უმაღლესი ლიგის XIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ახლახან გასრულებულ ტურს შუა კვირაში გამართული თასის საპასუხო მეოთხედფინალების "გამოძახილიც" გვარიანად დაეტყო და, საერთოდაც, გადატვირთული კალენდარიც. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს თამაში (თანაც, მშვენიერ კლიმატურ პირობებში) ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია. აი, ჩვენთან კი, რატომღაც მუდმივად ამას აბრალებენ ხოლმე საკუთარი გუნდის წარუმატებლობას!

არადა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (თორმეტმა გუნდმა!) ზამთრის პაუზა ნაყოფიერად გამოიყენა და თურქეთში, ერთობ კომფორტულ პირობებშიც გაიარა მოსამზადებელი შეკრება.

აღარაფერს ვამბობთ ბოლო წლების კი არა, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატების 25-წლიან ისტორიაში მართლაც
სარეკორდო რაოდენობის ტრანსფერებზე, ამ ზამთრის პაუზის დროს ჩვენთან რომ განხორციელდა. თუმცა, უკვე მერამდენედ გვიხდება იმის აღნიშვნა, რომ რაოდენობა და ხარისხი ყოველთვის როდია "თანხვედრაში" და ამას მეორე წრის საწყისი ტურებიც ნათლად "ამტკიცებს": იმ სარეკორდო რაოდენობის ახალწვეულთა დიდმა ნაწილმა ჯერჯერობით ხომ დიდი ვერაფრით გაგვაკვირვა.

ამის მიუხედავად, ჩემპიონატი გრძელდება და ჩემპიონატის დაწყებიდან ასევე არაერთგზის ნახსენები ტერმინები ("ინტრიგა", "დაძაბულობა", "ცხრილში სიმჭიდროვე" და ასე შემდეგ) ამ ტურშიც აქტუალური იყო...

ლიდერობა... ერთი დღით!
ბათუმის "დინამოს" წარმატებული სერია გრძელდება და შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილი გუნდი მეორე წრეში კვლავაც 100-პროცენტიანი შედეგით ასპარეზობს! ჰო, საკუთარ მოედანზე (უფრო ზუსტად, მეზობლად, ქობულეთში) უწევს თამაში თუ სტუმრად, ბათუმელებისათვის სულ ერთია; ისევე, როგორც სულ ერთია, თუ რომელ მეტოქეს ეთამაშებიან: წინა ტურში ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატს, "დილას" მოუგეს, ახლა კი - სტუმრად "მერანს" (თანაც - მარტვილში).

ბათუმელებს თავიანთი მატჩი პარასკევს ჰქონდათ, მაშინ, როცა ზედა სამეულის სხვა გუნდები შაბათს თამაშობდნენ და მორიგი გამარჯვების მერე შოთა ჭეიშვილის გუნდიც, მართალია, ერთი დღით, მაგრამ მაინც მოგვევლინა სატურნირო ცხრილის სათავეში!

არაერთხელ თქმულა იმის შესახებაც, რომ ბათუმელთა გუნდის წარმატებული ასპარეზობა მთავარი მწვრთნელის ცოდნა-გამოცდილების ფაქტორსაც უკავშირდება და დაბალანსებულ და სტაბილურ შემადგენლობასაც.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ ზამთრის პაუზის დროს ბათუმელთა შემადგენლობა, ფაქტობრივად, არც შეცვლილა და მხოლოდ ერთი ახალწვეული დაიმატეს. ჰოდა, სწორედ ამ ახალწვეულმა, რუსთავის "მეტალურგიდან" გადმოსულმა გიორგი ქავთარაძემ გაიტანა კიდეც გამარჯვების მომტანი გოლი "მერანთან" მატჩის ბოლო წუთებზე!..

უნივერსალი კვეკვესკირი
გორის "დილას" ამ სეზონში სერიოზული ამბიციები აქვს და შემადგენლობაც, შესაბამისად, გააძლიერა; თუმცა წინა კვირაში, ხუთი დღის განმავლობაში ამ გუნდმა ორი მწარე მარცხი იწვნია: ჯერ იყო და, ჩემპიონატში ერთ-ერთ კონკურენტთან, ბათუმის "დინამოსთან" წააგო, მერე კი უმძიმეს სათასო დაპირისპირებაში დამარცხდა თბილისის "დინამოსთან".

თუმცა, უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ამ "დროებითი ჩავარდნიდან" სწორი დასკვნები გამოიტანა, საგრძნობლად გაძლიერებულ "ზუგდიდთან" თავისი გუნდის შემადგენლობაც გადაახალისა და შედეგიც მოიმკო! თანაც, 1-ლი ნოემბრის მერე "დილამ" პირველად შეძლო სამი და მეტი გოლის გატანა და "ზუგდიდი" დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა.

გამოსარჩევია "დილას" ახალგაზრდა უნივერსალის, ნიკა კვეკვესკირის სუპერშედეგიანი ასპარეზობა: 22 წლის ფეხბურთელმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა! ცნობისათვის: მიმდინარე ჩემპიონატში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როცა ფეხბურთელმა ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა: X ტურში თბილისის "დინამოს" გარემარბმა გიორგი პაპუნაშვილმა ცხინვალის "სპარტაკთან" (მაშინ ამ გუნდის სახელი ასეთი იყო) მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ნიკა კვეკვესკირი მართლაც უნივერსალი ფეხბურთელია: 17 წლისა გამოჩნდა უმაღლეს ლიგაში და მარჯვენა მცველის პოზიციაზე წარმატებითაც გამოდიოდა; საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით მარცხენა მცველადაც უთამაშია.

მერე, თბილისის "დინამოში" რომ გადმოვიდა, "საყრდენად" მოგვევლინა, ისე, როგორც ცხინვალის "სპარტაკსა" თუ ალექსანდრე ჩივაძის ფორმაციის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში... ცენტრალურ მცველადაც! აი, ამ სეზონიდან კი უჩა სოსიაშვილმა ამპლუა შეუცვალა და კვეკვესკირსაც, უმეტეს მატჩებში... გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშებს! ჰოდა, შედეგიც სახეზეა: 7 გოლი კარიერის საუკეთესო შედეგია.

კვეკვესკირის კარიერა ზუგდიდის "ბაიაში" დაიწყო და ამ გუნდთან ერთად გაიარა გზა მეორიდან უმაღლეს ლიგაში. უმაღლეს ლიგაში დებიუტიც ამ გუნდის შემადგენლობაში ჰქონდა, თანაც, იმ დროს "ბაიას" ბესიკ შეროზია თავკაცობდა და ბედის ირონიით, კვეკვესკირმა კარიერაში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი სწორედაც მშობლიურ გუნდთან დაპირისპირების დროს შეასრულა.

გასაოცარი ზესტაფონი და რუსთავი
არცთუ შორეულ წარსულში რუსთავსაც და ზესტაფონსაც სამრეწველო ქალაქებად მოიხსენიებდა ყველა და საფეხბურთო ცხოვრებაც ისეთი იყო, ვერავინ დაემდურებოდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2006 წლიდან მოყოლებული, თბილისის "დინამოს" საჩემპიონო ჰეგემონიას სწორედ ამ ქალაქის გუნდები (ერთხელ "ვიტ ჯორჯიაც") არღვევდნენ.

თუმცა მიმდინარე სეზონში "ზესტაფონიც" და "მეტალურგიც" იმდენ პრობლემას წააწყდნენ, არც არასდროს რომ ყოფილა და ვერც ვერავინ წარმოიდგენდა. ყოველივე ამის მიუხედავად, ეს ორივე გუნდი მოედანზე გადის და მაქსიმუმს აკეთებს წარმატებისთვის.

აი, ახლაც, "ზესტაფონმა" უმნიშვნელოვანესი მატჩი (აი, ექვსქულიანს რომ ვეძახით ხოლმე) მოუგო ზამთრის პაუზის დროს საგრძნობლად გაძლიერებულ "სიონს"; თანაც, გიორგი მიქაძის დამოძღვრილმა გუნდმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და კვლავაც შედეგიანად ითამაშა: უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ "ზესტაფონს" აქვს გატანილი (ისე, როგორც ყველაზე მეტი გაშვებული)!

ასევე "ოქროს ქულა" აიღო "მეტალურგმაც", რომლის პრობლემები უკვე მართლაც ქრონიკული გახდა; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შუა კვირაში, საჩხერეში საპასუხო მატჩზე გასამგზავრებელი ფული ნაცნობ-მეგობრებში და ერთი-ორი რუსთაველი კერძო ბიზნესმენის კეთილი ნებით "აგროვდა"!

ტურის რჩეულნი
მოგეხსენებათ, უკვე წლებია, ყოველი ტურის მერე "ლელო" "ტურის სიმბოლურ ნაკრებს" რომ გთავაზობთ ხოლმე; თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ისეც მომხდარა, როცა "ტურის სიმბოლურ ნაკრებზე" უარი შეგნებულად გვითქვამს!

ამის მიზეზიც, ვფიქრობთ, ცნობილი უნდა იყოს "ლელოს" მკითხველისათვის: აი, სეზონის ბოლოს, ტურის ლამის ყოველი მეორე-მესამე მატჩი "მასხარაობას" რომ ემსგავსება ხოლმე და ასეთი "უნიჭო სპექტაკლებიდან" ვინმეს გამორჩევაც, უბრალოდ, თავის მოტყუება უნდა იყოს.

საბედნიეროდ, ამ სეზონში ჯერჯერობით მსგავსი არაფერი მომხდარა და გასულ ტურშიც იმდენმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი (არა მხოლოდ გოლებით), რომ XIX ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზოგიერთის ადგილი ვერც მოიძებნა (მაგალითად, ალექსანდრე კოშკაძის, საბა ლობჟანიძის, გიორგი ილურიძის, გრიგოლ ბედიაშვილის და ასე შემდეგ).

ისე, თითქმის ყველა სიმბოლური ნაკრები მუდამ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და, ალბათ, არც ეს იქნება გამონაკლისი. თუმცა, როგორ შეიძლება გვერდი აგვევლო ზემოთ ხსენებული ნიკა კვეკვესკირის ჰეთ-თრიქზე; "ზესტაფონის" ცნობადი ახალწვეულის, 33 წლის ოთარ ხიზანეიშვილის ჩინებულად შესრულებულ საჯარიმო დარტყმაზე; "ცხინვალის" 22 წლის გარემარბის, ლაშა შინდაგორიძის უკვე მერამდენედ გამორჩეულ მატჩსა თუ გოლზე; ასევე, "ცხინვალის" ახალგაზრდა საყრდენის, 22 წლის ბიძინა მახარობლიძის უაღრესად სასარგებლო თამაშზე თუ სხვა.

ფაქტები, მოვლენები
პირველ წრეში 15 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ამა თუ იმ გუნდის ფეხბურთელმა პენალტი ვერ გამოიყენა; და აი, მეორე წრის დაწყებიდან 4 ტური გავიდა და მხოლოდ ახლა მოხდა მსგავსი ფაქტი: "ტორპედოს" მეკარემ, ბექა შეყრილაძემ ისედაც გამორჩეული მატჩი ჩაატარა "ვიტ ჯორჯიასთან" და ამასთან, "ვეტერინართა" შორის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის, ნიკა მაისურაძის დარტყმული პენალტიც მოიგერია!

სხვათა შორის, ამ მოგებით "ტორპედომ" დანავსული სერიაც შეწყვიტა და ეს იყო გიორგი დარასელიას პირველი გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ.

გასულ ტურში, ჰეთ-თრიქის გარდა, ერთი დუბლიც შესრულდა: "ზესტაფონის" 24 წლის ახალწვეულმა ირაკლი სიხარულიძემ "სიონის" კარში ორი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, სიხარულიძემ პირველ წრეში "მეტალურგის" მაისურით 3 ბურთი გაიტანა და ახლა ზამთრის პაუზის მერე ახალ გუნდში ოთხი ტური "ეყო" იმავე შედეგის გასამეორებლად.

გასულ ტურში კიდევ ორი ფეხბურთელი მიემატა იმათ რიცხვს, რომლებმაც ამ სეზონში სხვადასხვა გუნდის მაისურით შეძლეს გოლების გატანა: გიორგი ქავთარაძეზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ, 25 წლის დათა სიჭინავამ კი "სიონის" შემადგენლობაში პირველად გამოიჩინა თავი (რა თქმა უნდა, "საფირმო სტანდარტულით").

ასევე ორი ფეხბურთელი მიემატა სხვა "ნომინაციასაც": "ტორპედოს" 34 წლის ნახევარმცველმა შოთა ბაბუნაშვილმა შეცვლაზე შემოსულმა შეძლო გოლის გატანა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო გამოცდილი ფეხბურთელის პირველი გოლი მშობლიური გუნდის მაისურით... თერთმეტწლიანი პაუზის მერე!

ასევე შეცვლაზე შემოსულმა შეძლო გოლის გატანა "სიონის" ახალწვეულმა, 26 წლის გიორგი მიქაბერიძემ, რომელმაც ისე, როგორც ლევან გეგეჭკორმა ("მერანი"), ამ სეზონში პირველად გამოიჩინა თავი.

ასევე გამოსარჩევი ფაქტ(ებ)ი მოხდა ტურის ცენტრალურ მატჩშიც ("ცხინვალი"-"სამტრედია"): მასპინძელთა 21 წლის პლეიმეიკერმა რატი ცაცკრიალაშვილმა უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა, 22 წლის მცველს, ვასიკო ბაჩიაშვილს უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა, ხოლო 24 წლის თორნიკე თარხნიშვილი საქართველოს ჩემპიონატს ორწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. XIX ტური
შუქურა-დინამო (თბ) 0:1 - რევანში არ შედგა [VIDEO]
დილა-ზუგდიდი 4:0 - ვინ გააჩერებს კვეკვესკირს? [VIDEO]
მერანი-დინამო (ბთ) 1:2 - ეს ტრადიცია არ არის [VIDEO]
ცხინვალი-სამტრედია 2:1 - დაიმსახურეს! [VIDEO]
ზესტაფონი-სიონი 4:2 - ოთხთვიანი პაუზის შემდეგ... [VIDEO]
კოლხეთი-გურია 0:1 - მაინც ვერ გადაარჩინეს [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:1 - სერია აუტსაიდერთან დასრულდა [VIDEO]
მეტალურგი-ჩიხურა 0:0 - ოქროს ქულა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ