კახა კაჭარავა - უცხოელებიდან ორს დავტოვებთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" საკონტროლო შეხვედრამ გულშემატკივრებსა და სპეციალისტებში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. "ავაზას" სტადიონზე იმაზე ნაკლები მაყურებელი არ იყო, ვიდრე ამავე გუნდების პირველი ეტაპის შეხვედრებისას. არც არის გასაკვირი, ცვლილებებმა თბილისის "დინამოში" მაყურებელში იმედი აღძრა და ყველას აინტერესებს, რა გუნდს ვიხილავთ მეორე წრეში.

ტატანაშვილმა აქტიურად დაიწყო თამაში. თუ ჩემპიონატშიც ასე ითამაშებს, "ამერის" ყოფილი ფორვარდი მცველებისთვის კვლავაც უსიამოვნო მეტოქე იქნება. ის ბოლნისელების კართან მუდამ იმ დროს და იმ ადგილზე ჩნდებოდა, სადაც და როდესაც თავდამსხმელი უნდა გახსნილიყო. საბოლოოდ, დუბლი და საგოლე
გადაცემაც მიითვალა.

აღსანიშნავნი არიან მისი პარტნიორებიც - გიორგი თექთურმანიძე, ვლადიმირ ვუკაილოვიჩი და გიორგი კახელიშვილი შეტევებს ამწვავებდნენ და ტატანაშვილს მწვავე გადაცემებით ამარაგებდნენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ "სიონის" მცველებმა სუსტად ითამაშეს და ხშირად ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ.

ტატანაშვილმა ანგარიში გიორგი კახელიშვილის ფლანგური პასით გახსნა. ხუთ წუთში კი უკვე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი თექთურმანიძის მშვენიერი გადაცემით ისარგებლა.

მალე კახელიშვილმა თავად გაიტანა - ტატანაშვილი ამჯერად ასისტენტი იყო.

პირველი ტაიმის ბოლოს კახელიშვილსაც ჰქონდა დუბლის შესრულების შანსი, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ კი მინდია ბობღიაშვილმა კარგი რეაქცია გამოავლინა და ტატანაშვილის მორიგი სახიფათო დარტყმა მოიგერია.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ბოლნისელმა მანუჩარ ოქროპირიძემ "დინამოს" ცენტრალური მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

თუმცა დინამოელებმა სამბურთიანი უპირატესობა მაინც აღადგინეს - სერბმა ნახევარმცველმა ვლადიმირ ვუკაილოვიჩმა მშვენიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1. სხვათა შორის, მას და ტატანაშვილს თავის გამოჩენა მეორე ტაიმში კიდევ შეეძლოთ, მაგრამ მეკარესთან მარტო დარჩენილმა სერბმა ბურთი ძელს მოარტყა, დამატებაზე კი ტატანაშვილმა ვეღარ იმარჯვა.

ცხადია, საინტერესოა, გასასინჯი უცხოელებიდან ვინ დარჩება "დინამოში". ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ მატჩის შემდეგ ილაპარაკა:

- თამაშითაც კმაყოფილი ვარ და შედეგითაც. იცით, რომ ამჟამად მომზადებასთან ერთად, სელექციასაც ვაწარმოებთ. ორი ფეხბურთელის დატოვებაზე შევთანხმდით, დანარჩენებმა კი "დინამოს" მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და კლუბი დატოვეს, ან დატოვებენ. თუმცა დასარჩენთა დასახელება ჯერ არ მსურს, რადგან საკითხი ხელმძღვანელობასთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ.

- ორი ფეხბურთელის დატოვება ახსენეთ. დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, ამის შანსი მაროვიჩსა და ვუკაილოვიჩს უნდა ჰქონდეთ.
- დღეს კიდევ ორი უცხოელი თამაშობდა.

- მაგრამ ევტიჩისა და ბაგუჟისის დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, საეჭვოა, მათი დატოვება გსურდეთ.
- ჯერ ვერაფერს გეტყვით... ისე, ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა.

მთავარი გუნდების შეხვედრამდე "დინამო" და "სიონი" სხვა შემადგენლობებითაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - შეხვედრა 3:3 დასრულდა, "დინამოდან" თავი გამოიჩინეს ლექვთაძემ (ფოფხაძის პასით), სიხარულიძემ (ლექვთაძის პასით) და ქანთარიამ (სიხარულიძის პასით). ბოლნისელთაგან ორი ბურთი თოდუამ გაიტანა, ერთი კი - პენალტით იაშვილმა.

"დინამო": ნადირაძე, თომაშვილი, გველესიანი, კვარაცხელია, ფოფხაძე, ჩადუნელი, ჯიღაური, ლექვთაძე, არახამია, მაჭავარიანი, ვაშაკიძე, გოგიძე, წენგუაშვილი, სიხარულიძე, ქანთარია.


დინამო 4:1 სიონი

თბილისი. "ავაზა-ვისოლის" სტადიონი. 200 მაყურებელი.
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (12. კახელიშვილის პასით), 2:0 ტატანაშვილი (17. თექთურმანიძის პასით), 3:0 კახელიშვილი (26. ტატანაშვილის პასით), 3:1 ოქროპირიძე (77), 4:1 ვუკაილოვიჩი (83. ფირცხალავას პასით)

"დინამო": ზარქუა - კაკუბავა, ბაგუჟისი, ევტიჩი, მაროვიჩი (85. ოთარაშვილი) - ედნილსონი (60. კვეკვესკირი), ფირცხალავა - თექთურმანიძე, ვუკაილოვიჩი, კახელიშვილი - ტატანაშვილი.
"სიონი": ბობღიაშვილი - ქურასბედიანი (46. ჩხეტიანი), ინწკირველი, ორბელაძე, კობაური - გოგობერიშვილი, დიდავა, ნოზაძე, ჩირიკაშვილი - ჯიქია, ბობოხიძე (46. მ. ოქროპირიძე)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული