კოლხეთს ინიაშვილმა მოაგებინა

AutoSharing Option
სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო ფოთის "კოლხეთმა". უფრო ზუსტად "კოლხთა" მეორე გუნდმა, რომელსაც ზაზა ინიაშვილი ავარჯიშებს. მთავარი გუნდის თავკაცი ბესიკ შეროზია ჯერჯერობით ფოთში არ ჩასულა.

"მე ზუგდიდში ვარ, ფოთში კი ზაზა ინიაშვილი იმ ფეხბურთელებს ავარჯიშებს, რომლებმაც ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩაამთავრეს. ეს, ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობაა, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში სწორედ ამ კონტინგენტით ასპარეზობდა ჩვენი გუნდი.

ის კაცი არ ვარ, შუა გზაში მივატოვო გუნდი და ამიტომაც კლუბი არ დამიტოვებია. წასვლა ყველაზე იოლია, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. მინდა, კლუბის პრეზიდენტ თემურ ბარქაიას ვესაუბრო და გავარკვიო
გუნდის მომავალი. თუ ისევ ისე ვიქნებით, როგორც შარშან ბოლო თვეებში, ასე არაფერი გამოვა. ამბობენ, ყველაფერი კარგად იქნებაო და სწორედ ამის გასარკვევად მინდა ვესაუბრო პრეზიდენტს", - გვითხრა "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ.

ცხადია თემურ ბარქაიასთან შეხმიანება გადავწყვიტეთ, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერაფრით შევძელით. გავიგეთ მხოლოდ ის, რომ ფოთელებმა პირველ საკონტროლო შეხვედრაში "სამტრედია" 3:1 დაამარცხეს. ეს შეროზიას თანაშემწე დავით მახარაძემ გვაცნობა.

"სამტრედია" ვალტერ გუჩუას გოლით დაწინაურდა, ლემონჯავამ კი ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში "კოლხებმა" იძალეს და ჯერ მოისწრაფიშვილმა შემდეგ კი პერტენავამ თითო გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირეს.

გავიგეთ ისიც, რომ "კოლხეთის" ორი შემტევი ფეხბურთელი დათა სიჭინავა და დავით ციცხვაია თასის ნახევარფინალისტ "გაგრაში" ვარჯიშობს. გაგრელებს მათი დამატება უნდათ და მათ განზრახვას წინ ვერაფერი დაუდგება.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული