ყაზახურ კლუბში ისინჯებოდა ნახევარმცველი ვაკო ტყემალაძე, მაგრამ სინჯები წარუმატებლად დასრულდა და 23 წლის ფეხბურთელი "სამტრედიაში" დაბრუნდა.
თანახმაა, კლუბში დაბრუნდეს მცველი ვაჟა ქორიძე, რომელიც ბოლო ნახევარი წელია, ბოლნისის "სიონში" გადავიდა, მაგრამ არ ათამაშებდნენ.
თუმცა არავინ უწყის, მეორე წრეში "სამტრედიას" დააფინანსებენ თუ არა. გულშემატკივრები
ლევან ბაკურაძე "ტორპედოში" გადასვლით კმაყოფილია, მაგრამ ყოფილი კლუბის გაჭირვებას არ ივიწყებს.
"ქუთაისში მიწვევამ ძალიან გამახარა. ახლა მაინც ვარ კლუბში, სადაც მხოლოდ ენთუზიაზმით არ თამაშობენ. შევხვდი მთავარ მწვრთნელ გია გიგატაძეს, რომელიც ჩემი აყვანით იყო დაინტერესებული. უკვე "ტორპედოში" ვვარჯიშობ და ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდება, რა ხანგრძლივობის კონტრაქტს გავაფორმებ. წინასწარ კი სამწლიანი ხელშეკრულება შემომთავაზეს.
არ შემიძლია, "სამტრედიას" გაჭირვება არ ვახსენო. ჩემს ქალაქში ფეხბურთი უზომოდ უყვართ და გული მიკვდება, ასე უპატრონოდ რომ დატოვეს. "სამტრედია" ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა.
სეზონის მსვლელობისას რაიონის ხელმძღვანელებმა დაგვაიმედეს, რომ არ მიგვატოვებდნენ, მაგრამ პირველი ეტაპი ისე დამთავრდა, ბოლო სამი თვე უხელფასოდ ვითამაშეთ. იმიტომ, რომ ხალხის ხათრი გვქონდა და არ გვსურდა გვეღალატა, მაგრამ ბოლოს ეს ყველაფერი აუტანელი გახდა.
"სამტრედიას" მიგდება სხვა არაფერია, თუ არა ფეხბურთელების, გუნდის და სამტერდიელების უპატივცემულობა - რაიონის და ქალაქის ხელმძღვანელები ბოლოს მოსვლასაც აღარ კადრულობდნენ, დაიმედებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ჩვენ ხალხის ხათრით გავჩერდით, ახლა კი უფულოდ "სამტრედიაში" თამაშს არავინ დათანხმდება, უმაღლესი ლიგის შესაფერისი შემადგენლობა ვერ შეიკრიბება და "სამტრედია" უმაღლესიდან გავარდება. არადა, ფეხბურთზე შეყვარებული მეორე ასეთი ქალაქი საქართველოში თითქმის არ მეგულება", - ამბობს ბაკურაძე.
ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი კი "სამტრედიადან" ფეხბურთელთა წაყვანის მიზეზს გვიხსნის: "ეს კლუბი მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა და მისი ლიდერების მიწვევით, იმედი მაქვს, მებრძოლი სულისკვეთება ქუთაისის "ტორპედოსაც" გადაეცემა. ცხადია, ეს ბიჭები მხოლოდ ბრძოლისუნარიანობის გამო არ აგვიყვანია, ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მათი მოსვლით კონკურენციაც გაიზრდება და გვჯერა, ეს ყოველივე "ტორპედოს" გააძლიერებს."
.