ტომაშ ტრუხა: ფავორიტი ჩვენ ვართ, თქვენი კოზირი კლიმატია

AutoSharing Option
თასის მლობელი "ვიტ ჯორჯია" ევროპის ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. ვეტერინართა მეტოქე ჩეხური "ბანიკია" ოსტრაველები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ, გუნდამდე კი მეტოქე კლუბის დირექტორი ტომაშ ტრუხა გვეწვია. ვეტერინართა კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, ტრუხამ გუშინწინ მოინახულა ეროვნული სტადიონი, მერე კი გუნდისთვის სასტუმრო "რედისონ ივერიაში" ნომრები დაჯავშნა და "ლელოსთან" საუბარზე თავაზიანად გვითხრა თანხმობა.

- უკვე ნახეთ ის სტადიონი სადაც "ვიტ ჯორჯიასთან პირველი თამაში მოგიწევთ. კმაყოფილი ხართ?
- ჩინებულია, მშვენიერი სტადიონია, საფეხბურთო პროფილის არენაა. როგორც მითხრეს, ამ სტადიონზე თქვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს, ამ არენაზე
თამაში ჩვენთვის დიდი პატივია... მეც მექნებოდა ერთი კითხვა...

- სიამოვნებით...
- ჩვენს თამაშზე ეს სტადიონი გაივსება თუ ნახევრად იქნება სავსე?

- სანახევროდ გავსებაც კი საეჭვოა. "ბანიკი" სრული შემადგენლობით ჩამოვა?
- დიახ, ჩვენი გუნდის თავკაცი მიროსკავ კუბიკი 22 ფეხბურთელს ჩამოიყვანს. ტრავმის გამო არავინ დაგვაკლდება.

- "ვიტ ჯორჯიას" რამდენად იცნობთ?
- ჩემგან განსხვავებით, მიროსლავ კუბიკს საკმაო ინფორმაცია აქვს ქართულ გუნდზე. ვერ გეტყვით, ვინ მოგვაწოდა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" მატჩების ვიდეოჩანაწერებიც გვაქვს.

- ეროვნული ჩემპიონატის მატჩები?
- ჩემპიონატის თამაშებიც გვაქვს და უკრაინაში განვლილ მოსამზადებელ შეკრებაზე გამართული საკონტროლო მატჩების ვიდეოჩანაწერებიც.

- სანტერესოა, ამ ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ, რა თქვა მიროსლავ კუბიკმა მეტოქეზე?
- ახალგაზრდული, ტექნიკური გუნდი გყავთ, სწრაფად თამაშობთ და თუ მეტოქემ ყურადღება მოადუნა, შესაძლოა ძვირადაც დაუჯდეს. გუნდი, რომელმაც თასი მოიპოვა და ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, სუსტი მეტოქე ნამდვილად არ უნდა იყოს.

- კუბიკმა "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები თუ გამოარჩია?
- ყველა სათამაშო რგოლში გყავთ გამორჩეული მოთამაშე, მაგრამ მათი გვარები არ ვიცი. აი, კუბიკს კი ყველაფერი მონიშნული აქვს.

- თქვენს მწვრთნელს ქართული გუნდის რომელი სათამაშო რგოლი მოეწონა?
- შემტევი ტიპის ფეხბურთელები მოინიშნა. რა თქმა უნდა, კონტრზომებსაც მიიღებს.

- ჩვენს გუნდზე საკმაო ინფორმაცია გქონიათ. ბუნებრივია "ბანიკიც" იცით. ფავორიტად ვის მიიჩნევთ?
- იმედია არ მიწყებთ თუ ვიტყვი, რომ ამ წყვილში ფავორიტი "ბანიკია". ჩენ უკეთესი გუნდი გვყავს. ახლა მთავარია ეს უპირატესობა "ვიტ ჯორჯიასთან" ამ ორი მატჩის შედეგში ავსახოთ.

- თბილისში გამოგზავრებამდე კიდევ ერთი ქართული გუნდის, "ზესტაფონის" მეტოქე "დუკლას" გაეჯიბრეთ და 2:1 მოუგეთ...
- კი, დაძაბული მატჩი იყო, "დუკლა" კარგი გუნდია. თუმცა შეგვეძლო ის მატჩი მეტ სხვაობითაც მოგვეგო.

- "დუკლაზე" რას გვეტყვით?
- სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, ტექნიკურობით არა, მაგრამ ფიზიკური კონდიციებით კი გამოირჩევა. ყველა რგოლში ჰყავს გამორჩეული მოთამაშეები.

- "ბანიკი" რომელი რგოლით გამოირჩევა?
- ჩვენს ყველა რგოლში თანაბრად დაბალანსებული გუნდი გვყავს.

- თბილისში რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ?
- კარგი იქნება თუ მატჩი უგოლდ დასრულდება. იმედი მაქვს არ წავაგებთ. თუ მარცხს მაინც ვერ ავცდით, მაშინ 1:2 წაგებას ვისურვებდი. 1:2 წაგება სჯობს 0:1 მარცხს. მჯერა ორი თამაშის ჯამში შედეგი ჩვენთვის სასურველი იქნება. არის ფაქტორები, რაც შესაძლოა ჩვენი გუნდისთვის ერთგვარ ბარიერადა კი იქცეს.

- რას გულისხმობთ?
- პირველ რიგში სტადიონი. ჩვენი გუნდი ასეთ დი არენაზე თამაშს ნაჩვევი არ არის. ამასთან თქვენი გულშემატკივარი და სიცხე. ჩვენთან მზეში 35 გრადუსი სიცხეა. თბილისში კი ეს ტემპერატურა ჩრდილშია. თუმცა იმედი მაქვს, საბოლოო შედეგი ლოგიკური იქნება და მომდევნო ეტაპზე ჩვენი გუნდი გავა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული