რა თქმა უნდა, ყველა იმ ტრადიციული გუნდის დაქვეითება, მართლაც არასასიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ განსაკუთრებულ გულისტკივილს მაინც ქუთაისის "ტორპედოს" პრობლემები იწვევდა. აბა, როგორი საქმეა, საქართველოს
საერთოდ, უძლიერესთა შორის აღზევებული გუნდისგან პირველსავე სეზონში რაიმე განსაკუთრებულს არასდროს ელოდებიან; თუმცა, "ტორპედოს" შემთხვევაში ასე ნამდვილად ვერ იქნებოდა - დიდ ფეხბურთს მონატრებული ქუთაისელი გულშემატკივრები არნახული ოპტიმიზმით ხვდებოდნენ სეზონის მოახლოებას. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს კი, რაღა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდის ფინანსური კეთილდღეობა იწვევდა - სეზონის დაწყებამდე საკმარისზე მეტი დრო რჩებოდა, როცა "ტორპედოს" მართლაც სოლიდური მეპატრონე გამოუჩნდა კომპანია "ვისოლის" სახით. ასეთი გავლენიანი და ფინანსურად წელში გამართული მეპატრონის ხელში გუნდს რომ ხელფას-პრემიების მხრივ პრობლემა არ ექნებოდა, ეს მაშინათვე ცხადი იყო; ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ ფეხბურთზე შეყვარებული "ვისოლის" ხელმძღვანელები (ძმები - ლევან და სოსო ფხაკაძეები) გუნდში მოკლევადიანი პროექტით არ მოვიდოდნენ და ასეც მოხდა:
"ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი სპეციალისტი რამაზ მუმლაძე მოიწვიეს, გარემონტდა და კეთილმოეწყო კლუბის საწვრთნელი ბაზა, და, რაც მთავარია, ქუთაისის ცენტრალურმა სტადიონმა ისეთი სახე მიიღო, თანამედროვე მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებდა. ანუ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქუთაისის სტადიონზე საერთაშორისო მატჩების ჩატარება თავისუფლად შეიძლება.
რა თქმა უნდა, დიდ ფეხბურთს მონატრებული ქუთაისელი ქომაგებისათვის ყოველივე ზემოთქმული განსაკუთრებული სტიმული უნდა ყოფილიყო და "ტორპედოს" საშინაო მატჩებზე (განსაკუთრებით, ჩემპიონატის ფავორიტებთან) 10000-მდე გულშემატკივრის ხილვა ლამის "ჩვეულებრივ" ამბად იქცა.
გარემონტებული ბაზა და განახლებულ-გაკოხტავებული სტადიონი, გადახალისებული შემადგენლობა და ახალი, კვალიფიციური მწვრთნელი, შეძლებული მეპატრონე და ამბიციური გეგმები, - ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, ქუთაისელ გულშემატკივრებში არნახულ ოპტიმიზმს იწვევდა. და არა მხოლოდ ადგილობრივ ქომაგებში - სეზონის დაწყების წინ, როცა გუნდების შანსებზე ვსაუბრობდით, "ტორპედოს" "მთლად" ჩემპიონობას თუ არა, ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტობას ვუწინასწარმეტყველებდით. თუმცა, ჩემპიონატის დაწყებიდან არცთუ დიდი დროის მერე ეს აჟიოტაჟი ნელ-ნელა გაქრა; ამის მიზეზი კი, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, გუნდის წარუმატებელი ასპარეზობა იყო.
მწვრთნელ(ებ)ის ხვედრი
ჰო, ეს , მართლაც, უდიდესი მოულოდნელობა იყო: უმაღლეს ლიგაში ამბიციური გეგმებით დაბრუნებული გუნდი შვიდი ტურის განმავლობაში გამარჯვებას ვერ ახერხებდა. რა თქმა უნდა, ჯერ სეზონის სტარტი იყო და "ტორპედოს" აშკარად არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა "განსაკუთრებულ" კატასტროფად არ უნდა შეფასებულიყო, მაგრამ ხანდახან ზედმეტადაც მომთხოვნი ქუთაისელი ქომაგები ვერაფრით ეგუებოდნენ იმ ფაქტს, როცა მათი საყვარელი გუნდი ყოველი ტურის მერე სატურნირო ცხრილის ფსკერისკენ ეშვებოდა.
არადა, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ტორპედოს" ახალწვეულებს ერთმანეთთან შესათამაშებლად გარკვეული დრო ნამდვილად სჭირდებოდათ; მით უფრო, რომ ახალმა მწვრთნელმა, უმაღლესი ლიგის საგზურის მომპოვებელი "ტორპედოს" შემადგენლობა, ფაქტობრივად, მთლიანად შეცვალა. სამწუხაროდ, ყველა ახალწვეულმა ერთნაირად ვერ გაამართლა: ზოგი გვიან შევიდა ფორმაში, ზოგს ადაპტაციის პერიოდი გაუგრძელდა, ზოგმა კონკურენცია ვერ დაძლია, ზოგიც, უბრალოდ, მზად არ აღმოჩნდა ასეთ ამბიციურ გუნდში სათამაშოდ. მოკლედ, ფაქტია, რომ გასულ ზაფხულს სელექციაში გარკვეული კი არა, სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული. ასეთ შემთხვევაში კი, როგორც წესი, პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება; თანაც, გულშემატკივარს ხომ მხოლოდ შედეგი აინტერესებს და გუნდის წარუმატებლობის ობიექტურ მიზეზებს არც "მოიკითხავს";
საერთოდაც, არახალი ამბავია, რომ ქუთაისში არაადგილობრივ მწვრთნელებს მუდამ განსაკუთრებული წნეხის ქვეშ უწევდათ მუშაობა (გამონაკლისი, ალბათ, გიგა ნორაკიძე და დავით ყიფიანი იყვნენ) და რამაზ მუმლაძესაც ეს პრობლემა არანაკლებ მტკივნეულად შეეხო. თუმცა, ეს ხომ მწვრთნელების ხვედრია: გუნდის ქომაგები გუშინ რომ ზარ-ზეიმით მიიღებენ და თვალებში შესციცინებენ, მეორე დღეს ლამის ანათემაზე გადასცენ! სწორედ ასე მოუვიდა ქუთაისში რამაზ მუმლაძეს, ვისაც სამტრედიაში წაგების მერეც და "სიონთან" საშინაო ფრეს შემდეგაც "ტორპედოს" გულშემატკივრებმა აშკარად არადამსახურებული ობსტრუქცია მოუწყვეს. რას ვიზამთ, ნებისმიერ მწვრთნელს მოსვლია მსგავსი რამ, როცა კონკრეტული გუნდი "თავის გემოზე" ვერ აუთამაშებია. ჰოდა, მუმლაძეც იძულებული იყო, საკუთარი სურვილით წამოსულიყო ქუთაისიდან და "ტორპედოში" გატარებული ორთვიანი წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად, ამ მწვრთნელის კვალიფიკაცია ეჭვქვეშ ერთი წამითაც რომ არ დამდგარა, შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა.
უპირველესად, რაღა თქმა უნდა, მუმლაძის ახალ გუნდში ("ოლიმპში") ნაჩვენები შედეგი მოწმობს; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ მუმლაძის შემცვლელს, მანამდე "ტორპედოს" დუბლების თავკაცად ნამუშევარ გია გიგატაძეს, ფაქტობრივად, ძირითად შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუტანია (მხედველობაში თუ არ მივიღებთ ერთი-ორ გადაადგილებას).
ასეა თუ ისე, "ტორპედომ" ნანატრი პირველი გამარჯვება სწორედ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოიპოვა და ამას უკვე მართლაც შთამბეჭდავი სერია მოჰყვა: გია გიგატაძის ხელმძღვანელობით გუნდმა რვამატჩიანი წაუგებელი სერია შემოგვთავაზა; ეგ კი არა, ზედიზედ ექვსი მატჩის განმავლობაში "ტორპედო" საკუთარ კარს მშრალად ინახავდა. მოკლედ, "ტორპედომ" სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა, რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩიც შემოგვთავაზა და ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, ახალი მთავარი მწვრთნელის დამსახურებაც გახლდათ; არადა, თავდაპირველად გია გიგატაძეს, რატომღაც დროებით მწვრთნელობას "უწინასწარმეტყველებდნენ", - პირველი ეტაპის ბოლომდე გუნდს როგორმე "მიიყვანს" და მერე, "ტორპედოში" ვინმე, "სახელიან" სპეციალისტს მოიწვევენო. ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა:
ფეხბურთელობისას, საკავშირო პირველ ლიგაში წლების განმავლობაში "ტორპედოს" ცენტრალურმა მცველმა გია გიგატაძემ სამწვრთნელო ასპარეზზეც ჩინებულად წარმოაჩინა თავი და თავის მშობლიურ ქალაქში სხვა სპეციალისტებზე საუბარი, აქტუალური ალბათ, კიდევ დიდხანს არ იქნება.
პირველი ეტაპი "ტორპედომ" VI ადგილზე დაამთავრა, მაგრამ თავისზე წინ მყოფ "ბაიასა" და "ვიტ ჯორჯიას" მხოლოდ მოგებათა ნაკლები რაოდენობით ჩამორჩება. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ორი წრეა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ გუნდს რეალურად ხელეწიფება IV ადგილზე გასვლა. ეს კი იმის თეორიულ შანსს ნიშნავს, "ტორპედომ" ევროთასებზე რომ იასპარეზოს; თუმცა, ქუთაისელ ქომაგებს ექვსწლიანი პაუზის შემდეგ თავიანთი საყვარელი გუნდის ხილვა ევროტუნირებზე "პრაქტიკულადაც" წარმოუდგენიათ: "ტორპედო" თასის ნახევარფინალშია გასული! ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნახევარფინალისტთა კენჭისყრისას ყველაზე მეტად სწორედ ქუთაისურ კლუბს არ გაუმართლა - სამი სავარაუდო მეტოქიდან ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ("ზესტაფონი") შეხვდა.
მეკარეები
პირველ ეტაპზე გუნდის, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო რგოლი - 18 მატჩში "ტორპედომ" საკუთარ კარში მხოლოდ 10 გოლი (უფრო ნაკლები, მხოლოდ "დინამოს" ჰქონდა) გაუშვა და, ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, მეკარეების დამსახურებაა.
სეზონი ძირითადი მეკარის სტატუსით ომარ მიგინეიშვილმა (ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის, წინა სეზონშიც "ტორპედოში" რომ თამაშობდნენ) დაიწყო; ორი ტურის შემდეგ კი მისი ადგილი გუნდის ახალწვეულმა, წინა ჩემპიონატის ერთ-ერთმა აღმოჩენამ მაქსიმე ქვილითაიამ დაიკავა. სამწუხაროდ, ამ ნიჭიერ მეკარეს "ვიტ ჯორჯიასთან" სტუმრად მატჩში პოზიციის არასწორად შერჩევა ძირითადში ადგილის დაკარგვად დაუჯდა: იმავე შეხვედრაში, ქვილითაიას ნაცვლად შესვენების შემდეგ მოედანზე ომარ მიგინეიშვილი გამოჩნდა და პირველი ეტაპის ბოლომდეც უაღრესად საიმედოდ თამაშობდა (გამონაკლისი, ალბათ, "დინამოსთან" მატჩი იყო, როცა დავით მუჯირის საჯარიმო დარტყმის დროს სწორი პოზიცია ვერ შეარჩია). მიგინეიშვილი ერთგვარ რეკორდზეც მიდიოდა: ზედიზედ ექვსი შეხვედრა კარი მშრალად შეინახა, ვიდრე ჯაბა ლიპარტია მართლაც ეფექტურ გოლს არ გაუტანდა.
მოკლედ, ამ რგოლში გია გიგატაძეს პრობლემა ნამდვილად არ ექნება - გუნდს ორი უაღრესად კვალიფიციური მეკარე ჰყავს და ამათ შორის მეორე ეტაპზე სერიოზულ კონკურენციასაც უნდა ველოდოთ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამიერიდან "ტორპედოს" მეკარეების მწვრთნელად ამ სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი დავით გვარამაძე იმუშავებს.
მცველები
ის ფაქტი, რომ "ტორპედო" საკუთარ კარში ძალიან ცოტა გოლს უშვებდა, მეკარეებთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მცველების დამსახურებაც იყო. არადა, დაცვის ძირითადი ოთხეულიდან სამი გუნდის ახალწვეული გახლდათ, მაგრამ საიმედო ასპარეზობაში ამას ხელი არ შეუშლია. დაცვის მარჯვენა ფლანგზე 18-ვე მატჩი ჩაატარა დაჩი ფოფხაძემ, ვინც თავის კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს ატარებს. აი, საპირისპირო ფლანგზე მოასპარეზე თენგიზ ჩიკვილაძე კი პირველ ეტაპზე არამხოლოდ თავისი გუნდის, არამედ, საერთოდ, ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ.
მოდი, ჯერ ის ვთქვათ, რომ პირველ ეტაპზე "ტორპედოს" საუკეთესო ბომბარდირი ამპლუით მცველი ჩიკვილაძე იყო.
თუმცა, მეტოქის კარის დალაშქვრა ჩიკვილაძისთვის "უცხო" ნამდვილად არასდროს ყოფილა: სხვა გუნდებშიც (განსაკუთრებით, "ოლიმპსა" და "დინამოში") არაერთხელ გამოუვლენია ბომბარდირული თვისებები. აქვე, ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" უმაღლესი ლიგის ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტჯერ (შვიდჯერ) სწორედ ჩიკვილაძე მოხვდა; ამას გარდა, სამჯერ დავასახელეთ "თვის სიმბოლურ ნაკრებში" - რუსთავის "ოლიმპის" ნახევარმცველის რევაზ გეწაძის მსგავსად, ესეც საუკეთესო შედეგია; დაბოლოს, "ტორპედოდან" ერთადერთი მხოლოდ ჩიკვილაძე იყო, ვისაც, საერთოდ, პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში ადგილი მივუჩინეთ.
დაცვის ხაზზე ვსაუბრობთ და, რაღა თქმა უნდა, გუნდის კაპიტანი და მართლაც შეუცვლელი ფეხბურთელი, 35 წლის სევასტი თოდუა უნდა ვახსენოთ, რომლის უდიდესი გამოცდილება მნიშვნელოვნად განაპირობებდა "ტორპედოს" დაცვის საიმედოობას. ქართული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანი ქუთაისურ კლუბს ხუთწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და დაცვის ცენტრში თეიმურაზ ფარულავასთან ერთად ასპარეზობდა. იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე წრეში უფრო ხშირად მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება შესაშური ფიზიკური მონაცემების მქონე ცენტრალურ მცველს ნოდარ მაჭავარიანს - "ტორპედოს" ახალწვეულმა სეზონი ძირითადში დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
ნახევარმცველები
ამ რგოლის ფეხბურთელთაგან, გუნდის ქომაგები, ალბათ, უფრო მეტსაც მოელოდნენ; თუმცა, ზემოთ რომ არაერთხელ ვახსენეთ ახალწვეულთა შეუთამაშებლობა, სწორედ ნახევარმცველებზე ითქმის: წინა სეზონთან შედარებით, ერთადერთმა მხოლოდ გივი ჩხეტიანმა შეინარჩუნა ადგილი ძირითად შემადგენლობაში; არადა, ახალწვეულ ნახევარმცველებს - (დავით დიღმელაშვილს, გიორგი დათუნაიშვილს, თორნიკე თარხნიშვილს) არც გამოცდილება დაეწუნებათ და არც - ოსტატობა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ახალ გარემოსთან ადაპტირებისთვის საჭიროზე მეტი დრო დასჭირდათ. თუმცა, ნახევარმცველებს შორის მაინც იყო ისეთი ფეხბურთელი, გასაკრიტიკებლად ენა რომ არავის მოუბრუნდება. 17 წლის მერაბ გიგაურზე მოგახსენებთ, რამაზ მუმლაძემ უდიდესი ნდობა ასეთ ამბიციურ გუნდში ჯერ მიწვევით, მერე კი სულაც ძირითადში ადგილის მიცემით რომ გამოუცხადა. რა თქმა უნდა, ასეთ ასაკში მოთამაშეს განსაკუთრებულ სტაბილურობას ვერავინ მოსთხოვს, მაგრამ გიგაურს რომ მართლაც არცთუ ურიგო მონაცემები აქვს, ფაქტია.
თავდამსხმელები
18 შეხვედრაში გუნდი მეტოქეთა კარში 9 გოლს რომ გაიტანს, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ იქნება, თუ რატომ ჰქონდა "ტორპედოს" ასეთი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა. გასაგებია, რომ სეზონის დაწყებამდე, "დიდი ზარ-ზეიმით" შეძენილმა ზაურ ხაჭიპერაძემ იმედები ვერ გაამართლა (არადა, წინა სეზონში "სამტრედიაში" არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა); ისიც უნდა ვახსენოთ, რომ უკვე ჩემპიონატის მსვლელობისას შეძენილმა ვახტანგ კვარაცხელიამ (ერთადერთი ფეხბურთელი, პირველ ეტაპზე ერთდროულად ორი გუნდის შემადგენლობაში რომ აქვს გოლი გატანილი) ძალიან მალე ტრავმა მიიღო; მაგრამ, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბმაც და ხელმძღვანელობამაც სეზონის დაწყებამდე სელექციაში მთავარი შეცდომა სწორედ ამ რგოლის დაკომპლექტებისას დაუშვა. თუმცა, მეორე მხრივ, მერაბ გიგაურის მსგავსად, თავის გამოჩენის საშუალება ორ პერსპექტიულ ჭაბუკს ეძლეოდა და ამ ორივე ახალწვეულსაც (ნიკოლოზ საბანაძე, ლაშა კემუხტაშვილი) ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზიათ. ეპიზოდურად თუ გამოჩნდებოდნენ ხოლმე ის ადგილობრივი შემტევები, რომელთა დამსახურებითაც "ტორპედომ" უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა - ირაკლი ცნობილაძე, ლევან კირკიტაძე, რევაზ კვერნაძე.
P.S. "ტორპედომ" მესამე დღეა რაც ვარჯიში დაიწყო და პირველ ეტაპთან შედარებით გუნდში უკვე არაერთი ცვლილება მოხდა. უმთავრესი მოვლენა კი, რაღა თქმა უნდა, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გოლიადორის, გიორგი მეგრელაძის მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნებაა.
ტორპედოს ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
II ტური: ტორპედო-ოლიმპი 1:1
III ტური: ბაია-ტორპედო 1:0
IV ტური: ტორპედო-კოლხეთი 0:0
V ტური: სამტრედია-ტორპედო 1:0
I ტური: ზესტაფონი-ტორპედო 2:1
VI ტური: ტორპედო-სიონი 0:0
VII ტური: ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:0
VIII ტური: სპარტაკი-ტორპედო 1:2
IX ტური: ტორპედო-დინამო 1:1
X ტური: ტორპედო-ზესტაფონი 1:0
XI ტური: ოლიმპი-ტორპედო 0:0
XIV ტური: ტორპედო-სამტრედია 0:0
XII ტური: ტორპედო-ბაია 1:0
XIII ტური: კოლხეთი-ტორპედო 0:1
XV ტური: სიონი-ტორპედო 0:0
XVI ტური: ტორპედო-ვიტ ჯორჯია 0:1
XVII ტური: ტორპედო-სპარტაკი 1:0
XVIII ტური: დინამო-ტორპედო 1:0
მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი-14, მაქსიმე ქვილითაია-5;
მცველები: სევასტი თოდუა-18, დაჩი ფოფხაძე-18, თენგიზ ჩიკვილაძე-17(3), თეიმურაზ ფარულავა-15, გიორგი გურული-9, ნოდარ მაჭავარიანი-3;
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი-17, გივი ჩხეტიანი-17, თორნიკე თარხნიშვილი-16, დავით დიღმელაშვილი-15, მერაბ გიგაური-15(1), ნიკა კვასხვაძე-10, ვაჟა ლომაშვილი-9, რეზო კვერნაძე-4, თემურ სანიკიძე-1;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ საბანაძე-12(1), ლაშა კემუხტაშვილი-10(2), ვახტანგ კვარაცხელია-10(1), ზაურ ხაჭიპერაძე-7(1), ირაკლი ცნობილაძე-5, მიხეილ როსტიაშვილი-3, ლევან კირკიტაძე-2.
.
ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი ფოთის კოლხიდას სავალალო მდგომარეობაა,პირველი საფეხბურთო გუნდის საქართველოში და ადგილის საიდანაც ფეხბურთის არსებობა გაიგო საქართველომ. თქვენი საქმე არაა გუნდებისთვის იმიჯის შექმნა,თქვენი საქმეა მოვლენები ობიექტურად გააშუქოთ. და როცა კოლხიდაზე წერთ მგონი არაკორექტულია მის გვერდით ზესტაფონის,ოლიმპისა და მითუმეტეს გორის მოხსენიება,ვგულისხმობ საფეხბურთო წარსულისა და ტრადიციების მხრივ. და კიდევ, მაინტერესებ რატომ ეძახით კოლხიდას კოლხეთს? მის დაარსებას ვერ მოვესწარი,მაგრამ 1925 წლიდან ვგულშემატკივრობ ამ გუნდს და ჩვენ ყველთვის კოლხიდას ვეძახდით მას. მაინტერესებს რა მიზეზით შეიცვალა სახელი?