ირაკლი მოდებაძე: ამ ტრავმამ ოქროს წლები წამართვა

AutoSharing Option
30 წლის ირაკლი მოდებაძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია. ის მოლდოვურ "დაჩიაში" გადაბარგებულ ჯაბა დვალთან ერთად, 10 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

"დილას" ფორვარდი ახალგაზრდული ასაკიდანვე იმედებს იძლეოდა. მან, სულ პატარამ, ევროტურნირებზე ულამაზესი გოლიც გაუტანა "ლიდსს"...

"ლელო" მოდებაძეს გაესაუბრა.

- ირაკლი, ბევრისთვის სიურპრიზია, გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონობისთვის რომ იბრძვის...
- ჩემთვის ეს სიურპრიზი არ არის. კი, სეზონის დასაწყისში იყო ფინანსური პრობლემები და გუნდშიც ბევრმა ახალმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, მაგრამ ჩვენ კარგი კონტინგენტი გვყავს. თანაც, ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს კლუბის განვითარებისთვის.

თქვენს გაზეთში
წავიკითხე - არსებობს "დილას" განვითარების სამწლიანი პროგრამა, რაც უმნიშვნელოვანესია.

- გჯერათ "დილას" ჩემპიონობის?
- მჯერა, რომ ეს შეგვიძლია, გუნდსაც სჯერა. კონკურენტები ძლიერი გვყავს - თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო" და "სამტრედია".

შეიძლება ამ ეტაპზე თბილისში "დინამოში" ცოტა უკეთესი პირობებია. კარგია, რომ ქართულ ფეხბურთში ასეთ პირობებს ქმნიან ადამიანები.

- ვიცით, რომ მსუბუქი ტრავმა გაწუხებთ...
- კი, ამის გამო ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრას გამოვტოვებ.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საქართველოს პირველობის ბომბარდირობა?
- ჩემთვის მთავარია, გუნდმა მოიგოს, მაგრამ ნებისმიერი თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია ბომბარდირობა. მეტის გატანაც შემეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველა მომენტს ვერაფრით გამოიყენებ.

- თექვსმეტგუნდიან ჩემპიონატზე რას იტყვით? გაამართლა?
- ჩემი აზრით, არც პროგრესი ჩანს და არც რეგრესი - ჯერჯერობით, ასეა. 16-გუნდიანი პირველობის მთავარ დადებით მხარედ ის მიმაჩნია, რომ მოთამაშეები სხვადასხვა გუნდში გადანაწილდნენ. ამან რეგიონებში ფეხბურთი გააძლიერა.

სამაგიეროდ, გვაქვს სტადიონები, სადაც თამაში იმიტომ ტარდება, რომ ჩემპიონატის ტური არ ჩაგვეშალოს.

- თუ არის ისეთი მცველი, ვის წინააღმდეგაც განსაკუთრებით გიჭირთ თამაში?
- ასეთი მცველები არიან... საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატში ბევრი კარგი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ისინი ნაკრებისთვისაც შეიძლება იყვნენ გამოსადეგარნი.

- ვის გულისხმობთ?
- მე მხოლოდ ერთზე ვიტყვი - ჩემი აზრით, ძალიან კარგი ფეხბურთელი გვეზრდება "დილას" საყრდენი ნახევარმცველის, გუგა ფალავანდიშვილის სახით.

- თქვენი კარიერა ძალიან იმედისმომცემად იწყებოდა. ბოლომდე რატომ ვერ გამოავლინეთ პოტენციალი?
- ამაში მთავარი დამნაშავე ტრავმაა. 20 წლისამ მივიღე მუხლის უმძიმესი დაზიანება - ჯერ გერმანიაში გავიკეთე ორი ოპერაცია, მერე ისრაელში. მთლიანობაში, ამ ტრავმამ ორი ოქროს წელიწადი წამართვა.

ჯანმრთელობა მთავარია ფეხბურთელისთვის. დროებითი ჩავარდნა არაფერია, მთავარია, ჯანმრთელად იყო.

- ისიც გვახსოვს, სულ ახალგაზრდამ "ლიდსს" რომ გაუტანეთ უეფას თასზე...
- მაშინ ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ვთამაშობდი. "ლიდსმა" ჩვენთან საგარეო მატჩის წინ "მანჩესტერს" მოუგო და, საერთოდაც, მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო.

- კიდევ რომელ გოლს გამოარჩევდით თქვენს კარიერაში?
- "ოლბორგთან", ევროპის ლიგაზე გატანილ გოლს. ამის შემდეგ კარგად აეწყო ჩვენი საქმე.

- ირაკლი მოდებაძის სანაკრებო ამბიცია ცოცხალია?
- რა თქმა უნდა, ცოცხალია, თუმცა ირაკლი მოდებაძის გარეშეც წარმატებას ვუსურვებ ჩვენს საყვარელ გუნდს. საქართველოს ნაკრები ხომ ჩვენთვის ყველაფერია.

- რას ისურვებდით?
- მინდა, ქართულ ფეხბურთში აღარ იყოს ასეთი გაჭირვება. ჩემს ყოფილ გუნდს, რუსთავის "მეტალურგს", ძალიან უჭირს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ირაკლი კარგად ყოფნას გისურვებ და სანაკრებო გოლებს
amirani da tamazi
09:14 11-04-2015
0
კარგი ადამიანი ჩანს
nodari
19:26 10-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული