ბაიას გუბერნატორი მიხედავს

AutoSharing Option
ზუგდიდის "ბაიას" მძიმე დღეები უდგას, სეზონის პირველი ნახევარი რის ვაივაგლახით ჩაამთარა. ნოემბერში გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორის, ჩვენში ცნობილმა მოთამაშეებმა, გია მეგრელაძემ, ალექსანდრე გოგობერიშვილმა, დავით ჭიჭვეიშვილმა, გოგიტა სომხიშვილმა... სულ 11-მა ფეხბურთელმა. თუმცა "ბაიადან" "მიგრაცია" ამით არ დასრულებულა. დეკემბრის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ მეგრელაძესთან ერთად ქუთაისის "ტორპედომ" ახალგაზრდები, ლუკა გუგუჩია და ლევან წურწუმიაც გადაიბირა. თუმცა, როგორც ჩანს, ზუგდიდელთა გუნდსაც მალე ეშველება.

"ტორპედომ" მზადება 3 იანვარს განაახლა, მაგრამ მეგრელაძისა და გუგუჩიასგან განსხვავებით, ვარჯიშზე წურწუმია აქამდე არ გამოჩენილა. საქმე ის არის,
რომ გუგუჩიას და წურწუმიას "ბაიასთან" სეზონის ბოლომდე აკავშირებთ კონტრაქტები და ქუთაისელთა გუნდში მათ განათხოვრებაზე იყო ლაპარაკი. როგორც გაირკვა, "ბაია" წურწუმიას ვერ შეელია და დაიტოვა.

"ტორპედოში" ჩვენს განათხოვრებაზე კი იყო ლაპარაკი, მაგრამ მე ისევ ზუგდიდში ვარ. კონტრაქტით "ბაიას" ვეკუთვნი და დარჩენა მთხოვეს. ქუთაისელთა კლუბთან კონტრაქტზე ხელი არ მომიწერია. გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი საკითხი დღეს-ხვალ უნდა გადაწყდეს. მანამდე მეტს ვერაფერს გეტყვით", - ზუგდიდში დაკავშირებისას გვითხრა ლევან წურწუმიამ.

ბუნებრივია, ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და "ბაიას" მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს შევეხმიანეთ. "წურწუმია კონტრაქტით ჩვენ კლუბს ეკუთვნის და სეზონის ბოლომდე "ბაიაში" იქნება, მერე კი ვნახოთ. წასული ფეხბურთელებიდან ორ მოთამაშეს დავიბრუნებთ, მეკარე გოგიტა სომხიშვილს და მცველ გიორგი კვესიეშვილს. შესაძლოა, სხვა ფეხბურთელებიც დავიბრუნოთ ან დავიმატოთ. ამაზე ვმუშაობთ და ვნახოთ, რა გამოვა.

შესაძლოა, კიდევ ოთხი ფეხბურთელის დათმობაც მოგვიწიოს. ლუკა გუგუჩია "ტორპედოში" ითამაშებს, მცველი ლევან აკობია სომხეთში, თავის ყოფილ გუნდ "ულისში" დაბრუნდა.

როგორც გავიგე, მეკარე თორნიკე ზარქუას და მცველ ნიკა კვეკვესკირის დამატება თბილისის "დინამოს" უნდა".

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ბაიამ" ერთი მწვრთნელიც დათმო - ზაურ სვანაძე, რომელიც ქომეთიანის თანაშემწე იყო, ის თბილისის "დინამოში" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დაეხმარება.

და ყველაზე მთავარი. როგორც გავიგეთ, "ბაია" უსახსროდ აღარ იქნება - გუნდს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია დაჰპირდა დახმარებას. "ბაიას" თავკაცს ამაზეც დავეკითხეთ.

"ახალი წელი კარგი ამბით დაიწყო და ჩვენც დაიმედებულები ვართ. ბატონ ზაზა გოროზიას შევხვდით, დახმარებას დაგვპირდა. დაახლოებით ვიცით, რა ბიუჯეტი ექნება კლუბს სეზონის ბოლომდე. თანხას ვერ დავაკონკრეტებ, მართალია, სეზონის პირველი ნახევრისთვის დაპირებულზე ნაკლებია, მაგრამ ბევრითაც არ ჩამოუვარდება. ამ ფინანსებში უნდა ჩავეტიოთ და შესაძლებლობის ფარგლებში კარგი გუნდი შევკრიბოთ. იმასაც დაგვპირდნენ, რომ კლუბის დავალიანებას ეტაპობრივად გაისტუმრებენ.

ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის მზადებას აქ, ზუგდიდში 8 იანვარს დავიწყებთ.

საკონტროლო მატჩებიც გვინდა ჩავატაროთ და ახლა სპარინგ პარტნიორებთან შეთანხმებას ვცდილობთ", - საუბრის ბოლოს გვითხრა "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა.

18 ტურის შემდეგ ზუგდიდელებს, "ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მსგავსად, 22 ქულა აქვთ და ამ გუნდებთან ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფენ. "ბაია" სეზონს 13 თებერვალს ბოლნისის "სიონთან" (რომელსაც ქულით უსწრებს) საშინაო მატჩით განაახლებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული