტრედიაში" მისულმა ზურაბ ხიზანიშვილმა გოლი პირველსავე მატჩში გაიტანა

AutoSharing Option
2 თებერვალს "სამტრედიამ" თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

კლუბის სპორტული დირექტორის, დავით მუჯირის თქმით, მათი მეტოქე სამხრეთკორეული მთავარი დივიზიონის "ჯეჯუ იუნაიტედი" (იმავე დღეს ამ გუნდმა ქუთაისის "ტორპედოსთანაც" ითამაშა) იყო. ზაზა ზამთარაძის შეგირდებმა აზიელებთან 1:1 ითამაშეს.

როგორც ცნობილია, "სამტრედიამ" თედორე გრიგალაშვილის შეკრებაზე წაყვანა ვერ მოახერხა - "ზესტაფონიდან" წამოსული მცველი ბოლნისის "სიონთან" საკონტროლო შეხვედრისას დაშავდა. მის არყოფნაში, "სამტრედიას" დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან დაშავებულია კიდევ ერთი ცენტრალური მცველი - გულვერდ თომაშვილიც.

შევიტყვეთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სამტრედიელებმა ვეტერანი მცველი ზურაბ
ხიზანიშვილი
დაიმატეს. ხიზანიშვილი თურქეთში უკვე გუნდთან ერთადაა.

"ზურაბ ხიზანიშვილი ჩვენთან ვარჯიშობს, კორეელების წინააღმდეგ ითამაშა კიდეც და ანგარიში მეორე ტაიმში მშვენიერი შორეული დარტყმითაც გაათანაბრა.

ხიზანიშვილი ოფიციალურად ჯერ არ არის "სამტრედიის" მოთამაშე, მაგრამ გამოცდილი მცველია, იმედია, დავიმატებთ და გუნდს დაეხმარება", - ამბობს მუჯირი.

მისივე თქმით, კიდევ ორი მოთამაშის აყვანის საკითხი გადაწყდა:

"დღეს ჩვენთან პირველად ითამაშა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "საბურთალოს" მარცხენა მცველმა გიორგი თევზაძემ. მას "საბურთალოდან" ვიცნობ, ელიტრაუნდში მისი თამაშებიც ვნახე და მომეწონა. "საბურთალოს" თევზაძის იჯარაზე შევუთანხმდით და იმედია, ეს ახალგაზრდა გაგვაძლიერებს.

თორნიკე გრიგალაშვილზე "ზესტაფონთან" მოვილაპარაკეთ და ისიც სეზონის ბოლომდე იჯარით იქნება ჩვენთან. დასანანი კი ისაა, რომ თედო გრიგალაშვილი დაშავდა და "სამტრედიას" ვერ დაეხმარება".

სამტრედია (ძირითადი შემადგენლობა): მუჯრიშვილი - თევზაძე, კაკუბავა, ბეჭვაია, კვირკველია - დათუნაიშვილი, შარიქაძე - დოლიძე, გეწაძე, კაპანაძე - კერძევაძე.

"სამტრედია" მორიგ საკონტროლო შეხვედრას 4 თებერვალს, ტირასპოლის "შერიფთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"