საბურთალო-სიონი 2:3 - ერთადერთი დაუმარცხებელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 სექტემბერს თბილისის "საბურთალოს" ევროდებიუტი აქვს: გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე დანიურ "მიდტიულანდთან" ელით სადებიუტო მატჩი. ამის გამო ბოლნისელებმა მეტოქის მდგომარეობა გაითვალისწინეს და 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი მატჩის ერთი დღით ადრე გადატანაზე დათანხმდნენ...

აქამდე "საბურთალო" და "სიონი" ერთმანეთს მხოლოდ ამხანაგურად შეხვდნენ. თბილისელებმა ორივე შეხვედრა მოიგეს - 7:0 და 4:0, მაგრამ პირველივე ოფიციალურ დაპირისპირებაში "სიონმა" ბრჭყალები გამოაჩინა.

მიმდინარე სეზონში ვარლამ კილასონიას გუნდი ჯერჯერობით დაუმარცხებელია, მათ შორის - ეროვნულ თასზეც და ამით ის ერთადერთი გუნდია უმაღლესლიგელებს შორის...

მატჩი პრინციპული იყო, რადგან ბოლნისელები
მეტოქეს ქულით უსწრებდნენ. მასპინძლებს ტრავმის გამო ლიდერი - გიორგი ხარაიშვილი დააკლდათ, მაგრამ "საბურთალოში" იმედოვნებენ, რომ 19-წლამდელთა ნაკრების წევრი "მიდტიულანდთან" მატჩამდე გამოჯანმრთელდება და გუნდს დაეხმარება.

დედაქალაქელებმა მატჩი აგრესიულად დაიწყეს და გატანა სწრაფადვე შეეძლოთ - მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ჯაბა დვალმა საჯარიმოში შეიგდო და კარში გაგზავნა, მაგრამ მეკარე მირზა მერლანს ვერ აჯობა. მალე ისევ დვალმა შეუტია - მეკარემ ბურთი უხერხულად მოიგერია, დასწრებაზე კი მახვილი კუთხიდან ნიკა საბანაძემ ანგარიში გახსნა - 1:0.

საბანაძეს დუბლის შესრულებაც მართებდა, როცა საჯარიმოში დვალმა უპასა, მან კი დარტყმის ნაცვლად ისევ პასის გაკეთება განიზრახა და მომენტი განიმუხტა.

ქვემოქართლელები ამის შემდეგ გააქტიურდნენ. ალეკო გოგობერიშვილის წამოწყებული შეტევა საჯარიმოში გიული მანჯგალაძემ გააგრძელა, ორ მცველს გასცდა და კარში დაარტყა. ამ ეპიზოდში მეკარე ბექა ქურდაძემ გუნდი გადაარჩინა, მაგრამ ბოლნისელებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს.

გოლი კობა შალამბერიძის მიერ შესრულებულ კუთხურს მოჰყვა - დავით სვანიძე კარგად გაიხსნა და "საბურთალოს" კარი თავური დარტყმით აიღო - 1:1.

სტუმრებმა კუთხური მეორე ტაიმშიც კარგად გამოიყენეს: "სტანდარტი" ისევ შალამბერიძემ შეასრულა და ვილი ისიანმა თავისიანები თავურით დააწინაურა.

შვიდ წუთში მასპინძელთა მდგომარეობა დამძიმდა - მარცხენა ფლანგიდან ისიანმა გააკეთა იმიტაცია, თითქოს, ბურთს საჯარიმოში აწვდიდა, სინამდვილეში კი კარიდან ოდნავ გამოსული მეკარე ქურდაძე შენიშნა და ბურთი თავზე გადაუგდო - 1:3.

ჭიაბრიშვილმა ცვლილებებს მიმართა და გარკვეულწილად გაუმართლა - ახალმა ფეხბურთელებმა მასპინძელთა შეტევები გამოაცოცხლეს და 74-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შემცირდა: მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი გურამ გოშთელიანმა დვალისკენ გაგზავნა, კარის წინ მარტო დარჩენილ ფორვარდს კი, გოლის გატანის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა - 2:3.

დარჩენილ დროში "სიონის" მოთამაშეებს დაღლა დაეტყოთ, "საბურთალო" კი წონასწორობის აღდგენას ცდილობდა და ტემპს მოუმატა. ერთ-ერთ ეპიზოდში ბოლნისელები აშკარა გოლს გადაურჩნენ, როცა გამოცდილმა მერლანმა ირაკლი ბიძინაშვილის რთულად ასაღები ბურთი მოიგერია.

ეს იყო და ეს, მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს. ამ მოგებით "სიონმა" 14 ქულა დააგროვა და "საბურთალო" უკვე 4 ქულით ჩამოიტოვა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური
25.09. თბილისი. "ბენდელა". 700 მაყურებელი
საბურთალო-სიონი 2:3
გოლები: 1:0 საბანაძე (9), 1:1 სვანიძე (21. შალამბერიძის პასით), 1:2 ისიანი (57. შალამბერიძის პასით), 1:3 ისიანი (64), 2:3 დვალი (74. გოშთელიანის პასით)
საბურთალო (4-2-3-1): ქურდაძე - იაშვილი (65. სოფრომაძე), მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე - მამუჩაშვილი (63. ბიძინაშვილი), ალთუნაშვილი - საბანაძე (70. კოხრეიძე), გოშთელიანი, ფანცულაია - დვალი.
სათადარიგოები: სანიკიძე, რუხაძე, ვაჭარაძე, გვარაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
სიონი (4-2-3-1): მერლანი - გაფრინდაშვილი, სვანიძე, ფოფხაძე, ჯაფიაშვილი - მანჯგალაძე (69. ვასაძე), რაზმაძე - შალამბერიძე (62. საჯაია), გოგობერიშვილი, ტატანაშვილი - ისიანი (75. კობახიძე).
სათადარიგოები: ნანიევი, უგულავა, ჭიკაიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: მანჯგალაძე (27), ისიანი (27), მამუჩაშვილი (29), ალთუნაშვილი (83), ო. კობახიძე (78)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 6
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5
ი. მოდებაძე (დილა) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 4

მომდევნო, VII ტური
3 ოქტომბერი, შაბათი
ცხინვალი-კოლხეთი
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საპოვნელა-ლოკომოტივი
სამტრედია-დილა

4 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
შუქურა-საბურთალო
გურია-ზუგდიდი
სიონი-მერანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილამ წააგო თასზე,სიონს საერთოდ არ წაუგია...შალამბერიძე მაგარია,წარმატებები
devidball
14:52 28-09-2015
0
მე მგონი დილაც დაუმარცხებელია :))) ჩაასწორეთ სათაური
irakli apkhaidze
13:52 28-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული