თანაც, "კოლხეთს" ეს პატივი არა პოლიტიკური ან "სხვა" გადაწყვეტილებით, არამედ ჭეშმარიტად სპორტული პრინციპების დაცვით ერგო.
მოკლედ, გუნდი დაბრუნდა იქ, სადაც იმსახურებდა
"კოლხეთმა" რომ, საერთოდ, არსებობა არ შეწყვიტა და ამ ოთხი წლის განმავლობაში კვლავაც უმაღლეს ლიგაში დაბრუნების სურვილი თუ ამბიცია ჰქონდა, რაღა თქმა უნდა, გუნდის პრეზიდენტის თემურ ბარქაიას დამსახურებაა. სწორედ ამ ახალგაზრდა კაცის დიდი მონდომებით გუნდი რეგიონალური ლიგიდან ჯერ პირველ ლიგაში დაბრუნდა, მერე იქ "მომძლავრდა" და გასულ სეზონშიც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური.
ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა "კოლხეთის" ყოფილ ფეხბურთელს ზაზა ინიაშვილს, ვინც იმ ძნელბედობის ჟამს გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ; 2009-10 წლების სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ კი ფოთელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი ბესიკ შეროზია დაინიშნა, ვისი ხელმძღვანელობითაც "კოლხეთმა" ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპი დამაჯერებლად ჩაატარა და "ტორპედოსთან" ერთად უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. "კოლხეთმა" ძველი შემადგენლობა, ფაქტობრივად, შეინარჩუნა (თუ არ ჩავთვლით ორი გამოცდილი ფეხბურთელის - ვალტერ გუჩუასა და გია თოდუას წასვლას) და რაც მთავარია, ახალი სეზონის დაწყების წინ ჩვენი მასშტაბებით არცთუ ურიგო სატრანსფერო კამპანია აწარმოა.
ყოველ შემთხვევაში, ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელების (მიხეილ მახვილაძე, რეზო ჯიქია, ალექსანდრე ინწკირველი, ოლეგ გველესიანი, ზვიად სტურუა, ზურაბ ექონია, გიორგი სილაგავა, გიორგი დეკანოსიძე) დამატებით გუნდს პრიზიორთა შორის თუ არა, პირველ ხუთეულში დამკვიდრება ნამდვილად რეალურად ხელეწიფებოდა.
თავდაპირველად, ყველაფერი აქეთკენაც "მიდიოდა", მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა ფოთელ ქომაგებს კვლავაც მტკივნეულზე-მტკივნეულად "შეახსენა თავი" და ამჟამადაც ერთობ ბუნდოვანი სიტუაციაა.
იპოვეთ ბევრი განსხვავება
უმაღლეს ლიგაში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა "კოლხეთმა" სეზონი ისე დაიწყო, ამ გუნდის ერთგულ ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად უნდა ჰქონოდათ: სამი ტურის შემდეგ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი სწორედ ბესიკ შეროზიას კრებული იყო; ეგ კი არა, ჩემპიონატის პირველმა თვემ ისე ჩაიარა, "კოლხეთს" საკუთარ კარში გოლი არ ჰქონდა გაშვებული. ამიტომაც არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი ის ფაქტი, როცა "ლელოს" ვერსიით აგვისტოს სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი სწორედ "კოლხეთს" ჰყავდა: მთავარი მწვრთნელი-ბესიკ შეროზია, მეკარე-გიზო შენგელია, მცველები: მიხეილ მახვილაძე, ალექსანდრე ინწკირველი, ნახევარმცველი-დათა სიჭინავა. მოკლედ, ფოთში მართლაც იმედიანი განწყობა სუფევდა და ჩემპიონატში პირველი მარცხიც ("დინამოსთან) ტრაგედიად არავის აღუქვამს, ისე როგორც სტუმრად წაგება ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან "ზესტაფონთან". რაც მთავარია, გუნდი "დაუგეგმავ" ქულებს არ ჰკარგავდა: "სამტრედიასთან" და "სპარტაკთან" ორივე საშინაო მატჩი მოიგო და საერთოდაც, პირველ წრეში "კოლხეთის" ასპარეზობა მხოლოდ და მხოლოდ დადებითად (გნებავთ, წარმატებულად) უნდა შეფასდეს. მით უფრო, სწორედ "კოლხეთი" იყო პირველი წრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაციის ავტორი:
VII ტურის შეხვედრაში (25 სექტემბერს რომ ჩატარდა) ბესიკ შეროზიას გუნდმა საკუთარ მოედანზე მტკივნეულზე-მტკივნეული მარცხი მიაყენა მოქმედ ჩემპიონს, რუსთავის "ოლიმპს" (5:1). სხვათა შორის, რუსთავის "ოლიმპს" კლუბის ისტორიაში ასეთი ანგარიშით მანამდე არასდროს წაეგო.
პირველ წრეში "კოლხეთის" ასპარეზობის შეფასებისას ერთადერთ "მინუსად" მხოლოდ ის ფაქტორი გვენიშნა, გუნდი სტუმრად გამარჯვებას რომ ვერ ახერხებდა თუმცა, მოგვიანებით მოვლენები ისე განვითარდა, რომ სტუმრად კი არა, გუნდი, საერთოდ, ვერ იმარჯვებდა.
მოდი, ჯერ მხოლოდ ციფრებით ვილაპარაკოთ: პირველ წრეში გუნდმა 14 ქულა მოაგროვა (ბურთების სხვაობა - 12:8), მეორეში კი - 5 (ბურთების სხვაობა - 2:20); ვფიქრობთ, ამით ყველაფერი ნათქვამია და ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ მეორე წრეში "კოლხეთის" ასეთი წარუმატებელი ასპარეზობა არც გუნდის სამწვრთნელო შტაბის ბრალი იყო და არც - ფეხბურთელების; თანაც, სხვა გუნდებისგან ("ბაია", "სამტრედია") განსხვავებით, "კოლხეთში" არსებული სერიოზულზე-სერიოზული ფინანსური პრობლემები საკმაოდ გვიან "გახმაურდა"; არადა, თურმე იმავე "ბაიასა" და "სამტრედიასთან" შედარებით, ფოთელთა გუნდში არანაკლები კი არა, ბევრად უფრო მასშტაბური ფინანსური გაჭირვება ყოფილა.
დაპირებები, იცოცხლეთ, ზაფხულიდან მოყოლებული გრძელდებოდა, მაგრამ თვე-თვეს მისდევდა და კლუბის სპონსორი მაინც არ ჩანდა. ყოველივე ეს გუნდის ასპარეზობაზე ნეგატიურად რომ აისახებოდა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდებოდა და ასეც მოხდა:
ჩაშლილი საწვრთნელი პროცესის გამოძახილი იყო სტუმრად ორი სასტიკი მარცხი ("დინამოსთან", "ვიტ ჯორჯიასთან"); ორივე მატჩში "კოლხეთმა" პირველი ტაიმები ღირსეულად ჩაატარა, მაგრამ შესვენების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად იცვლებოდა - უვარჯიშებელ ფეხბურთელებს უჭირდათ მეტოქესათვის წინააღმდეგობის გაწევა.
10 ნოემბერს "კოლხეთმა" უკანასკნელად იასპარეზა "ძველი" შემადგენლობით, როცა თასის მერვედფინალში პირველი ლიგის წარმომადგენელ "გაგრასთან" დამარცხდა. აი, ამის შემდეგ კი პირველი ეტაპის ბოლომდე ფოთელთა გუნდში, ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები ასპარეზობდნენ. ჰოდა, სრულიად გამოუცდელი 18-19 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდიც ნელ-ნელა ეშვებოდა სატურნირო ცხრილის ფსკერისკენ და პირველი ეტაპის შემდეგ "კოლხეთი" ბოლოსწინა ადგილზე იმიტომ არ იმყოფება, რომ ასევე ფინანსურად გაჭირვებულ "სამტრედიასთან" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს.
მეკარეები
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ პირველ წრეში "კოლხეთის" წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი შემოქმედი, გუნდის "სტაჟიანი" წევრის, გიზო შენგელიას საიმედო თამაშიც იყო.
ის ფაქტიც, რომ აგვისტოში მხოლოდ "კოლხეთს" არ ჰქონდა საკუთარ კარში გოლი გაშვებული, რაღა თქმა უნდა, ამ მეკარის უდიდესი დამსახურებაც იყო. სამწუხაროდ, ფინანსური კრიზისის გამწვავების შემდეგ "კოლხეთის" შემადგენლობა ერთიანად რომ გადახალისდა, გუნდი გიზო შენგელიამაც დატოვა და ბოლო მატჩებში ძირითად მეკარედ ახალგაზრდა ლევან გორდეზიანი ასპარეზობდა.
მცველები
სეზონის წინ "კოლხეთის" შანსებზე მეტ-ნაკლებად აღმატებულ ხარისხში რომ ვსაუბრობდით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაცვის ხაზის სოლიდურად გაძლიერებაც იყო.
პირველი ლიგისგან განსხვავებით, ბესიკ შეროზიამ ყველაზე მეტი ცვლილება სწორედ ამ რგოლში განახორციელა და გუნდში გამოცდილი მცველები მოიწვია; დაცვის ცენტრში 32 წლის მიხეილ მახვილაძე და 29 წლის ალექსანდრე ინწკირველი საიმედო "დუეტს" ქმნიდნენ, მარცხენა ფლანგზე კი არანაკლებ გამოცდილი, 30 წლის ოლეგ გველესიანი ასპარეზობდა. ცვლილება მხოლოდ დაცვის მარჯვენა ფლანგს არ შეეხო, სადაც ხან დავით ჭითანავა იყო ძირითადში, ხანაც - პაატა ცხვიტარია. სხვათა შორის, ამ 21 წლის მცველმა მეტოქეთა კრში ორი გოლის გატანაც მოახერხა. პირველი ეტაპის ბოლოს კი, ისე როგორც ყველა დანარჩენ რგოლში, "კოლხეთის" დაცვის ხაზშიც მხოლოდ და მხოლოდ დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები ასპარეზობდნენ.
ნახევარმცველები
წინა სეზონში "კოლხეთმა" რომ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, რა თქმა უნდა, მთელი გუნდის დამსახურება იყო; თუმცა, 21 წლის დათა სიჭინავა მაინც გამორჩეული გახლდათ და ამ შემტევი სტილის ნახევარმცველს უმაღლეს ლიგაშიც წარმატებული სტარტი ჰქონდა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 3 გატანილი გოლით "კოლხეთის" საუკეთესო ბომბარდირი სწორედ სიჭინავაა; არადა, ეს ნიჭიერი შემტევი (ოსტატურად რომ ეხერხება "სტანდარტულების" შესრულება) თავის გუნდს მხოლოდ თორმეტ მატჩში ეხმარებოდა და დიდი ალბათობით, მეორე ეტაპზე სხვაგან ვიხილავთ. ძნელი სათქმელია სად გააგრძელებენ კარიერას "კოლხეთის" სხვა ნახევარმცველებიც - გიორგი სილაგავა, ვლადიმერ ჯოჯუა, ლევან თედიაშვილი; საერთოდაც, იმ შემადგენლობიდან, სეზონი ვინც დაიწყო, პირველი ეტაპის ბოლომდე ძირითადში მხოლოდ ორი ნახევარმცველი ასპარეზობდა: ლევან გულუა და ლაშა გვალია (ორივე-19 წლის არის). აქვე, დუბლშემადგენლობის ყოფილი, შემდეგში კი გუნდის ძირითად მოთამაშეთაგან ერთ-ერთიც უნდა ვახსენოთ: 19 წლის დავით მეგრელიშვილს უმაღლეს ლიგაში დებიუტი წარმატებულზე მეტი ჰქონდა, როცა "კოლხეთმა" მისი ერთადერთი გოლით "ბაიას" მოუგო.
თავდამსხმელები
"კოლხეთი" ვიდრე მეტ-ნაკლებად წარმატებულად ასპარეზობდა, თავდამსხმელების მიმართ, ალბათ, მაშინაც იქნებოდა გარკვეული პრეტენზიები: "ოლიმპთან" მოგებულ შეხვედრაში დავით ციცხვაიამ "დუბლი" შეასრულა, "სპარტაკთან", ცოტა არ იყოს, სკანდალურ მატჩში კი გამოცდილმა რევაზ ჯიქიამ ერთადერთი გოლი გაიტანა, - აი, ეს იყო და ეს; ეს ტენდენცია შემდეგშიც გაგრძელდა, როცა მათ ნაცვლად მოასპარეზე ახალგაზრდა თავდამსხმელებიდან ვერც ერთმა შეძლო თავის გამოჩენა.
სამწუხაროდ, ამ ეტაპისათვის მართლაც ძნელი სათქმელია, თუ როგორი შემადგენლობით იასპარეზებს "კოლხეთი" გადამწყვეტ, მეორე ეტაპზე. არადა, გამოუცდელი ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდი ხომ, ფაქტობრივად პირველ ლიგაში გასავარდნად იქნება განწირული.
.
კოლხეთის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
II ტური: სიონი-კოლხეთი 0:0
III ტური: კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:0
IV ტური: ტორპედო-კოლხეთი 0:0
V ტური: კოლხეთი-დინამო 1:3
I ტური: კოლხეთი-სამტრედია 1:0
VI ტური: ზესტაფონი-კოლხეთი 2:0
VII ტური: კოლხეთი-ოლიმპი 5:1
VIII ტური: ბაია-კოლხეთი 2:1
IX ტური: კოლხეთი-სპარტაკი 1:0
X ტური: სამტრედია-კოლხეთი 1:1
XI ტური: კოლხეთი-სიონი 0:0
XIV ტური: დინამო-კოლხეთი 5:0
XII ტური: ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 5:1
XIII ტური: კოლხეთი-ტორპედო 0:1
XV ტური: კოლხეთი-ზესტაფონი 0:2
XVI ტური: ოლიმპი-კოლხეთი 2:0
XVII ტური: კოლხეთი-ბაია 1:0
XVIII ტური: სპარტაკი-კოლხეთი 4:0
მეკარეები: გიზო შენგელია-13, ლევან გორდეზიანი-5;
მცველები: პაატა ცხვიტარია-16(2), დავით ჭითანავა-14, ალექსანდრე ინწკირველი-13, ოლეგ გველესიანი-13, მიხეილ მახვილაძე-12, გიორგი ლემონჯავა-5, ამირან გეგელია-4, ცოტნე ბუკია-4, ზურაბ ექონია-2.
ნახევარმცველები: ლაშა გვალია-17(2), ლევან გულუა-14(2), გიორგი სილაგავა-14(1), ლევან თედიაშვილი-14, ვლადიმერ ჯოჯუა-13, დათა სიჭინავა-12(3), ომარ გოგონაია-5, დავით მეგრელიშვილი-4(1), ლაშა საცერაძე-3. ალექსანდრე ქორჩილავა-2, ზვიად ჭედია-2, გიორგი დეკანოსიძე-2.
თავდამსხმელები: დავით ციცხვაია-13(2), მანუჩარ წიქარიშვილი-12, რევაზ ჯიქია-11(1), ირაკლი მოისწრაფიშვილი-4, დავით კუკულაძე-3, შოთა გაბუნია-2, კონსტანტინე ბარამიძე-2, ლევან ქაშიბაძე-1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"