"ოლიმპს" კეი და გუგეშაშვილი მიხედავენ

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპი" და რევოლუცია ლამის სინონიმებად იქცნენ, მაგრამ ახლა კლუბში მაინც განსაკუთრებული ამბები ხდება, შაბათ-კვირას "ოლიმპიდან" დაითხოვეს კლუბის დირექტორი ბადრი ქარქაშაძე, ბუღალტერი, პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძე და ბადრი მაჭავარიანი, რომელიც ლიცენზირებისა და უსაფრთხოების საკითხებს კურირებდა.

როგორც შევიტყვეთ, "ოლიმპში" ამიერიდან აქტიურად ისაქმიანებს კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილი, გულშემატკივრის საყვარელ კლუბ "თბილისის" დამფუძნებელი. კლუბში მიმდინარე ცვლილებებზე სწორედ მას ველაპრაკეთ:

- "ოლიმპის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და არსად წავსულვარ, მაგრამ დღეს კლუბის პრეზიდენტმა ჯოზეფ კეიმ "ოლიმპის" მართვაში აქტიური ჩართვა შემომთავაზა. მან კლუბის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდა,
მასთან ერთად კი, "ოლიმპს" რუსთავის ქარხნის ხელმძღვანელობა და მე გავუძღვებით. მე მივხედავ მთავარ კლუბს, ჭაბუკთა და პირველი ლიგების გუნდებს.

გასულ წელს საფეხბურთო აკადემია "ოლიმპისა" და "საბურთალოს" გაერთიანებით შეიქმნა სპორტული კლუბი "ოლიმპი". ახლა ამ გაერთიანების დამფუძნებლობიდან გავდივარ. ჩვენი სკოლა და რუსთავის ყველა სკოლა "ოლიმპზე" ვიმუშავებთ. სკოლას პაატა მეტრეველი უხელმძღვანელებს, შოთა ჭეიშვილი სკოლის მთავარი მწვრთნელი იქნება, ლევან გვანცელაძე - დირექტორის მოადგილე ფიზმომზადების დარგში, ვარლამ კილასონია კი - რუსთავის სკოლის დირექტორი. ჩვენ აქცენტს ადგილობრივ კადრებზე გავაკეთებთ და გვსურს, რუსთავის "ოლიმპის" საფეხბურთო სკოლა საქართველოში საუკეთესო გახდეს, ფეხბურთელები არა მხოლოდ კლუბს, არამედ ეროვნულ ნაკრებს გაუზარდოს.

- რა ცვლილებებია მთავარ "ოლიმპში"?
- მთავარ მწვრთნელ თორნიკე მაისურაძეს ფიზმომზადების შვეიცარიელი სპეციალისტი ოლდრიხ შვაბი დაეხმარება. ის ორიოდე დღეში ჩამოვა და ჩვენი ყველა გუნდის ფიზმომზადების პროგრამას შეადგენს, დუბლებს კი გუბაზ დოლიძე გაწვრთნის.

მაისურაძეს ძველებურად დაეხმარებიან არმაზ ჯელაძე და ბორის გონჩაროვი, მეკარეებთან გია ბაბუაძე იმუშავებს, ადმინისტრატორად კი გია ლაბაური დარჩება. შესაძლოა, კიდევ ერთი მეკარეთა მწვრთნელი ევროპიდან ჩამოვიყვანოთ. ამას გარდა, ჩვენი სკოლის რამდენიმე მწვრთნელის უცხოეთში გაშვებაზე ვფიქრობთ.

- თქვენ კონკრეტულად რა პოსტს დაიკავებთ?
- ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა პოსტზე ვიმუშავებ, მთავარია, რომ "ოლიმპის" გაძლიერებაში ჩავერთვები.

- როგორც ცნობილია, კლუბის დაფინანსება გაიზრდება.
- დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, მეორე წრეში "ოლიმპის" დუბლებს უმაღლესი ლიგის ბევრ კლუბზე მეტი ბიუჯეტი ექნება. პრეზიდენტის დახმარებით, ჭაბუკთა ლიგის გუნდები და დუბლშემდგენლობა უცხოეთის სერიოზულ ტურნირებში ჩაერთვებიან. მთავარ კლუბსაც არსებობის ისტორიაში ყველაზე სოლიდურად დააფინანსებენ.

- მიზანი, ცხადია, ჩემპიონობის შენარჩუნება იქნება.
- რა თქმა უნდა, ჩემპიონობა, პლუს ხარისხი და სანახაობრიობა, რადგან "ოლიმპი" გულშემატკივრისთვის საყვარელი კლუბი უნდა გახდეს, რომელიც ორ-სამ წელიწადში ევროპის წამყვან კლუბებთან იბრძოლებს. სხვათა შორის, ფეხბურთელებთან გავაფორმებთ არა ექვსთვიან, არამედ ხანგრძლივ კონტრაქტებს, მაგრამ მათი მხოლოდ კონტრაქტებით გაჩერება გაუმართლებელია - გუნდში ისეთი გარემო უნდა იყოს, წასვლა თავად არ უნდა მოუნდეთ.

- რაც შეეხება საკლუბო ცვლილებებს?
- მომსვლელებისა და წამსვლელების ვინაობას მალე შეიტყობთ. 21 იანავარს ანთალიაში მოსამზადებლად გავემგზავრებით.


შვეიცარიელი ოლდრიხ შვაბის შესახებ მცირე ხნის წინ მიხეილ ყაველაშვილი გველაპარაკა. "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელმა გუბაზ დოლიძის გუნდი შვეიცარიაში ორჯერ ჩაიყვანა და სწორედ შვაბს აჩვენა, რომელიც უგამოცდილესი, 65 წლის სელექციონერია, "ბაზელში", "იანგ ბოიზში", "ციურიხსა" და "გრასჰოპერში" მუშაობდა, ბევრი ფეხბურთელი აღმოაჩინა, რომლებსაც შემდგომ შვეიცარიის ნაკრებში უთამაშიათ, ამჟამად კი ფიფას ინსტრუქტორია და ფიზმომზადებაში ლექციებს კითხულობს.

შვაბი ორი კვირა საქართველოშიც იმყოფებოდა და თითქმის ყველა თბილისური საფეხბურთო სკოლა მოინახულა.

"შვეიცარიაში აღფრთოვანებული და გაოცებული დაბრუნდა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ მთელ ევროპაში არ იქნება იმდენი ნიჭიერი ბავშვი, რამდენიც საქართველოში, ერთად ამდენი ტალანტი მხოლოდ ბრაზილიაში, არგენტინასა და, ჰა-ჰა, ესპანეთში მინახავსო. მაგრამ ისიც თქვა, თქვენს მოედნებსა და პირობებში როგორ გაიზრდებიანო", - გვითხრა მაშინ ყაველაშვილმა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული