ვეტერინართა უწყვეტი კონვეირი

AutoSharing Option
საქართველოში "დინამოს" გარდა ერთადერთი გუნდი "ვიტ ჯორჯიაა", სამივე ტიტული (ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი) რომ აქვს მოპოვებული. არადა, კლუბის ისტორია 1998 წლის იანვრიდან იწყება და ამ არცთუ დიდი ხნის განმავლობაში "ვიტ ჯორჯია" საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სტაბილურ კლუბად ჩამოყალიბდა.

ქართულ საფეხბურთო სივრცეში ახალი გუნდის ჯერ გამოჩენა და მერე არნახული პროგრესი კი, რაღა თქმა უნდა, დაარსების დღიდან კლუბის უცვლელი პრეზიდენტის, გურამ რუხაძის დამსახურებაა. სხვათა შორის, რუხაძეს მართლაც უნიკალური რეკორდი ეკუთვნის - საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთი და იმავე კლუბში პრეზიდენტობის 13-წლიანი "სტაჟი" მხოლოდ
ამ პიროვნებას აქვს.

ბოლო წლებში "ვიტ ჯორჯია" ყოველი სეზონის დაწყებას ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ხვდებოდა; ტიტულებიც, იცოცხლეთ, ემატებოდა და ემატებოდა: 2004-2010 წლებში "ვიტ ჯორჯია" ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თასიც მოიპოვა, სუპერთასიც და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობთ. თუმცა, ამ სეზონის დაწყების წინ "ვეტერინართა" შანსებს ყველა სკეპტიკურად აფასებდა; ამის მიზეზი კი გუნდის ნაწილობრივი კი არა, ფაქტობრივად, სრული გადახალისება იყო.

საერთოდ, "ვიტ ჯორჯიას" არსებობის განმავლობაში ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ამა თუ იმ წარმატებული სეზონის მერე კლუბის ხელმძღვანელობა თავიანთ წამყვან ფეხბურთელებს სარფიანად ასხვისებდნენ. ყველაზე "უცნაური" კი ის იყო, რომ ასეთი სატრანსფერო პოლიტიკა გუნდის შედეგებზე უარყოფითად არ აისახებოდა ხოლმე; პირიქით - გუნდიდან წასული ლიდერების ადგილს ახალი, თანაც მანამდე ბევრისთვის უცნობი ახალგაზრდა ფეხბურთელები იკავებდნენ. ერთი-ორი სეზონის მერე უკვე ისინი მოექცეოდნენ სხვა გუნდების ინტერესთა სფეროში და ახლა უკვე იმათი ტრანსფერი ხდებოდა ქართული საფეხბურთო საზოგადოების "სალაპარაკო თემა"; ოღონდ, "კონვეირი" კვლავ უწყვეტად მუშაობდა - "ვიტ ჯორჯიას" ფარმკლუბში უკვე მზად იყვნენ ასევე ყველასათვის უცნობი ჭაბუკები, გუნდის გუშინდელ ლიდერებს უმტკივნეულოდ რომ ჩაანაცვლებდნენ და ასე შემდეგ.

მოკლედ, ასე გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში და "ვიტ ჯორჯიადან" ერთი-ორი გამორჩეული ფეხბურთელის წასვლას თუ შეგუებული ვიყავით, აი, ამ ზაფხულს, აშკარად განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა: ძირითადი შემადგენლობის შვიდი (!) ფეხბურთელი საქართველოს სხვადასხვა გუნდებში გადავიდა. წინა სეზონი ახალი დასრულებული იყო, როცა გაირკვა, რომ გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედნი (გრიგოლ ბედიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ლაშა ჯაფარიძე, ლუკა რაზმაძე, გიორგი დათუნაიშვილი) კარიერას "ვიტ ჯორჯიაში" აღარ გააგრძელებდნენ; უკრაინული შეკრების (კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელია) მერე ყველასათვის ნათელი გახდა, რომ "ვიტ ჯორჯიადან" წასვლა მოუწევდა წინა სეზონში გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ გიორგი ბერიაშვილს, ვინც თავის მეგობრებს შეუერთდა და რუსთავის "ოლიმპს" მიაშურა; ეგ კი არა, სამი ტურის შემდეგ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვახტანგ კვარაცხელია ქართული საზომებით არცთუ მცირე თანხად ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა. ჰოდა, ასეთი სოლიდური დანაკლისიდან გამომდინარე, ბუნებრივიც იყო ის ფაქტი, რომ "ვიტ ჯორჯიას" შანსებზე ყველას მოკრძალებულად ესაუბრა. მით უფრო, გუნდში მხოლოდ ორი ახალწვეული მოვიდა, თანაც, ტრადიციულად, ორივე ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი.


შეცვლილი მიზნები
ზემოთ ფეხბურთელების ხშირ მონაცვლეობაზე ვსაუბრობდით და არაფერი გვითქვამს ამ კლუბის კიდევ ერთ "ტრადიციაზეც": "ვიტ ჯორჯიას" არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთადერთმა მწვრთნელმა რამაზ მუმლაძემ შეძლო და ოთხი სეზონი "გადაბმულად" იმუშავა. ცვლილება მოხდა ამ ზაფხულსაც: ევროტურნირებზე ჩეხურ "ბანიკთან" მართლაც სამარცხვინო წაგების მერე გელა გომელაურის ადგილი "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მერაბ კოჭლაშვილმა დაიკავა. კოჭლაშვილი გამოცდილი სპეციალისტია, საქართველოს ჩემპიონატში არაერთი გუნდი გაუწვრთნია და, რაც მთავარია, წლების განმავლობაში "ვიტ ჯორჯიაშიც" უმუშავია (თანაც, როგორც ძირითად გუნდში, ასევე - ფარმ-კლუბშიც). ერთის მხრივ, კოჭლაშვილი თავისთვის "უცხო გარემოში" არ მოდიოდა - ამ ფორმაციის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას თავის დროზე ფარმ-კლუბში ავარჯიშებდა. თუმცა, ისიც ცხადი იყო, ამ რესურსით "ვეტერინარებს" ჩემპიონატის ფავორიტებთან ტოლი-ტოლზე პაექრობა გაუჭირდებოდათ. ანუ, ფაქტობრივად, ყველა შეგუებული ვიყავით, რომ ახალ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" აშკარად მოკრძალებული მიზნები ექნებოდა.

ასეც მოხდა: პირველი ეტაპი "ვიტ ჯორჯიამ" მეოთხე ადგილზე კი დაამთავრა, მაგრამ გუნდს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 3 ქულა აშორებს. თუმცა, გავკადნიერდებით და ვიტყვით: მართლაც ძნელად წარმოგვიდგენია მოვლენების ისეთი განვითარება, "ვიტ ჯორჯიას" უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის ბრძოლა მოუხდეს. და ეს იმის მიუხედავად, რომ მეორე ეტაპზე, შესაძლოა, კვლავაც გადასხვაფერებული "ვიტ ჯორჯია" ვიხილოთ; ანუ, გუნდში დარჩენილი ორი-სამი ლიდერიც, შესაძლოა, სხვა გუნდებში გადავიდნენ და მათ ნაცვლად, ტრადიციულად, ყველასათვის უცნობი ახალგაზრდები მოვიდნენ.

ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ამ სეზონში მოხდა ისეთი რამ, როცა "ვიტ ჯორჯიამ" ჩემპიონატის ფავორიტებთან ვერც ერთი ქულა ვერ მოიპოვა: "ზესტაფონთან", "დინამოსთან" და "ოლიმპთან" ჩატარებული ექვსივე მატჩი წააგო (ბურთების შეფარდებაც კატასტროფული იყო - 1:14). სხვა მეტოქეებთან "ვიტ ჯორჯია" მეტ-ნაკლებად წარმატებულად ასპარეზობდა და იმის დიდი შანსიც იყო, პირველ ეტაპზე უფრო მეტი ქულაც მოეპოვებინა, რომ არა ორი არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი; პირველი და, ალბათ, უმთავრესი მიზეზი, თითქმის ყოველ მეორე-მესამე შეხვედრაში არაოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობა იყო: ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა ხშირი ტრავმიანობისა თუ დისკვალიფიკაციის გამო მერაბ კოჭლაშვილს ხშირად ექმნებოდა საკადრო პრობლემები; არანაკლები პრობლემა შეექმნა გუნდს მსაჯობასთან დაკავშირებითაც: პირველი ეტაპის მსვლელობისას არაერთი შემთხვევა იყო, როცა "ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელთა აზრით, არბიტრების შეცდომებს ამა თუ იმ მატჩის შედეგზე სერიოზული ზეგავლენა ჰქონდა.

პირველ ეტაპზე "ვიტ ჯორჯიას" საუკეთესო შეხვედრებად IV ტურში "სამტრედიასთან" ჩატარებული მატჩი (პირველ ტაიმში 0:2-ს აგებდა და მეორეში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა) და XVI ტურში სტუმრად "ტორპედოსთან" პაექრობა იყო. სხვათა შორის, ამ მატჩამდე ქუთაისელებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ და საერთოდაც, ეს იყო "ტორპედოს" პირველი და ერთადერთი საშინაო მარცხი პირველ ეტაპზე. "ვეტერინართა" აქტივში უნდა მივიჩნიოთ სათასო პაექრობებიც: მერვედფინალში მძიმე ბრძოლაში პირველი ლიგის "სქურს" აჯობეს, ხოლო მეოთხედფინალში ორივე შეხვედრა მოუგეს იმ დროისათვის აშკარად მომძლავრებულ "სპარტაკს". ამ წარმატებით კი "ვიტ ჯორჯიამ" ზედიზედ მესამედ მოიპოვა ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება, თანაც, დარჩენილ მეტოქეთაგან აშკარად ყველაზე "სასურველი" მოწინააღმდეგე ("გაგრა") შეხვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი ძირითად აქცენტს, ალბათ, თასის გათამაშებაზე გააკეთებს, - აბა, ჩემპიონატიდან ევროტურნირების საგზურის მოპოვება, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია.


მეკარეები
ახალი სეზონის დაწყების წინ "ვეტერინართა" ძირითად მეკარედ არდილიონ მიქაბერიძე მოიაზრებოდა, ვინც წლების განმავლობაში გრიგოლ ბედიაშვილის დუბლიორი გახლდათ.

თავდაპირველად ასეც მოხდა, მაგრამ "სიონთან" მატჩში მიქაბერიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად "ვეტერინართა" ახალწვეული, მანამდე ბევრისთვის უცნობი გიორგი ძაძამია გამოჩნდა. 22 წლის მეკარე პირველი ეტაპის ერთ-ერთ აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ძაძამია საქართველოს ნაკრების კანდიდატადაც დასახელდა. დებიუტანტმა მეკარემ რამდენიმე მართლაც გამორჩეული მატჩი ჩაატარა - (განსაკუთრებით, პირველი წრის შეხვედრა "დინამოსთან"), თუმცა "ოლიმპთან" დიდი ანგარიშით (0:4) მარცხის მერე ძირითადი მეკარის სტატუსი ისევ მიქაბერიძეს "გადააბარა"; თავის მხრივ, მიქაბერიძეც არ ყოფილა დიდხანს "ვეტერინართა" პირველი მეკარე და XV ტურში, "სპარტაკთან" საშინაო წაგების შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" კარში (პირველი ეტაპის ბოლომდე) კვლავაც ძაძამია იდგა.


მცველები
წინა სეზონთან შედარებით "ვიტ ჯორჯიას" დაცვის ხაზი, ფაქტობრივად, მთლიანად შეიცვალა და ერთადერთი, მხოლოდ გიგა ბეჭვაია დარჩა ძველი შემადგენლობიდან.

მარცხენა ფლანგზე ლაშა ჯაფარიძის შემცვლელად თავდაპირველად გუნდის მეორე ახალწვეული, ირაკლი ჭანკვეტაძე მოიაზრებოდა, მაგრამ "ბანიკთან" დაპირისპირების შემდეგ ამ პოზიციაზე 20 წლის რევაზ ღანიაშვილი ასპარეზობდა. გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელები გახდნენ 22 წლის გურამ ადამაძე და 21 წლის ლაშა კასრაძე, წლების განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" ფარმ-კლუბში რომ ასპარეზობდნენ; სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა "ვიტ ჯორჯიაში" დარჩენილ ერთადერთ გამოცდილ ფეხბურთელს - 25 წლის დავით ლომაიამ მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა. ასევე ტრავმის გამო ეპიზოდურად თუ ჩნდებოდა დავით ხურცილავა, არადა 22 წლის მარჯვენა მცველი წინა სეზონში, ფაქტობრივად, ძირითადის ფეხბურთელი გახდა.


ნახევარმცველები
გიორგი ჯანელიძე, გურამ გურეშიძე, დავით მაისაშვილი, გიორგი ვასაძე - ეს ახალგაზრდა ნახევარმცველები წლების განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" ფარმ-კლუბში ასპარეზობდნენ და წინა სეზონებში ძირითადში იშვიათად თუ უწევდათ თამაში, აი, XXII ჩემპიონატიდან კი გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ და იმედი დავიტოვოთ, რომ პროფესიულ ზრდას კვლავაც გააგრძელებენ. განსაკუთრებით კი გურამ გურეშიძე გვინდა გამოვყოთ - 21 წლის საყრდენმა პირველი ეტაპი სტაბილურად და, ბევრისთვის მოულოდნელად, მაღალ დონეზე ჩაატარა. ჰოდა, ძაძამიასი არ იყოს, გურეშიძეც მოხვდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას თვალთახედვის არეში.

"ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველებზე ვსაუბრობთ და, რაღა თქმა უნდა, ცალკე უნდა ვახსენოთ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კლიმიაშვილი; ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, კლიმიაშვილი "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთი ვეტერანია და უკვე წლებია, საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელადაც მიიჩნევა. 22 წლის ენერგიული და სწრაფი ნახევარმცველი უნივერსალიზმითაც გამოირჩევა და "ვიტ ჯორჯიადან" მისი სავარაუდო წასვლა გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.


თავდამსხმელები
"ვეტერინართა" შეტევის ხაზში მთავარი "დამრტყმელი ძალა", რაღა თქმა უნდა, ვახტანგ კვარაცხელია უნდა ყოფილიყო და თავიდანვე ასეც იყო: საწყის სამ ტურში 22 წლის ტანმაღალმა თავდამსხმელმა მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა. თუმცა, ამის შემდეგ, კვარაცხელია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა და "ვიტ ჯორჯიასაც" ცენტრფორვარდის პოზიციაზე გარკვეული პრობლემებიც შეექმნა. ყოველ შემთხვევაში, კვარაცხელიას თანატოლის და ასევე ათლეტური და ტანმაღალი ფორვარდისგან, ბესიკ ჩიმაკაძისგან, ალბათ, უფრო მეტსაც მოელოდნენ. ყოველ შემთხვევაში, 16 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა მთლად სახარბიელო შედეგი ნამდვილად არ არის. თუმცა, იმავე ჩიმაკაძეს, რამდენიმე მატჩში მეტოქის კარში გატანილი გოლები სხვადასხვა მიზეზით გაუუქმეს; ამასთან, იმ ორიდან, ერთი (საშინაო მატჩში "ტორპედოსთან") ისეთი გაიტანა, ეფექტურზე მეტი რომ ეთქმოდა. ასევე 2 გოლი გაიტანა ჩემპიონატის მატჩებში ბექა ზაქრაძემ, მაგრამ ამ 20 წლის ფეხბურთელს ცენტრფორვარდს ვერც ვუწოდებთ, - უფრო ხშირად გარემარბად ასპარეზობდა.

დაბოლოს, პირველ ეტაპზე "ვიტ ჯორჯიას" უდავოდ, საუკეთესო ფეხბურთელსა და საერთოდ, XXII ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაზეც: ჯაბა ლიპარტიამ მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ძალიან ბევრჯერ მომხდარა, რომ სწორედ მის ინდივიდუალურ ოსტატობას გადაუწყვეტია კიდეც კონკრეტული მატჩის ბედი. მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში ლიპარტიას მკვეთრად გამოხატული ამპლუა არ ჰქონია: ხან, მარცხენა გარემარბად გვევლინებოდა, ხან ცენტრალურ თავდამსხმელად თამაშობდა და ხან - ეგრეთ წოდებულ, მეორე ფორვარდად. იმის გარდა, რომ 6 გოლით ლიპარტია თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო, საერთოდაც პირველი ეტაპის ერთ-ერთი რჩეულთაგანი გახლდათ: "ლელოს" ვერსიით ექვსჯერ დავასახელეთ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში", ორჯერ - "თვის სიმბოლურში" და ბოლოს, სრულიად დამსახურებულად "პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშიც" (ერთადერთი ფეხბურთელი "ვიტ ჯორჯიადან") მოხვდა. თუმცა, კლიმიაშვილის მსგავსად, დიდია იმის ალბათობა, რომ 2011 წლიდან ჯაბა ლიპარტია უკვე სხვა გუნდში ვიხილოთ. აი, ამ ფაქტს კი, ალბათ, დანაკლისზე მეტი უნდა ვუწოდოთ.


"ვიტ ჯორჯიას" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
II ტური: ვიტ ჯორჯია-ბაია 2:1
III ტური: კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:0
IV ტური: ვიტ ჯორჯია-სამტრედია 4:2
V ტური: სიონი-ვიტ ჯორჯია 0:0
I ტური: ოლიმპი-ვიტ ჯორჯია 2:1
VI ტური: სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 1:2
VII ტური: დინამო-ვიტ ჯორჯია 2:0
VIII ტური: ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:0
IX ტური: ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 0:2
X ტური: ვიტ ჯორჯია-ოლიმპი 0:4
XI ტური: ბაი-ვიტ ჯორჯია 1:0
XIV ტური: ვიტ ჯორჯია-სიონი 1:0
XII ტური: ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 5:1
XIII ტური: სამტრედია-ვიტ ჯორჯია 1:0
XV ტური: ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 0:1
XVI ტური: ტორპედო-ვიტ ჯორჯია 0:1
XVII ტური: ვიტ ჯორჯია-დინამო 0:1
XVIII ტური: ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 3:0

მეკარეები: გიორგი ძაძამია-10, არდალიონ მიქაბერიძე-9;
მცველები: გურამ ადამაძე-17, გიგა ბეჭვაია-16(2), რევაზ ღანიაშვილი-16, ლაშა კასრაძე-15, დავით ლომაია-9, დავით ხურცილავა-8, ჯემალ გოგიაშვილი-5, ირაკლი ჭანკვეტაძე-2;
ნახევარმცველები: გიორგი ჯანელიძე-17(1), გურამ გურეშიძე-17, ირაკლი კლიმიაშვილი-16 (1), დავით მაისაშვილი-15, გიორგი ვასაძე-11, გიორგი კორიფაძე-8;
თავდამსხმელები: ჯაბა ლიპარტია-18(6), ბესიკ ჩიმაკაძე-16(2), ბექა ზაქრაძე-16(2), ვახტანგ კვარაცხელია-3(3).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული