გუნდი ვარჯიშზე სრული შემადგენლობით გამოცხადდა, არ იყვნენ მხოლოდ მეკარე გრიგოლ ჭანტურია და თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი, რომლებიც გუნდიდან პირველი ეტაპის შემდეგ გაუშვეს.
ჭანტურია 2010 წელს "ოლიმპიდან" მეორედ დაითხოვეს: ჯერ წინა სეზონის დასრულების შემდეგ, დეკემბერში კი მეორედ და, სავარაუდოდ, კარიერას დაასრულებს. 37 წლის მეკარემ რუსთავული კლუბისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ფეხბურთიდან მადლობის უთქმელად
ეს საქართველოში უშნო ტრადიციად იქცა - არადა, კაცს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, ქართულ ფეხბურთს წლები შეალია, ბევრი ახალგაზრდა სწორედ მის გვერდით იზრდებოდა, "ოლიმპის" წარმატებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო და მაინც, კარიერა არ დაუფასდა, თითქოს ფეხბურთში საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ამას მხოლოდ ჭანტურიას გამო არ ვამბობთ, ქართულ კლუბებს მსგავსი ლირიკა ზედმეტად მიაჩნიათ.
ადამიანურად ძნელია არ თანაუგრძნო თავდამსხმელ გიორგი ბერიაშვილს, რომელიც ზაფხულამდე უგუნდობისთვისაა განწირული. გიორგიმ სეზონი თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო და გასული წლის ზაფხულში ვეტერინართა უკრაინულ შეკრებაზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ კლუბი დატოვა. რუსთაველებმა ამის შემდეგ დაიმატეს, მაგრამ მისი ოლიმპური კარიერა ხანმოკლე გამოდგა - "ოლიმპის" თავკაცებმა დეკემბერში კარისკენ მიუთითეს.
ასე რომ, მაისამდე გიორგის სხვა კლუბში თამაშის იმედი არ უნდა ჰქონდეს - ფიფა ფეხბურთელს სეზონში ორზე მეტ კლუბში გამოსვლას უკრძალავს.
არ ვარჯიშობს თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძეც, რომელიც გასული წლის მიწურულს კვლავ დაშავდა და მკურნალობს.
გუნდში სხვა ცვლილებები არ არის, რაც შეეხება ლექსო კვახაძეს და დენის დობროვოლსკის, გუშინ ორივემ კლუბთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ ერთ-ერთი მენეჯერი გვიმტკიცებს, რომ ოლიმპელ მცველსა და ნახევარმცველს ყაზახეთში გადასვლას სთავაზობს. რა გამოვა აქედან, მალე შევიტყობთ.
ჯერ "ოლიმპში" ხმაურიანი ტრანსფერები არ განხორციელებულა. გუშინდელ ვარჯიშზე მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა მიიწვიეს.
ცნობილია რუსთაველთა მოსამზადებელი გეგმები: "ოლიმპი" 20 იანვარს შეკრებაზე ანთალიაში გაემგზავრება, სადაც 12 დღეს დაჰყოფს და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
"გადაწყვეტილია, რომ ორ შეხვედრას ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბებთან გავმართავთ, ერთს რუმინულ ან ბულგარულ გუნდთან, ბოლოს კი, სავარაუდოდ, თურქეთის დაბალი ლიგის რომელიმე კლუბს ვეთამაშებით", - გვითხრა "ოლიმპის" პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.