ქუთაისში სამტრედიიდან სული წამოიღეს

AutoSharing Option
შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის "ტორპედომ" "სამტრედია" შეისრუტა: ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ქუთაისელებმა მეზობელი ქალაქის კლუბის თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი მიიწვიეს: ლაშა ქებაძე, ლევან ბაკურაძე და დავით კირკიტაძე. "ტორპედო" ილია პავლიაშვილსაც იწვევდა, მაგრამ სამტრედიელთა 21 წლის თავდამსხმელი უცხოეთში გადასვლას იმედოვნებს.

ყაზახურ კლუბში ისინჯებოდა ნახევარმცველი ვაკო ტყემალაძე, მაგრამ სინჯები წარუმატებლად დასრულდა და 23 წლის ფეხბურთელი "სამტრედიაში" დაბრუნდა.

თანახმაა, კლუბში დაბრუნდეს მცველი ვაჟა ქორიძე, რომელიც ბოლო ნახევარი წელია, ბოლნისის "სიონში" გადავიდა, მაგრამ არ ათამაშებდნენ.

თუმცა არავინ უწყის, მეორე წრეში "სამტრედიას" დააფინანსებენ თუ არა. გულშემატკივრები
საყვარელი კლუბის იგნორირებით უკმაყოფილონი არიან და სამტრედიის გამგეობასთან აქციით იმუქრებიან.

ლევან ბაკურაძე "ტორპედოში" გადასვლით კმაყოფილია, მაგრამ ყოფილი კლუბის გაჭირვებას არ ივიწყებს.

"ქუთაისში მიწვევამ ძალიან გამახარა. ახლა მაინც ვარ კლუბში, სადაც მხოლოდ ენთუზიაზმით არ თამაშობენ. შევხვდი მთავარ მწვრთნელ გია გიგატაძეს, რომელიც ჩემი აყვანით იყო დაინტერესებული. უკვე "ტორპედოში" ვვარჯიშობ და ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდება, რა ხანგრძლივობის კონტრაქტს გავაფორმებ. წინასწარ კი სამწლიანი ხელშეკრულება შემომთავაზეს.

არ შემიძლია, "სამტრედიას" გაჭირვება არ ვახსენო. ჩემს ქალაქში ფეხბურთი უზომოდ უყვართ და გული მიკვდება, ასე უპატრონოდ რომ დატოვეს. "სამტრედია" ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა.

სეზონის მსვლელობისას რაიონის ხელმძღვანელებმა დაგვაიმედეს, რომ არ მიგვატოვებდნენ, მაგრამ პირველი ეტაპი ისე დამთავრდა, ბოლო სამი თვე უხელფასოდ ვითამაშეთ. იმიტომ, რომ ხალხის ხათრი გვქონდა და არ გვსურდა გვეღალატა, მაგრამ ბოლოს ეს ყველაფერი აუტანელი გახდა.

"სამტრედიას" მიგდება სხვა არაფერია, თუ არა ფეხბურთელების, გუნდის და სამტერდიელების უპატივცემულობა - რაიონის და ქალაქის ხელმძღვანელები ბოლოს მოსვლასაც აღარ კადრულობდნენ, დაიმედებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ჩვენ ხალხის ხათრით გავჩერდით, ახლა კი უფულოდ "სამტრედიაში" თამაშს არავინ დათანხმდება, უმაღლესი ლიგის შესაფერისი შემადგენლობა ვერ შეიკრიბება და "სამტრედია" უმაღლესიდან გავარდება. არადა, ფეხბურთზე შეყვარებული მეორე ასეთი ქალაქი საქართველოში თითქმის არ მეგულება", - ამბობს ბაკურაძე.

ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი კი "სამტრედიადან" ფეხბურთელთა წაყვანის მიზეზს გვიხსნის: "ეს კლუბი მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა და მისი ლიდერების მიწვევით, იმედი მაქვს, მებრძოლი სულისკვეთება ქუთაისის "ტორპედოსაც" გადაეცემა. ცხადია, ეს ბიჭები მხოლოდ ბრძოლისუნარიანობის გამო არ აგვიყვანია, ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მათი მოსვლით კონკურენციაც გაიზრდება და გვჯერა, ეს ყოველივე "ტორპედოს" გააძლიერებს."




.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალი სიმართლე , დაიწყო სამტრედიაში სამტრედიის გამგებლის დავალების შესრულება, ”სამტრედია პირველ ლიგაში უფრო იაფი შესანახია” ხალხს ფეხბურთის ყურება თუ უნდა რამნიშვნელობააქო ამბობს კაცი რომელსაც ბურთი სამკუთხედი გონია! გუნდს პრეზიდენტი შეუცვალეს ეხლა სოსო ჯაში ს მეთურობით ს.კ სამტრედია. კარში იმ ბიჭს აყენებენ რომელსაც დუბლების კარებში არ აყენებდნენ ბურთი რო ამოაქ საჯარიმო მოედანს ვერ აცილებს , იტოგში სამტრედია უკან უკან წავა და ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია სამტრედიელების იმ სამტრედიელების რომლებსაც ვითომ გვიყვარს სამტრედია, გუნდს რო დაჭირდა გვერდში დგომა გამგეობასთან 20 კაჩი შეიკრიბა მარტო, გაშლილ სუფრაზე ყველა მაგრები ვართ , სულ უახლოეს მომავალში მაისის ბოლოს ნახავთ სამტრედიას პირველ ლიგაში! სადაც სტადიონზე მარტო სკამები იქნება ფეხბურთელების ქომაგი,და ისევ ვიმეორებ ჩვენი სამტრედიელების ბრალია ეს ყველაფერი!
SAMTREDIELI
16:02 07-01-2011
0

სიახლეები პოპულარული