გადაწყვეტილება არაადეკვატურად მკაცრია! ბათუმის "დინამომ" აპელაცია შეიტანა

AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს ბათუმის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა (3:2 სტუმრების სასარგებლოდ). მატჩი ინციდენტით დასრულდა.

ქობულეთის "ჩელე არენაზე" მომხდარის გამო ბათუმელები მკაცრად დასაჯეს: სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი ტყებუჩავას ცნობით, მოედანზე რამდენიმე გულშემატკივარი შეიჭრა და არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა - ზოგმა აგინა, ერთ-ერთმა კი პანღურიც ამოარტყაო...

შედეგად, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ ბათუმის "დინამო" მომდევნო სამ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს და ზედაც 8 ათას ლარს გადაიხდის.

ჩემპიონატის ლიდერმა სასჯელის
ნაწილი მოიხადა: 23-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც 11 აპრილს ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართა, ბათუმის "დინამომ" უშუალო კონკურენტი "სამტრედია" სწორედ უმაყურებლოდ დაამარცხა (1:0).

კლუბის ადვოკატმა გია აბაშიძემ გუშინ, 15 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციაში აპელაცია შეიტანა, მერე კი "ლელოსთვის" კომენტარიც გააკეთა:

"სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრება ჩვენი ახირება არ არის. თითოეული ბათუმელი გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ დისციპლინარებმა აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს და ბათუმის"დინამოს" უფლებები შელახეს.

გადაწყვეტილება სადისციპლინო კოდექსის 105-ე და 116-ე მუხლებზე დაყრდნობით გამოიტანეს. იქ კი მითითებულია, რომ სასჯელის ზომა 1-დან 5 მატჩამდეა და მომხდარის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

ჩვენ 3 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება და 8 ათასი ლარის გადახდა დაგვაკისრეს, რაც ძალიან მკაცრი სასჯელია. ამიტომ ფეხბურთის ფედერაციას წარვუდგენთ მატჩის შემდგომ გადაღებულ კადრებს, სადაც კარგად ჩანს, რომ მსაჯს სიტყვიერ შეურაცხყოფას მართლაც აყენებენ, რასაც გამართლება არ აქვს, მაგრამ არსად ჩანს, რომ მას მისცვივდნენ და პანღური ამოარტყეს.

პირიქით, ნათლად ჩანს, რომ გასახდელში ჩვენი კლუბის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა მოთამაშეებმა გააცილეს", - ამბობს აბაშიძე და იმედოვნებს, რომ "დინამოს" სასჯელს შეუმსუბუქებენ:

"უმაყურებლოდ ერთი მატჩი უკვე ჩავატარეთ. მოვითხოვთ, რომ შემდგომი სანქციები მოგვიხსნან და სტადიონზე ხალხი შეუშვან - სადისციპლინო კოდექსით უფრო ლოგიკური სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება.

არ შეიძლება, დაუმსახურებლად და დაუნდობლად მოექცე გუნდს, რომელიც ისედაც არ თამაშობს საკუთარ სტადიონზე, მაგრამ ლიდერი გახდა და ტრიბუნები მაინც შეავსო".

ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს სადისციპლინო კომიტეტი ბათუმელთა აპელაციას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
გორია"დილას"მაგ სტადიონზე უარესი გაუკეთეს და გაცილებით მკაცრად დასაჯეს,ვიდრე ბათუმის"დინამო".ჩელებაძე მაშინ მოითხოვდა უფრო მკაცრ სასჯელს.ახლა რატომ არ იღებს ხმას?
merabi
12:46 16-04-2015
0
სულ ქობულეთის სტადიონზე ხდება მაყურებლების შევარდნა მინდორზე და მსაჯის შეურაცხოფა.ეტყობა არ არსებობს უსაფრთხოების სამსახური.ამისთვის ქობულეთის სტადიონს დისკვალიფიკაცია უნდა მიეცეს.მაგრამ ამას ვინ გააკეთებს,ჩელებაძის "ავტორიტეტს"უფრთხილდებიან ფეხბურთის ფედერაციაში,რომელსაც მიკერძოებით გამოაქვს გადაწყვეტილებები.
ნიკა
14:21 16-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული