საქართველოს ჩემპიონატის წინა, XXII ტურში, ბათუმელებმა "ჩელე არენაზე" ქუთაისის "ტორპედოსთან" საშინაო შეხვედრა 2:3 წააგეს.
დელეგატის მოხსენებით, ბარათში მითითებული იყო, რომ მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ლელო" სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი ტყებუჩავას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:
"ინციდენტი ყველა დაინტერესებული მხარის თანდასწრებით განვიხილეთ. ბათუმის "დინამოს"
სადისციპლინო კოდექსის 116-ე მუხლის თანახმად, ასეთი შემთხვევისთვის ორი სასჯელია გათვალისწინებული: პირველის მიხედვით, გუნდმა ერთიდან სამ მატჩამდე უმაყურებლოდ უნდა ჩაატაროს და პლუს, 8 ათასი ლარი გადაიხადოს.
მეორე სასჯელი საშინაო მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვას ითვალისწინებდა - ანუ საშინაო არენიდან 50 კილომეტრში.
ბათუმელებს სურდათ, მეტი ფული გადაეხადათ, ოღონდ საშინაო თამაშზე მაყურებლის დასწრების უფლება დაგვერთო, მაგრამ ეს გამორიცხული იყო, იმიტომ, რომ მსგავს სასჯელს სადისციპლინო კოდექსი არ ითვალისწინებდა. ამას გარდა, შემდეგ კალენდარულ შეხვედრას ბათუმის "დინამო" 11 აპრილს, "სამტრედიასთან" მართავს და ტური რომ არ ჩაეგდოთ, გადავწყვიტეთ, გუნდს საშინაო არენაზე უმაყურებლოდ ეთამაშა.
ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტსაც დავეკითხეთ და გვითხრეს, რომ 11 აპრილს ერთი სტადიონიც არ იქნება თავისუფალი, თან კალენდრის არევაც არ გვსურდა.
რომ იცოდეთ, ეს კიდევ ლოიალური გადაწყვეტილებაა, მე უფრო მკაცრი სასჯელის მომხრეც ვიყავი, რადგან მსაჯი დაცული უნდა იყოს და მისი შეურაცხყოფა არავის ეპატიოს".
ბათუმის "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი დისციპლინარების გადაწყვეტილებით აღშფოთებულია:
"ეს არის უსამართლო და არაადეკვატურად მკაცრი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბათუმის "დინამოს" ბინძური წესებით ებრძვიან.
დიახ, მე არც უარვყოფ, რომ დასაგმობი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენი გუნდი ამასთან რა კავშირშია?! შეურაცხყოფა ჩვენ მივაყენეთ?! ძლივს ხალხი სტადიონისკენ შემოვაბრუნეთ და როგორ შეიძლება, ეს ფაქტი ვინმეს არ ახარებდეს?!
მთელი აჭარა ელოდა ლიდერებს - "სამტრედიასა" და თბილისის "დინამოს", მაგრამ აჭარას ეს ზეიმი წაართვეს.
არ შეეძლოთ, უმაყურებლოდ მხოლოდ ერთი თამაშით რომ დავესაჯეთ? ბოლოს და ბოლოს, თამაში ნეიტრალურ მოედანზე მაინც ჩაეტარებინათ, გულშემატკივარი იქ მაინც მოვიდოდა...
რაც შეეხება ცარიელ სტადიონს, ჩვენ ამის შესახებ არ გვკითხეს. იქნებ მოგვეძებნა სტადიონი? უმაყურებლო ფეხბურთს ისევ კალენდრის არევა სჯობდა, რადგან ჩვენი სტადიონები ისედაც დაცარიელებულია და ეს არის ჩვენი უმთავრესი პრობლემა.
ბოლოს და ბოლოს, თამაში სხვა დღისთვის გადაედოთ. უმაყურებლო თამაშებით უნდათ დონის აწევა? ამიტომაც ვამბობ, რომ კომისიამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"