გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "კარლ ცაისიდან" ''ოლიმპში" დაბრუნებული ნახევარმცველი ვერც წარმოიდგენდა, მალე რუსთავული კლუბის დატოვება და აზერბაიჯანში წასვლა თუ მოუხდებოდა. ეს მისი სურვილი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც ამბობს, სხვა გზა არც ჰქონდა.
- აზერბაიჯანში წასვლა არ მსურდა, მაგრამ ჩემპიონატი "ოლიმპში" დავიწყე, თამაშები ჩავატარე და უცებ გუნდიდან გამიშვეს. ამ დროს მიმიწვია ბაქოს "სტანდარდმა". რომ არა ასეთი გამოუვალი მდგომარეობა, აზერბაიჯანში არც წავიდოდი, ნაკრების კანდიდატად ვითვლებოდი და ვიცოდი, კუპერი ამ ქვეყნის ჩემპიონატიდან
- აზერბაიჯანიდან საკუთარი სურვილით წამოხვედი თუ მართლა ტრანსფერზე დაგაყენეს, როგორც თავად დაწერეს?
- ტრანსფერზე ჩემი მოთხოვნის შემდეგ დამაყენეს და არა იმიტომ, რომ დამიწუნეს. რაც უნდათ, დაწერონ, დარჩენა შემეძლო, მაგრამ ეს აღარ მსურდა.
- კონტრაქტის გაწყვეტაში დიდ თანხას ითხოვდნენ?
- განსაკუთრებულს არაფერს. მთავარია, რომ "ტორპედომ" გამომისყიდა და საქართველოში დავბრუნდი. აზერბაიჯანში ჩვენს კლუბებზე დიდი ბიუჯეტები რომ აქვთ, ყველამ იცის. თუმცა მიზეზთა გამო, იქ გაჩერება აღარ შემეძლო. ამ ეტაპზე კი საქართველოში თამაში ჩემთვის მისაღებია. ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ნაკრების კანდიდატის სტატუსიც დავკარგე. არადა, კუპერის დროს ვითამაშე და ვფიქრობ, მატჩები არ ჩამიგდია, აზერბაიჯანში მყოფს კი ყურადღებას არავინ მაქცევდა.
- არავინ ამბობს, რომ იქ ჩვენზე დაბალი დონის პირველობა აქვთ, მაგრამ აქსიომასავით დამკვიდრდა, რომ აზერბაიჯანში წასული სანაკრებო მოტივაციაზე მაღლა ფინანსური მდგომარეობას აყენებს - ეს უკვე ფონს ქმნის.
- საქმეს სხვაგვარად შევხედოთ - ჩვენზე უკეთესი ჩემპიონატია და, ცხადია, პირობებიც უკეთესი აქვთ. საქართველოში თუ ოთხი ძლიერი და მდიდარი კლუბია, იქ ასეთი რვაა.
კლუბებმა ზაფხულში ტრანსფერებზე 4, 5 და 6 მილიონი ევროც კი დახარჯეს. აბა, ამდენი ფული წყალში ხომ არ გადაიყრება, ძლიერ ლეგიონერებში დიდ ფულსაც იხდიან.
მაგალითად, "ნეფთჩში" საშუალო ხელფასი 250 ათასი დოლარია, ზოგს 800 ათასიც აქვს. ასეთი ვითარებაა კიდევ შვიდ კლუბში. მეორე ბუნდესლიგაში კი საშუალო ხელფასი 150-200 ათასი ევროა, მინუს დაქვითვები და ესეც კარგ ხელფასად ითვლება. ცხადია, დონეებს არ ვადარებ, გერმანიაში ბევრად უკეთესი ფეხბურთია.
- აზერბაიჯანში უცხოელების მიმართ გარკვეული აგრესია შეინიშნება.
- შეიძლება, რადგან ჩასული ადგილობრივზე მეტს იღებს და იღვიძებს ცნობილი ფსიქოკომპლექსი - რატომ იმას და არა მე? აგრესიაა ცხადაძის მიმართაც, მაგრამ ეს კაცი აზერბაიჯანის გამორჩეული მწვრთნელია და პირველივე სეზონში "ინტერი" გააჩემპიონა.
კახას კარგად ეხერხება ფეხბურთელების შერჩევა, მათთან მიდგომა და, თუ ფეხბურთელი ხარ, გათამაშებს, და თუ არა და, ფოკუსებს ვერ ჩაატარებს. ჩემი აზრით, "ინტერი" აზერბაიჯანში ყველაზე თანამედროვე ფეხბურთსაც თამაშობს, მაგრამ ადგილობრივებს რომ უშვებს და ქართველები ჩაჰყავს, ეს აღიზიანებთ.
- ვიცი, რომ ზაფხულში "კარლ ცაისში" დაბრუნებას გთავაზობდნენ.
- ახლა კლუბი მესამე ბუნდესლიგაშია, მაგრამ მაინც ჩავედი და მათაც სურდათ ჩემი შემატება. გერმანელებს სურდათ ჩემი თამაში, მაგრამ შრომის ვიზა არ მომცეს. იმის მიუხედავად, რომ მეუღლე გერმანელი მყავს, არანაირი შეღავათი არ მომცეს. გერმანიაში სამი თვე უნდა იცხოვრო, სხვაგვარად ვიზას არ მოგცემენ.
- ხალხი ამაზე ოცნებობს და დარჩენილიყავი.
- წასვლა ნებისმიერ დროს შემიძლია, მაგრამ სამი თვე ვერ გავჩერდებოდი, რადგან უკონტრაქტოდ ვარჯიშის უფლებაც არ მაქვს.
- "ოლიმპსა" და "დინამოში" გიწვევდნენ, შენ კი ქუთაისის "ტორპედო" ამჯობინე.
- ''ოლიმპში" ვივარჯიშე კიდეც, მაგრამ ქუთაისიდან კონკრეტული წინადადება მივიღე და ეს იყო მიზეზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.