"საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის ნაწილი "პირველ არხზე" გაშუქდა. თუმცა ხელშეკრულება ამოიწურა და 2011 წლიდან ახალ პროექტზე ვმუშაობთ. რომელი არხი გააშუქებს პირველობას, ჯერ არ გადაწყვეტილა. მოლაპარაკება "პირველ არხთან" მიმდინარეობს და გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ამ არხზე პროექტი. არის ვარიანტი, პირველობამ "მზეზე" გადაინაცვლოს - მოლაპარაკება ამ კომპანიასთანაც მიმდინარეობს.
არის მესამე ვარიანტიც, მაგრამ ჯერ ამის თაობაზე ლაპარაკს მოვერიდები. თუ
დვალიშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელ არხზეა ლაპარაკი და, ცხადია, დავინტერესდით, ხომ არ აქვს მოლაპარაკება საკაბელო არხების ახალ ქსელ "გლობალ მედია გრუპთან", რომელსაც მამუკა გამყრელიძე და ბიძინა ბარათაშვილი ხელმძღვანელობენ? ცნობილია, რომ "გლობალ მედია გრუპი", რომელიც ეთერში მალე გავა, ექვსი საკაბელო არხიდან ორს სპორტს დაუთმობს - ფეხბურთს და ზოგადად სპორტს.
"უმაღლესი და პირველი ლიგების თამაშების გაშუქება უფრო ვრცელი ფორმატითაა საჭირო.
შესაძლოა, ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ინტერესი პირველი ლიგის მატჩების მიმართაც არსებობს. თუმცა რომელ საკაბელო არხზეა ლაპარაკი, ჯერ ამის დაკონკრეტება არ მსურს", - ამბობს ფედერაციის პრესატაშე.
დვალიშვილი სხვა პროექტზეც გველაპარაკა:"ჩვენს ფეხბურთს ყველა სახით სჭირდება პოპულარიზაცია, რათა მაყურებელში რაც შეიძლება მეტი ინტერესი გამოვიწვიოთ. ამჟამად ლაპარაკია პირველობის გაშუქების არა მხოლოდ სატელევიზიო, არამედ რადიოვერსიაზეც.
დღეს "რადიო 1"-ის ხელმძღვანელობას შევხვდი და პროექტი შევთავაზე. მისი განხორციელება ჩემპიონატს ძალიან წაადგება. თუ შევთანხმდებით, ეს იქნება 2-საათიანი დინამიკური პროექტი, ჟურნალისტებს ყველა მატჩიდან ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, მსმენელს შევთავაზებთ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების კომენტარებს. ამას გარდა, ამოქმედდება სმს-ს ტოტალიზატორი და ვიქტორინა, რაც საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეიძენს და გულშემატკივარი ჩვენი პირველობის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გაეცნობა.
"რადიო 1" მთელ საქართველოს ფარავს, რაც გადაცემის უდიდესი პლუსი იქნება. რაც მთავარია, რადიოს ხელმძღვანელობაა პროექტით დაინტერესებული".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.