სვანური ფეხბურთის პირველი მერცხალი

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, პრეზიდენტ დავით შარაბიძესა და გენერალურ მდივან ენრიკო ჩიტალაძეს გავესაუბრე. ქართულ ფეხბურთს უჭირს და, ცხადია, რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა და მათი ამბების გაგება საინტერესო იქნებოდა.

საუბრისას ერთ უცანურობაზეც დავეკითხე - იმ დროს, როდესაც სვანეთში ფეხბურთის კლუბი საერთოდ არ არსებობდა, რა საჭირო იყო სვანეთის რეგიონის ორ ნაწილად გაყოფა? ქვემო სვანეთი რაჭა-ლეჩხუმის ფეხბურთის რეგიონულ ფედერაციას მიუერთეს, ზემო სვანეთი კი - სამეგრელოს რეგიონულს.

სვანეთის ხსენებაზე, ენრიკო ჩიტალაძისგან გავიგე, რომ თურმე, 2010 წელს სვანეთში საფეხბურთო გუნდი
ჩამოყალიბებულა. სვანეთში ფეხბურთი უყვართ, მაგრამ ეს თამაში არასდროს ყოფილა განვითარებული. ყოველ შემთხვევაში, ბოლო სამი ათწლეულია, ამ კუთხეში გუნდის არსებობაზე არაფერი გვსმენია. საინტერესო ამბავი იყო და ჩიტალაძეს ინტერვიუ ჩამოვართვით.

- სვანეთში კლუბი ვინ დააარსა?
- გასულ წელს ლენტეხში ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი "ლენტეხი". ლენტეხში სპორტული სკოლა არსებობდა, ფეხბურთის გუნდი კი ზურაბ ჯანელიძემ 2010 წელს ზაფხულში ჩამოაყალიბა. იგი სვანეთში ცხოვრობს, ფეხბურთი უზომოდ უყვარს და პირველი მერცხალია, ვინც სვანეთში გუნდი ჩამოაყალიბა.

- გუნდის შენახვა ხარჯიანი საქმეა და ამას როგორ ახერხებენ?
- გუნდს ლენტეხის დეპუტატი და რაიონის ხელმძღვანელები ეხმარებიან, საკმაოდ კარგად აფინანსებენ. გადაწყვეტილია სტადიონის რეაბილიტაციაც. სტადიონი იყო, მაგრამ, რადგან სვანეთში საფეხბურთო გუნდი არ არსებობდა, მოედნის ნახევარი მოსახლეობას ჰქონდა დამუშავებული.

- გუნდი რომელიმე ტურნირში მონაწილეობს?
- "ლენტეხი" დასავლეთ ზონაში, იმერეთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებულ მიხეილ მესხის სახელობის თასზე გამოდის.

- სვანებს ფეხბურთი აინტერესებთ?
- ძალიან და ესაა მთავარი.

- ნიჭიერი ბავშვები თუ გამოჩნდნენ?
- თავად ზურაბ ჯანელიძის ვაჟი გიორგი, თავდამსხმელია და 16-წლამდელთა ნაკრებში ვასილ მაისურაძემ მიიწვია. ეს უკვე შედეგია, რადგან სვანეთში ჯერ მხოლოდ ერთი ჯგუფი არსებობს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ სვანეთში პერსექტივა არის.

- რაჭასა და ლეჩხუმში რა ხდება?
- ამბროლაურში 2010 წელს საფეხბურთო კლუბი "რაჭა" ჩამოყალიბდა, რომელიც რეგიონულ ლიგაში თამაშობს. ეს რეგიონში ერთადერთი დიდების გუნდია.

- კლუბს აფინანსებენ თუ საკუთარი ხარჯებით გადიხართ ფონს?
- რეგიონული ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გამოგვიყვეს. თუმცა "რაჭა" დასავლეთ ზონის რეგიონულ ლიგაში თამაშობს და თანხის ნაწილი, 7 ათასი ლარი ამ ლიგაში სამონაწილეოდ უნდა გადავიხადოთ, დარჩენილი ფული კი ტრანსპორტირებაში უნდა გვეყოს. "რაჭას" მწვრთნელი ლაშა რატიანია, უფრო სწორად, ის მოთამაშე-მწვრთნელია.

- საფეხბურთო სკოლები თუ მუშაობს?
- მუშაობს და ბევრი ნიჭიერი ბავშვიც გვეზრდება. კლუბის დანიშნულება მათი ხელშეწყობა და წარმოჩენაა.

- რამდენი იყო სკოლებში გადასახადი?
- ხუთი ლარი იყო, მაგრამ ყველა ვერ იხდიდა, რადგან რაჭის მოსახლეობას უჭირს. ზოგი ფულის ნაცვლად ლობიოს და სხვა პროდუქტს გვთავაზობდა და ბოლოს გადასახადის გაუქმება გადავწყვიტეთ.

იმ დროს, როდესაც ზოგიერთ საფეხბურთო რეგიონში, მაგალითად, კახეთში, საფეხბურთო კლუბები აღარ არსებობს, სვანეთში გუნდის ჩამოყალიბება ძალიან სასიხარულოა. ვინ იცის, იქნებ ნიჭიერ სვანებს ფეხბურთის ნიჭიც აღმოაჩნდეთ. და საერთოდ, ეს ყველასთვის დამაფიქრებელი უნდა გახდეს. თუ ფეხბურთს მთის წვერზე თამაშობენ და თამაშობენ მხოლოდ ენთუზიაზმით, ბარში რა ღმერთი გაგვიწყრა?!


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული