მოსატყუებელი კიდევ ბევრია

AutoSharing Option
აი, ეს კი, მართლაც... მეტისმეტია: წინა წლის 22 ოქტომბრის მერე "ლელოს" მკითხველისათვის ჩვენი ტრადიციული რუბრიკა "სიცრუის დეტექტორი" არ შეგვითავაზებია; არადა, მშვენიერი "ტემპი" გვქონდა აღებული და წინა წლის იანვრიდან მოყოლებული ხუთჯერ ვისაუბრეთ იმ "მეზღაპრე" ფეხბურთელებზე, სატრანსფერო კამპანიის დროს ურცხვად რომ იტყუებოდნენ.

კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ, თუ რამ გვიბიძგა ამ რუბრიკის შემოღებისკენ - ისევ და ისევ მომრავლებულმა სატრანსფერო ზღაპრებმა, ზამთარ-ზაფხულს ყველგან რომ მოისმენთ; აი, იმ "ზღაპრებზე" მოგახსენებთ, უცხოურ გუნდებში ვერმოხვედრილი ქართველი ფეხბურთელები სამშობლოში ჩამოსვლისთანავე უკვე წლებია, რომ გვიყვებიან და გვიყვებიან. თანაც, თანამედროვე
ფეხბურთს ხომ არ უნდა ჩამოვრჩეთ და უცხოურ გუნდებში დაწუნებული ქართველი ფეხბურთელების ზღაპრებიც უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება.

მაგალითად, ადრე, თითქმის ერთი და იგივე სიტყვებს ვისმენდით-ხოლმე: ესა თუ ის ცნობილი უცხოური კლუბი მიწვევდა, მეც ყველაფერი ავწონ-დავწონე (ანუ, კარიერაში უკან გადადგმულ ნაბიჯად არავინ ჩამითვალოსო), ჩავედი ადგილზე, ვარჯიშებზე, ორმხრივ თამაშებსა თუ საკონტროლო მატჩებში ისეთი ჩინებული შთაბეჭდილება დავტოვე, მწვრთნელ-პრეზიდენტ-გულშემატკივრები სიხარულისაგნ ლამის "მეცხრე ცაზე" იყვნენ - უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელის დამატებით აწი ჩვენი შემჩერებელი ვერც ერთი გუნდი იქნებაო! მაგრამ, სამწუხაროდ, ტრანსფერი მაინც არ შედგა - პირობებმა არ დამაკმაყოფილაო.

აი, ასეთ ზღაპრებს ვისმენთ ხოლმე თითქმის ყოველი სატრანსფერო პერიოდის დადგომის დროს და თითქმის ამ ზღაპრებით ვიწყებთ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკასაც. თუმცა, ზემოთაც ვახსენეთ, რომ სპორტის ამ უპოპულარესი სახეობის განვითარებასთან ერთად ქართველი ფეხბურთელების ზღაპრებიც ბევრად უფრო მრავალფეროვანი ხდება; ანუ, პირობებზე "ვერმოლაპარაკებას" ახლა ბევრად უფრო დამაჯერებელი არგუმენტი მოჰყვება: თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, კონტრაქტის გაფორმებასაც ჩემი ხელმოწერაღა აკლდა (სოლიდური ხელფას-პრემია, ბინა, მანქანა, ძირითადში ასპარეზობის გარანტია, - ყველაფერი მაკმაყოფილებდა), მაგრამ უიღბლობამ დამაღალატაო!

ახლა, იმას არ იკითხავთ, რომელ "უიღბლობაზეა" ლაპარაკი? თურმე, იმ თავგამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს მაინც და მაინც უკანასკნელი საკონტროლო მატჩის მიმდინარეობისას მძიმე ტრავმა მიუღია და აბა, დაშავებულ ფეხბურთელს კონტრაქტს ვიღა გაუფორმებდა; მით უფრო, როგორც ჩვენი ფეხბურთელები ატყობინებდნენ თანამემამულე ჟურნალისტებს, ისეთი მძიმე ტრავმა ყოფილა, მკურნალობას სულ ცოტა, წელიწადი რომ სჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, ყველას გული გვწყდებოდა: აბა, ფაქტობრივად, გამზადებულ კონტრაქტთან ხელმოწერამდე რომ საქმე მივა, რაღა მაშინ უნდა დაშავებულიყო ეს ჩვენებური ფეხბურთელი? მით უფრო, როცა ამ მძიმე ტრავმის გამო წელიწადი უფეხბურთოდ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ, ეტყობა, ზოგიერთ წამყვან უცხოურ კლუბში სამედიცინო სამსახური მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას. ანუ, სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ფეხბურთელი, ყველას ლამის დაინვალიდებული რომ ჰგონია, თურმე... აბსოლუტურად ჯანმრთელი ყოფილა და არაფრით გამორჩეულ ქართულ გუნდშიც (სადაც, არც მაღალი ხელფას-პრემიებია, არც ბინას ჩუქნიან და არც - მანქანას) უპრობლემოდ ირიცხება! არადა, რომ შეეკითხო გასინჯვაზე მყოფ კლუბში მიღებულ "უმძიმეს ტრავმაზე", აქეთ შემოგიტევს: მე რა შუაში ვარ, იმ უცხოური გუნდის ექიმმა დამისვა ასეთი დიაგნოზიო.

"სატრანსფერო ზღაპრების" მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ და ერთ სიახლეზეც გვინდა მოგითხროთ, ამ ბოლო დროს ერთობ მოდური რომ გახდა. უფრო ზუსტად, უცხოურ კლუბებში ვიდრე გასასინჯად გაემგზავრებოდნენ, ქართველ ფეხბურთელებს აუცილებლად მართებთ იმ გუნდის ხელმძღვანელთა ბიოგრაფიის საგულდაგულო შესწავლა. განსაკუთრებით, ის უნდა გაიგონ, იმ კონკრეტული კლუბის პრეზიდენტსა თუ მთავარ მწვრთნელს ქართველები გულზე ეხატება, თუ - არა!

ანუ, შესაძლოა, პრეზიდენტს უნდოდეს თავის კლუბში ქართველი ფეხბურთელის ხილვა, მაგრამ რა ჰქნას: მთავარი მწვრთნელი თურმე დასანახად ვერ გვიტანს; ან, პირიქით - მწვრთნელის კატეგორიული მოთხოვნით მენეჯერები ამა თუ იმ ქართველ ფეხბურთელს ჩაუყვანენ-კიდეც, მაგრამ, როგორც კი პრეზიდენტი თავისი გუნდის პოტენციური ახალწვეულის წარმომავლობას გაიგებს, ტრანსფერი იმწუთასვე იბლოკება;

არადა, მართლაც უცნაური სიტუაციაა: მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართ, ქვეყანაში წვრილი, საშუალო და მსხვილი ბიზნესი აყვავების პროცესშია, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასები არ იზრდება, ეკონომიკური წინსვლაა, აღმშენებლობის პროცესია და აბა, იმ ქვეყნის წარმომადგენლები (მით უფრო, ნიჭით აღსავსე ფეხბურთელები) როგორ უნდა დაიწუნო? იმედია, ასეთი შემთხვევები ერთეულებიღა იქნება, თორემ როგორი შესაგუებელია, როცა ქართველობის გამო "გიწუნებენ"?

ისეც არავინ გაიგოს, ამ ტრადიციადქცეულ სატრანსფერო ზღაპრებს, თითქოს და, მხოლოდ ქართველები ჰყვებიან; არანაკლებ გვაბრუებენ აქაურ გუნდებში გასინჯვაზე მყოფი უცხოელებიც: რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომელიმე მწვრთნელს ერთ-ერთი საკონტროლო მატჩის წინ "ბითუმად" რომ მოუყვანენ ათეულობით უცხოელ ფეხბურთელს და 10-15 წუთის მერე იმ მწვრთნელის გამწარებული სახე უნდა ნახოთ-ხოლმე!

რაღა შორს მივდივართ, ზუსტად ერთი წლის წინათ იყო, ერთ-ერთ წარმატებულ ქართულ კლუბში გასინჯვაზე საკმაოდ ცნობილი საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენლები რომ ჩამოიყვანეს; ორნი იყვნენ, და ერთმა, მოკრძალებული კლუბი ახსენა - იქ ვთამაშობდიო; აი, მეორე კი სიამაყით არიგებდა აქეთ-იქით ინტერვიუებს და თუ არ გჯერათ, ინტერნეტში მოიძიეთ, რა დონის კლუბიდან წამოვედი, საქართველოს ჩემპიონატში რომ მომესინჯა ძალებიო. ჰო ის კლუბი იმ ქვეყნის მასშტაბით, ერთ დროს მართლაც მიიჩნეოდა მეოთხე-მეხუთე გუნდად; მაგრამ ჩვენ აბიბინებულ მოედნებზე ბურთის გაგორების სურვილით შეპყრობილ უცხოტომელს, ეტყობა "დაავიწყდა" ერთი, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო ფაქტი: თავისი ყოფილი კლუბი ხომ უკანასკნელი წლებია, იმ ქვეყნის რანგით მესამე თუ მეოთხე დივიზიონში ასპარეზობდა და, რაც მთავარია, პროფესიული სტატუსიც ჩამორთმეული ჰქონდა.

მაგრამ, მთავარი მაინც წინ გველოდა; უფრო ზუსტად, შარშანაც დავწერეთ და კვლავაც გავიმეორებთ: იმ ორიდან ერთმა, საერთოდ, სირბილი არ იცოდა (ისე, უბრალოდ დაძუნძულებდა), მეორეს კი რამდენჯერაც პასი გაუკეთეს, იმდენჯერ ბურთს ფეხი ააცილა!..

ძველ ამბებს ვიხსენებთ და სულ ახლახანსაც მთლად იგივე თუ არა, დაახლოებით ამდაგვარი ფაქტი მოხდა. თანაც, შარშანდელ გუნდზე რომ ვსაუბრობდით, იმაზე ბევრად უფრო ტიტულოვან კლუბში გასინჯვაზე მყოფმა უცხოელებმა ზღაპრები მოყვეს, თქვენი მოწონებული. ერთ-ერთი ისე მწარედ მოსთქვამდა, რომ კაცს ქვის გული უნდა ჰქონოდა, არ შეგცოდებოდა!.. აბა, ახალგაზრდა კაცი რომ იმას იტყვის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბიდან წამოსვლა იმ გუნდის მთავარი მწვრთნელის ჩემდამი დამოკიდებულებამ მაიძულაო, როგორ გინდა ამ ყველაფერს გულგრილად შეხვდე? მერე რა, იმ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგა თუ ათასი სხვა ტიტული აქვს მოპოვებული, რაც მთავარია, იმ პერსპექტიულ ბიჭთან კაცობაში შეშლია;

არადა, ის საქვეყნოდ აღიარებული და პოპულარული კლუბის ვარსკვლავებთან ძმაკაცობდა, მაგრამ არც ამ ფაქტმა უშველა - იმ "ბოროტმა" მწვრთნელმა, უბრალოდ, აითვალწუნა და საბრალოსაც რაღა უნდა ექნა, მსოფლიო დონის გრანდიდან ჯერ იმ ქვეყნის რანგით მეოთხე დივიზიონს მიაშურა, მერე კი - საქართველოს. თუმცა, გაგიკვირდებათ და ჩვენთანაც ვერ მოაწონა თავი ვერავის; არადა, რომელ გუნდშიც ისინჯებოდა, იმ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ბოროტი კაციაო, ვერავინ იტყვის.

ისე, ამ ქართულ გუნდში სხვებთან ერთად სხვა უცხოელი ფეხბურთელიც ისინჯებოდა და აქ ჩამოსვლისთანავე სიამაყით განუცხადა ჩვენს კოლეგას, რომ ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, თავის სახელოვან თანამემამულეს აზრი დაეკითხა. ის თანამემამულე კი არცთუ დიდი ხნის წინათ ამ ქართულ გუნდში მართლაც თამაშობდა და მცირე დროის მიუხედავად, თავისი მაღალი კლასი არაერთხელ დაამტკიცა. ჰოდა, რომ გაიგო, საქართველოში მიწვევენ, გადარეულა კაცი სიხარულით: "ჩადი, არ ინანებ, კარგი კლუბი და მაგარი ხალხიაო". არადა, სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: თავის დროზე აქ მართლაც მოასპარეზე (იმ) სახელოვან უცხოელს აქედან მართლაც რომ ჰკითხეს თბილისში მყოფი თანამემამულის თაობაზე, ორი დღე თურმე იმას იხსენებდა, საერთოდ ვიცნობ თუ არა მასეთი სახელ-გვარის ფეხბურთელსო, თორემ, რა რჩევები, რის რეკომენდაციაო...

P.S. სატრანსფერო პერიოდი კიდევ გრძელდება; ჰოდა, ახალ-ახალ ზღაპრებს (ჩვენებურთაგან და აქ თამაშის მსურველ უცხოელთაგანაც) კვლავაც უნდა ველოდოთ...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც ვხვდები ლივერპულელ ო დონელზე
და ახალზელანდიელ ბრაიტზე არის საუბარი.
რაც შეეხება ამ სტატიას,უცხოელი ფეხბურ-
თელების ზღაპრები ნამდვილად გადაჭარბებუ-
ლია.ბრაიტმაც და ო დონელმაც პირველივე თა-
მაშში გოლები გაიტანეს და ვითომ ასეთი დასა-
წუნი ფეხბურთელები იყვნენ?
alexandr
18:39 27-01-2011
0
კაი სტატიაა და სიმართლესაც ასახავს. არადა არ ვართ უნიჭო ერი ფეხბურთში , მაგრამ არაწორი მიდგომა და შრომისუუნარობა გვღუპავს
dito
19:26 26-01-2011
0

სიახლეები პოპულარული