დინამო ჩემთვის დიდი სტიმული და გამოწვევაა

AutoSharing Option
სამწლიანი განშორების შემდეგ 27 წლის თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდა. "ამერის" ყოფილი ფორვარდი სეზონს ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდში, თბილისის "დინამოში" განაახლებს.

- საქართველოში საახალწლოდ რომ დავბრუნდი, კლუბის შეცვლას ვფიქრობდი. ზაპოროჟიეს "მეტალურგში" დარჩენაც შემეძლო, მაგრამ უფრო ამბიციურ გუნდში მსურდა თამაში. მით უმეტეს, მინდა, კვლავ ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში. ახალი კლუბის არჩევისას სწორედ ნაკრებში მოხვედრა იყო ჩემი ორიენტირი. კარგა ხანია, მესმის, რომ თემურ ქეცბაია ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეებს ნაკრებში მოსახვედრად შანსს აძლევს და მეც თანახმა ვიყავი, საქართველოში მეთამაშა. ორი ქართული კლუბი დაინტერესდა ჩემით.
ორიდან ერთი "დინამო" იყო. მოლაპარაკება რამდენიმე დღე გაგრძელდა და უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, "დინამოში" ვითამაშებ.

- კონტრაქტი უკვე გააფორმეთ? ხელშეკრულება რა ვადისაა?
- ყველა პირობაზე შევთანხმდით, კონტრაქტს ამ დღეებში გავაფორმებ. ვადა 6 თვე პლუს 2 წელიწადია.

- ზაპოროჟიეს "მეტალურგი" უპრობლემოდ დატოვეთ?
- უკრაინულ კლუბთანაც ასეთი კონტრაქტი მქონდა. 6 თვის შემდეგ უპრობლემოდ შემეძლო წამოსვლა. ზაპოროჟიელებს ჩემი შენარჩუნება უნდოდათ, მაგრამ, კონტრაქტის მიხედვით, ჩემი სიტყვა გადამწყვეტი იყო და პრობლემა არ შემქმნია, "დინამოში" უსასყიდლოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავედი.

- ჩემით ორი ქართული კლუბი დაინტერესდაო, თქვით. მეორე რომელი იყო? ვიცით, უცხოური ვარიანტებიც.
- მეორე რუსთავის "ოლიმპი" იყო, მაგრამ უკვე დინამოელი ვარ. უკრაინიდან "სევასტოპოლის", "ზარიასა" და "ტავრიას" ვარიანტები იყო. სხვა უცხოურ გუნდებზეც მითხრეს, მაგრამ უკვე "დინამოსთან" ვაწარმოებდი მოლაპარაკებას და სხვა კლუბებით აღარ დავინტერესებულვარ.

- ახალ გუნდში უკვე ვარჯიშობთ. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?
- რა თქმა უნდა, დადებითი. ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის "დინამოში" თამაში დიდი პატივია, საამაყოა და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომაც ჩემს ცხოვრებაში ახალი, "დინამოს" ხანა იწყება და საკმაოდ მონდომებული ვარ. მინდა ეს პერიოდი წარმატებული იყოს და ეროვნულ ნაკრებამდე მიმიყვანოს. "დინამოს" დიდი მიზნები აქვს და ყველანაირად შევეცდები, ჩემი წვლილიც შევიტანო საერთო საქმეში.

- "დინამოს" თავკაც კახა კაჭარავას თუ ესაუბრეთ?
- მთავარ მწვრთნელს შევხვდი და გუნდში არსებულ სიტუაციაზე, მიზნებზე, მომავალზე ვილაპარაკეთ. იგი ჩემი პიროვნული თვისებებით დაინტერესდა. მასთან ლაპარაკში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დისციპლინას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ეს მართლაც უმთავრესი მომენტია. კაჭარავა თითქმის სრულად იცნობს ჩემს შესაძლებლობებს და იმედი მაქვს, ჩვენი ერთობლივი მუშაობა შედეგიანი და წარმატებული იქნება.

- ახალი გუნდი ახალი გარემოა, როგორ შეეგუეთ?
- გუნდის კაპიტან ალექსანდრე კოშკაძეს დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ მეგობრები ვართ. სხვა ფეხბურთელებსაც ვიცნობდი. ასე რომ, ადაპტაციის პრობლემა არ მექნება.

- ამბიციურ გუნდში თამაში მინდოდაო, თქვით და "დინამოს" სწორედ ასეთი მიზნები აქვს.
-გუნდის ამბიცია ჩემთვის ყოველთვის დიდი სტიმული და გამოწვევაა. "დინამო" ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ზაფხულიდან კი ევროტურნირზე რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვიასპარეზოთ.

- ალბათ, თქვენს პოზიციაზე, ცენტრალურ თავდამსხმელად ითამაშებთ.
- ცენტრფორვარდი ვარ, მაგრამ შემტევ ნახევარმცველადაც მითამაშია. ყველაზე შედეგიანი თავდასხმის ცენტრში ვარ, მაგრამ თუ გუნდს დასჭირდება, სხვა პოზიციაზე ვითამაშებ. ეს მწვრთნელმა ჩემზე უკეთ იცის და ის გადაწყვეტს.

- ნომერი უკვე შეარჩიეთ?
- ჯერ არა. წინა გუნდებში 18 ნომრით ვთამაშობდი და თუ "დინამოში" ეს ნომერი თავისუფალი იქნება, ისევ ავირჩევ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული