ფავორიტების რისხვა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" უმაღლეს ლიგაში XVI სეზონს ატარებს და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ იყო, გუნდს საჩემპიონო ამბიცია რომ ჰქონდა. დანარჩენ შემთხვევებში "სიონი" სტაბილურად იყო დამკვიდრებული სატურნირო ცხრილის შუაგულში და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონიდან მოყოლებული, მოტივაციის ნაკლებობა გუნდს ხშირად ჰქონდა; ანუ, იშვიათზე-იშვიათი გამონაკლისის გარდა, "სიონს" უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების საფრთხე არასდროს დამუქრებია, ზემოთნახსენები იმ ორი სეზონის (2003-04, 2005-06) გარდა არც მედლებისთვის უბრძოლია და ასე დაიმკვიდრა კიდეც სტაბილური და უამბიციო გუნდის სახელი.

თუმცა, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, "სიონმა" სხვა "ტრადიციაც" დაამკვიდრა:

უკვე წლებია, ეს
გუნდი თავის საშინაო მატჩებს განსაკუთრებულად მონდომებით ატარებს და მართლაც შორს წაგვიყვანს იმ შემთხვევების გახსენება, როცა ფავორიტის სტატუსით ჩასული გუნდები ბოლნისიდან უქულოდ წამოსულან. რა თქმა უნდა, "ტრადიციას" გაგრძელება სჭირდება და გამონაკლისი არც ეს სეზონი იყო, ოღონდ, ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ; მანამდე კი ის ვთქვათ, რომ "სიონი" XXII ჩემპიონატშიც, ფაქტობრივად, ერთ-ერთ (გნებავთ, ერთადერთ) უმოტივაციო გუნდად რჩება: თასზე ბრძოლას გამოეთიშა, ლიდერთა სამეულს ვერ "შეავიწროვებს" და სასწაულიც თუ არ მოხდა, წესითა და რიგით, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეც არ უნდა დაემუქროს. და ეს, იმის მიუხედავად, რომ პირველი ეტაპის შემდეგ "სიონს" მხოლოდ 2 ქულა აშორებს სახიფათო ზონას, - ამის თქმის საფუძველს კი ბოლნისური კლუბის მეტ-ნაკლებად "ნორმალური" ფინანსური მდგომარეობა და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ასევე მეტ-ნაკლებად "მისაღები" შემადგენლობა გვაძლევს.

ჰო, შესაძლოა, ამ ქვემოქართლურ კლუბში ზღაპრული ხელფას-პრემიები არ არის, მაგრამ, უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდისგან განსხვავებით, პირველ ეტაპზე "სიონს" "არასაფეხბურთო პრობლემები" ნამდვილად არ შექმნია. ეგ კი არა, ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ვივარაუდეთ, რომ XXII ჩემპიონატში ბოლნისელებს ბევრად უფრო ამბიციური გუნდი ეყოლებოდათ; ჩვენი ოპტიმიზმი კი, კლუბის ძველ-ახალი სპონსორის გამოჩენას ეფუძნებოდა: შარშან ზაფხულშივე გაირკვა, რომ "სიონს" კვლავაც "მადნეული" დააფინანსებდა, ხოლო კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გია არევაძე დაინიშნა; შეგახსენებთ, რომ ქვემოქართლელთა საჩემპიონო სეზონში (2005-06 წლები) "სიონის" მთავარი სპონსორი "მადნეული" იყო, ხოლო გია არევაძე იმ დროისათვის ბოლნისის გამგებელი გახლდათ და ამ პროვინციული გუნდის ტრიუმფში არცთუ მოკრძალებული წვლილიც შეიტანა.

ასეთ სოლიდურ სპონსორს ჩვენთან მართლაც ბევრი გუნდი ინატრებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მთელი რიგი ბიუროკრატიული "მექანიზმების" წყალობით, კლუბის "მადნეულის" საკუთრებაში გადასვლა ვერა და ვერ მოხერხდა; იმედია, ამ, ერთი შეხედვით, ფორმალურ, მაგრამ რეალურად კი გაჭიანურებულ პროცესს, ჩემპიონატის ბოლომდე, როგორმე, მოევლება და ყოველივე ეს კი, იმის საწინდარი უნდა გახდეს, რომ სამომავლოდ ბოლნისში მეტად და მეტად ბრძოლისუნარიანი და ამბიციური გუნდის ჩამოყალიბებაზე იზრუნონ. ისე, წინა სეზონებთან შედარებით, რაღაც გარკვეული წინსვლა იგრძნობა: ბოლო დროს "სიონში" ხომ ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული, "საკადრო რევოლუციები"; ჰო, მართლაც ასე იყო: ყოველ ექვს თვეში ძირითადი შემადგენლობის 70-80 პროცენტი იცვლებოდა, ერთ სეზონში სამი-ოთხი მწვრთნელის მოხსნა-დანიშვნაც ხომ ჩვეულებრივ ამბად აღიქმებოდა და ასე შემდეგ.


ტრადიცია გრძელდება
სეზონის დაწყებამდე კლუბის ხელმძღვანელობამ, ცოტა არ იყოს, სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, როცა "სიონის" გაწვრთნა დებიუტანტ სპეციალისტს, გიორგი ყიფიანს ანდო. "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ ფლეიმეიქერს (აქტიური კარიერა ისრაელში რომ დაასრულა), მანამდე არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება გააჩნდა, თუმცა გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ 32 წლის ყიფიანს ახალ ასპარეზზე თავი ურიგოდ ნამდვილად არ წარმოუჩენია. რა თქმა უნდა, იმის ილუზია არავის ჰქონდა, რომ დებიუტანტი მწვრთნელის დამოძღვრილი "სიონი" ამ სეზონშივე მედლებისათვის იბრძოლებდა; თუმცა, იმაში კი ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ ქვემოქართლელები უბრძოლველად არც ერთ შეხვედრას დათმობდნენ: სეზონის დაწყების წინ გუნდში მეტ-ნაკლებად ნორმალური სელექცია ჩატარდა და ყველაფერი უკვე დროის ფაქტორზე იყო დამოკიდებული. ანუ, რამდენად შეძლებდნენ ფეხბურთელები ერთმანეთთან შეთამაშებას და რამდენად მალე გაერკვეოდა ჩვენი ჩემპიონატის "შიდა და გარე დინებებში" ბოლნისური კლუბის დებიუტანტი მწვრთნელი.

ყიფიანი, რა თქმა უნდა, მარტო არ იყო - მის გვერდით ხომ გიორგი ყიფშიძეც გახლდათ, ჯერ ფეხბურთელობისას, მერე კი მწვრთნელობისას "სიონთან" ერთად ორი ათეული წელიწადის განმავლობაში არაერთი წარმატება თუ წარუმატებლობა რომ უნახავს. ჰოდა, დამწყები და გამოცდილი მწვრთნელების "დუეტის" საქმიანობა პირველი ეტაპის მიხედვით, ალბათ, მაინც დამაკმაყოფილებლად უნდა შევაფასოთ; ეგ კი არა, ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, "სიონს", სულ მცირე, სამი-ოთხი ქულით მეტიც ჰქონოდა, მაგრამ ასე რომ არ მოხდა, ამის მიზეზები სუბიექტურიც იყო და ობიექტურიც; ერთ-ერთი მიზეზი, რაღა თქმა უნდა, არასტაბილურობა იყო: მთლიანად პირველ ეტაპზე მხოლოდ სექტემბერი და ოქტომბრის დასაწყისი იყო, გუნდი რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა; ნუ დაგვავიწყდება ისეთი ფაქტებიც, როცა "სიონმა" რამდენიმე ქულა არაობიექტური მსაჯობის გამო დაკარგა (უპირველესად, 15 სექტემბერს სტუმრად "ბაიასთან" შეხვედრას ვგულისხმობთ); დავუმატოთ ამას ცალკეული ფეხბურთელების ტრავმები, საგოლე მომენტების გამოყენების ერთობ დაბალი მაჩვენებელი და მთლიანობაში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამაკმაყოფილებლად უნდა მივიჩნიოთ.

ზემოთ, არასტაბილურობა ვახსენეთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყოველივე ეს ბოლნისური კლუბისთვის უკვე წლების განმავლობაში "დამახასიათებელ ნიშნადაც" იქცა; ანუ, ადრეც არაერთხელ ყოფილა, როცა თავისზე ბევრად ძლიერ გუნდებთან "სიონი" განსაკუთრებულად მოტივირებულად ასპარეზობდა, სამაგიეროდ, უფრო სუსტებთან კი ქულას-ქულაზე ანიავებდა. ამ მხრივ გამონაკლისი, რაღა თქმა უნდა, არც XIII ჩემპიონატი იყო და უპირველესად, ზემოთნახსენები "სიონის" წარმატებულ პერიოდს გავიხსენებთ.

ზუგდიდში, თითქმის "ძალით" წართმეულ გამარჯვებას არანაკლებ რთული გასვლითი მატჩი მოჰყვა: "სიონმა" შეძლო და ქუთაისიდანაც ქულა წამოიღო (არადა, იმ შეხვედრის წინ "ტორპედო" უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა); თუმცა, ბოლნისურ კლუბს მთავარი გამოცდა წინ ჰქონდა: ათდღიან ინტერვალში სამი საშინაო მატჩი უნდა ჩააეტარებინა, თანაც ჩემპიონატის სამივე ფავორიტთან! საბოლოო შედეგი ისეთი იყო, ყველაზე ოპტიმისტი ბოლნისელი ქომაგი რომ ვერ წარმოიდგენდა: გიორგი ყიფიანის გუნდმა "დინამოსაც" მოუგო, "ოლიმპსაც" და მხოლოდ "ზესტაფონთან" დამარცხდა.

თუმცა, ასეთი წარმატებული მატჩების ფონზე როგორც უკვე ვთქვით, სერიოზული ჩავარდნებიც იყო; აბა, სხვა რა სახელი უნდა დავარქვათ იმ ფაქტს, როდესაც "სიონმა" საკუთარ მოედანზე წააგო "ბაიას", ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობასთან; ამას გარდა, გუნდმა საკმაოდ სუსტად ჩაატარა პირველი ეტაპის დასკვნითი ეტაპი: თასის მეოთხედფინალსაც დაემშვიდობა და ჩემპიონატის ბოლო ოთხ შეხვედრაში 3 მატჩი წააგო და 1 ფრედ ითმაშა (ბურთების სხვაობა: 1-9).


მეკარეები
ერთი შეხედვით, "სიონის" ქომაგებს ამ რგოლის მიმართ სანერვიულო არაფერი უნდა ჰქონდეთ: უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ერთი-ორგან თუ შევხვდებით მსგავს სიტუაციას, როცა კლუბში ერთმანეთზე გამოცდილი ორი მეკარე ირიცხება. 30 წლის მირზა მერლანს არაერთ ქართულ კლუბში უასპარეზია და რომ არა სხვადასხვა პრობლემები (ალბათ, უფრო - არასაფეხბურთო), უფრო მაღალ დონეზეც უნდა ეთამაშა. მერლანი "სიონის" ახალწვეულია და მხოლოდ ხუთ მატჩში დაიცვა ბოლნისური გუნდის კარი; აი, მინდია ბობღიაშვილი კი "სიონის" ვეტერანად უნდა მოვიხსენიოთ: 27 წლის მეკარე უკვე მეშვიდე სეზონია ამ ქვემოქართლურ კლუბშია და თითქმის ყოველ ექვს თვეში ახალ-ახალი კონკურენტიც გამოუჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც ახერხებდა გუნდის ნომერ პირველი მეკარის სტატუსის შენარჩუნებას.


მცველები
ბობღიაშვილის მსგავსად, "სიონის" მცველთა უმრავლესობა, უკვე წლებია, რაც ამ კლუბის ღირსებას იცავს - მიხეილ კობაური, მურმან ქურასბედიანი, თემურ რაქვიაშვილი; თუმცა, იმავე კობაურისა და რაქვიაშვილის ტრავმებმა "სიონის" დაცვის ხაზში (განსაკუთრებით, ფლანგებზე) გარკვეული კორექტივები შეიტანა. ოღონდ ყოველივე ამას სერიოზული პრობლემები არ მოჰყოლია: ლაშა ჭელიძეს დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში; ამას გარდა, "სიონში" ხომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე, გივი დიდავა ასპარეზობს - 34 წლის ვეტერანი თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ცენტრფორვარდად და მეკარედ არ გვინახავს, თორემ დანარჩენ ყველა პოზიციაზე უპრობლემოდ თამაშობს.

"სიონის" დაცვის ლიდერად კი ასევე გამოცდილი ფეხბურთელი, 28 წლის სერგი ორბელაძე უნდა მივიჩნიოთ, ვისთან ერთადაც დაცვის ცენტრში ხშირად ვხედავდით გუნდის ახალწვეულს, 20 წლის გიორგი თარგამაძეს.


ნახევარმცველები
ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი იყო, 18-ვე მატჩი შეუცვლად რომ ჩაატარა და ერთ-ერთი მათგანი "სიონის" გამოცდილი შუახაზელი, ლაშა ნოზაძე გახლდათ. 30 წლის მოუღლელი ნახევარმცველი ბოლნისური კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და უფრო ხშირ შემთხვეებში, მოედნის ცენტრში გივი დიდავასთან ერთად ასპარეზობდა. ნახევარდაცვის ფლანგებზე ძირითადად ლაშა ვაშაკიძე და ვლადიმერ უგრეხელიძე ასპარეზობდნენ და უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავაც იქცა გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად. სამწუხაროდ, ეპიზოდურად თუ უხდებოდათ ასპარეზობა გამოცდილ ნახევარმცველებს ლევან სანიკიძესა და გიორგი მელქაძეს, აი, "სიონის" ორ ახალწვეულს, გიორგი ჩივაძესა და ვაჟა ნემსაძეს, ალბათ, უფრო მეტიც მოეთხოვებათ. ყოველ შემთხვევაში, საფეხბურთო დინასტიების ეს ორი გამგრძელებელი მხოლოდ გვარის გამო რომ არ მიუწვევიათ "სიონში", ამას არავინ უარყოფს და იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე ეტაპზე ბევრად უკეთ შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. ისე როგორც ბოლნისური ფეხბურთის კიდევ ერთი აღზრდილი (ქურასბედიანისა და უგრეხელიძის მსგავსად), ათლეტური აღნაგობის ნახევარმცველი გიორგი ოქროპირიძე.


თავდამსხმელები
ბოლნისური კლუბის ქომაგებს და "სიონის" მწვრთნელებსაც ყველაზე მეტი პრეტენზია, ალბათ გუნდის შეტევის ხაზის ფეხბურთელებთან უნდა ჰქონოდათ; ყოველ შემთხვევაში, 18 მატჩში მეტოქის კარში გატანილი 12 გოლი (ამ მხრივ, მხოლოდ "ტორპედოს" სჯობიან) ვერაფერი შედეგია. არადა, გუნდის სამივე ფორვარდი საკმაოდ გამოცდილი იყო, მაგრამ რევაზ გოცირიძემ მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, მიხეილ ბობოხიძემ - ერთი, ხოლო გია თოდუამ (ვინც, უფრო ხშირად შეცვლებზე შემოდიოდა) - ვერც ერთი. პირველ ეტაპის დასრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა "სიონმა" კიდევ ერთი გამოცდილი ფორვარდი რომ დაიმატა - გიორგი ნოდარის ძე ჭელიძე. ისე, ფორვარდთაგან თუ ვინმეს მიმართ არ ექნება სასაყვედურო არავის, გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელი ვილი ისიანია - 19 წლის შემტევმა, ისე როგორც წინა, თავის სადებიუტო სეზონში, ახლაც ენერგიული თამაშით დაგვამახსოვრა თავი და მეტოქეთა კარში 2 გოლიც გაიტანა.


''სიონის'' ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
II ტური: სიონი -კოლხეთი 0:0
II ტური: სამტრედია-სიონი 0:1
IV ტური: სპარტაკი-სიონი 3:0
V ტური: სიონი-ვიტ ჯორჯია 0:0
I ტური: ბაია-სიონი 2:2
VI ტური: ტორპედო-სიონი 0:0
VII ტური: სიონი-დინამო 1:0
VIII ტური: სიონი-ზესტაფონი 1:3
IX ტური: სიონი-ოლიმპი 2:1
X ტური: სიონი-ბაია 1:3
XI ტური: კოლხეთი-სიონი 0:0
XIVტური: ვიტ ჯორჯია-სიონი 1:0
XII ტური: სიონი-სამტრედია 1:0
XIII ტური: სიონი-სპარტაკი 2:0
XV ტური: სიონი-ტორპედო 0:0
XVI ტური: დინამო-სიონი 2:0
XVII ტური: ზესტაფონი-სიონი 4:0
XVIII ტური: ოლიმპი-სიონი 3:1

მეკარეები: მინდია ბობღიაშვილი-13, მირზა მერლანი-5;
მცველები: სერგი ორბელაძე-16(1), გივი დიდავა-15, მურმან ქურასბედიანი-14, მიხეილ კობაური-13, ლაშა ჭელიძე-13(1), გიორგი თარგამაძე-12, თემურ რაქვიაშვილი-9, ვაჟა ქორიძე-4;
ნახევარმცველები: ლაშა ნოზაძე-18(1), ვლადიმერ უგრეხელიძე-17(1), ლაშა ვაშაკიძე-15(1), ვაჟა ნემსაძე-8, გიორგი ჩივაძე-6, ლევან სანიკიძე-6, გიორგი მელქაძე-5(1), გიორგი ოქროპირიძე-4, მანუჩარ ოქროპირიძე-2, ლევან ჩხეტიანი-2;
თავდამსხმელები: რევაზ გოცირიძე-16(2), ვილი ისიანი-14(2), გია თოდუა-12(0), მიხეილ ბობოხიძე-11(1), გიორგი ნოდარის ძე ჭელიძე-1.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული