მუჯირი და ლიპარტია - კვლავ "დინამოს" სამიზნეში

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ყოველდღიურად ახალ-ახალ უცხოელ ფეხბურთელებსაც აკვირდება და ამავე დროს ქართველების დამატებასაც აპირებს.

ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა "დინამოში" დავით მუჯირი, რომელმაც ეროვნული პირველობის პირველი ეტაპი კლუბში ჩაატარა. როგორც დათომ თქვა, მოლაპარაკება შვეიცარიულ კლუბთან ჰქონდა, მაგრამ "დინამოში" დარჩენასაც არ გამორიცხავს.

თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ "ლელოსთან" დაადასტურა კლუბსა და ფეხბურთელს შორის მიმდინარე მოლაპარაკება, მაგრამ, ჯერ არაფერია გარკვეულიო. ჩვენი ინფორმაციით, მუჯირმა "დინამოს" თავისი პირობები წაუყენა, რომლის გადაწყვეტაც მხოლოდ კლუბის მეპატრონე რომან ფიფიას შეუძლია. ფიფია ამჟამად კლუბის გადაფორმებას ასრულებს.

სხვათა შორის, "დინამოს"
კონტრაქტი ჯერ არც 27 წლის გიორგი ციმაკურიძესთან გაუფორმებია, რომელიც დღემდე სლოვაკეთის "ჟილინას" ეკუთვნის.

"ციმაკურიძის გუნდისგან განათხოვრებაზე ოფიციალურ დასტურს ველოდებით და სანამ სატრანსფერო ფურცელი არ ჩამოგვივა, მანამდე კონტრაქტს ვერ გავუფორმებთ", - გვითხრა კაჭარავამ.

ამავე დროს, დაგვიდასტურეს ჯაბა ლიპატრიას მიმართ ინტერესი. კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გვითხრა, თუ ჯაბა "ზარიადან" წამოვა, არაა გამორიცხული, "დინამოში" დავიმატოთო.

ამასობაში "ლელომ" შეიტყო, რომ მალე თბილისის "დინამოს" ბაზის რემონტი დაიწყება და სათადარიგო მოედანს, ასე ვთქვათ, შემოატრიალებენ. ამგვარად დიღმის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიის უფრო ეფექტურად ათვისებას იმედოვნებენ. კლუბის ხელმძღვანელობა "დინამოს" საკლუბო მაღაზიის გახსნასაც აპირებს. სხვათა შორის, მალე ვეტერან დინამოელებს ბაზის კარს გაუღებენ და ვეტერანთა ტრადიციული თამაშები ძველებურად გაჩაღდება.

სანამ დიღმის ბაზაზე მოედნებს მოაწესრიგებენ, მანამდე კლუბი იქვე მდებარე "ავაზას" სტადიონზე ივარჯიშებს. თუმცა მოედნის საფარის შეცვლას მოკლე ხანში იმედოვნებენ და ფეხბურთელები მეზობელ საფეხბურთო სკოლას დიდხანს არ შეაწუხებენ.

მაისიდან კი "დინამოს" ტექნიკური სპონსორი კომპანია "ადიდასი" გახდება და კლუბი 1981 წლის ფორმას მოირგებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული