ზესტაფონი-დილა (მატჩი ჩაიშალა) - ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართულ ფეხბურთში პრობლემები და უსიამოვნებები არ ილევა. საქართველოს ორგზის ჩემპიონ "ზესტაფონის" ფინანსურ გასაჭირზე არაერთგზის დაგვიწერია. კლუბსა და რაიონის ხელმძღვანელობას შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც მხარეებს კლუბი თანაბრად უნდა დაეფინანსებინათ, იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო წინ ნაბიჯიც არ გადადგმულა.

სამი თვეა კლუბში ხელფასები არ დარიგებულა. ფეხბურთელებმა ბინის ქირის გადასახდელად პირადი ნივთები დააგირავეს, საჭმელს კი რიკოთის უღელტეხილთან მდებარე ერთ-ერთ რესტორანში "ნისიად" მიირთმევდნენ...

არაერთგზის დაპირების მიუხედავად, მდგომარეობა უკეთესობისკენ არც გორის "დილასთან" მატჩის წინ შეცვლილა. "ზესტაფონმა", რომელიც თამაშისთვის თბილისში ემზადებოდა, საკუთარ ქალაქში ჩასვლა ვერ
მოახერხა და მატჩი ჩაიშალა.

სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ მათი საყვარელი გუნდი სათამაშოდ ვერ გავიდოდა, თუმცა... როცა შეხვედრის დაწყების დრო დადგა, მინდორზე მხოლოდ მსაჯები და "დილას" ფეხბურთელები გამოვიდნენ.

იქვე სტადიონის დიქტორის ხმაც გაისმა, რომელიც იტყობინებოდა, რომ გამგეობის მხრიდან მრავალგზის დაპირების მიუხედავად, კლუბის დაფინანსება ამ დრომდე ვერ მოხერხდა და "ზესტაფონი" სათამაშოდ ვერ გავიდა.

გულშემატკივრები, რომელთაც ტრანსფარანტები ჰქონდათ გამოფენილი, წარწერით - "ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს!", ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ამასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ მატჩის დირექტორ ლევან რამიშვილს:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ფინანსური პრობლემების გამო მასპინძელი გუნდი თამაშზე ვერ გამოცხადდა. შესაბამისად, "ზესტაფონს" ჩაეთვლება წაგება - 0:3, დანარჩენს კი სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს".

დებულების მიხედვით, "ზესტაფონს" პირველ ლიგაში დაქვეითება ემუქრება.

სერგო ფუტკარაძე ("ზესტაფონის" პრესატაშე): "მოგეხსენებათ, კლუბის დაფინანსების პროცესი ძალიან გაიწელა. საერთოდაც, არის თუ არა ამ პრობლემის გადაწყვეტის სურვილი, ესეც საკითხავია... ფაქტია, დღეს გუნდმა ვერ მოახერხა ზესტაფონში ჩამოსვლა.

ფინანსური პრობლემების გამო კლუბს სასტუმროს მომსახურების გადახდის საშუალება არ აქვს, ფეხბურთელების უმეტესობა თბილისში ცხოვრობს, თამაშისთვის იქ ემზადებოდა, მაგრამ უფულობის გამო ზესტაფონში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, შესაბამისად, მატჩი ჩაიშალა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამას შესაბამისი სანქციებიც მოჰყვება.

რაც შეეხება კლუბის დაფინანსებას, სამშაბათს, 21 აპრილს, დანიშნულია ქალაქის საკრებულოს სხდომა, სადაც უნდა განიხილონ ეს საკითხი, თუმცა მე პირადად, ეჭვი მეპარება, რომ "ზესტაფონისთვის" სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ".

უჩა სოსიაშვილი ("დილას" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. "ზესტაფონი", რომელიც წლების განმავლობაში წარმატებული და ფინანსურად ძლიერი კლუბი იყო, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მოედანი და ბაზა აქვს, ჰყავს იდეალური გულშემატკივარი, სამწუხაროდ, დღეს დაშლის პირას დგას.

მინდა თხოვნით მივმართო იმ ხალხს, ვისაც ეს საკითხი ეხება - ყურადღებითა და გულისყურით მოეკიდონ ამ ყველაფერს. თუ ფეხბურთის განვითარებაზე ვფიქრობთ, ასეთი ფაქტები თავიდან უნდა ავიცილოთ.

სამწუხაროდ, ანალოგიური პრობლემები აქვს რუსთავის "მეტალურგსაც" და დროზე უნდა მიექცეს ყურადღება, რათა ქართული ფეხბურთი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
18.04. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ზესტაფონი-დილა (მატჩი ჩაიშალა)

ბომბარდირები
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXV) ტური
24 აპრილი, პარასკევი
დილა-შუქურა
ტორპედო-ჩიხურა
ვიტ ჯორჯია-სიონი
ცხინვალი-დინამო (თბ)
კოლხეთი-მეტალურგი
ზუგდიდი-სამტრედია

25 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-გურია
მერანი-ზესტაფონი

28 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოედანზე რომ გამოვიდნენ მსაჯები და გორის დილას ფეხბურთელები და იქ რომ ზესტაფონის ფეხბურთელები დახვედროდნენ ჩაატარებდნენ თამაშს?
თამაში ტარებდა შედგენილი ოქმის მიხედვით, რომელიც ივსება მატჩამდე 45 წუთით ადრე და საჭირო არ იყო ამ ხალხის შეწუხება. საკმარისი იქნებოდა მაყურებელთა ინფორმირება.
speqtakli
12:46 21-04-2015
0
ხალხო მიხვდით ბოლოსდაბოლოს ამას გამიზნულად გვიკეთებენ ქვეყნის მტრები,იმიტომ რომ ფეხბურთი ჩაკლან და ერი დაიმონონ!!!
kaci
15:48 20-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული