ტორპედო-უნივერსიტატეა 2:2
ტორპედო: ქვილითაია - სეთურიძე, ფარულავა, მაჭავარიანი, ჩიკვილაძე - დოლიძე (62. ბაკურაძე), დიღმელაშვილი, ქებაძე (67. გიგაური, 84. ჩხეტიანი), მაისურაძე (61. კირკიტაძე) - გოცირიძე (75. გუგუჩია), საბანაძე (48. კემუხტაშვილი).
გოლები: 1:0 იზვორანუ (2. საკ. კარში), 1:1 ლემნარუ (41), 2:1 ვოიკანი (47), 2:2 ჩიკვილაძე (81).
ქუთაისელებმა "უნივერსიტატეას" კარი პირველივე შეტევისას დალაშქრეს:
"ტორპედოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს ვალენტინ ლემნარუმ ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა ქებაძის თავური დარტყმა "უნივერსიტატეას" მეკარემ მოიგერია.
47-ე წუთზე "ტორპედოს" დაცვის შეცდომით ანდრეი ვოიკანმა ისარგებლა - 2:1.
რუმინელები გოლმა შეაგულიანა და კიდევ ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. პირველ შემთხვევაში გუნდი მაქსიმე ქვილითაიამ გადაარჩინა, რამდენიმე წუთში კი "ტორპედო" ძელმა იხსნა.
81-ე წუთზე ქუთათურებმა სწრაფი კონტრშეტევა მარცხენა ფრთიდან წამოიწყეს, საჯარიმოში თენგიზ ჩიკვილაძემ მოულოდნელად დაარტყა და 2:2.
84-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მერაბ გიგაური გააძევა.
ბოლო წუთზე კი ლაშა კემუხტაშვილის ეფექტურად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
"ტორპედოს" მეტოქე სხვა შეხვედრებშიც შეეცვალა: 27 იანვარს შეხვდება რუმინული "გაზ მეთანს", 29-ში რუსეთის პირველი ლიგის ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას", 31-ში - ხორვატიულ "ვარტექსს", ხოლო 2 თებერვალს - უზბეკეთის "შურტანს".
ამასობაში "ტორპედოს" ვებგვერდზე გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიზანიც პირველ ეტაპზე გულშემატკივართა რჩეული თავდამსხმელის გამოვლენა იყო. გამოკითხვაში 800-მდე ქომაგი მონაწილეობდა, რომელთა 47.86 პროცენტმა უპირატესობა 18 წლის ლაშა კემუხტაშვილს მიანიჭა, ნიკა საბანაძეს - 28.46 პროცენტი მიემხრო, ვახტანგ კვარაცხელიას - 23.67 %.
გამოკითხვაში გამარჯვებულმა 18 წლის კემუხტაშვილმა პირველ ეტაპზე 2 გოლი გაიტანა და ორივე ცხინვალის "სპარტაკთან". ეს იყო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა, რომელშიც "ტორპედომ" გაიმარჯვა და, ეტყობა, გულშემატკივარმა ახალგაზრდა ფორვარდი ამიტომ გამოარჩია. ლაშა უფრო შედეგიანად "ტორპედოს" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.
სანამ მთავარი გუნდი ანთალიაში ემზადება, ქუთაისში, საღორიის ბაზაზე "ტორპედო 2" ახალ ხელოვნურსაფარიან მოედანზე პირველლიგელ ხარაგაულის "ჩხერიმელას" ამხანაგურად შეხვდა.
გუნდის მწვრთნელის გიორგი სუხიაშვილის მიზანი ახალწვეულებზე დაკვირვება იყო. კლუბში "ტორპედო 2"-ის სელექციას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ. ამ მიზნით "ჩხერიმელასთან" მატჩის წინა დღეს ქუთაისს პარტნიორი სკოლის, "ვისოლი-ავაზას" 1995 წელს დაბადებულთა გუნდი ესტუმრა და ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა: პირველში "ავაზა" ასაკით უფროს ქუთაისელ ბავშვებთან დამარცხდა - 1:6, მეორეში კი ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე "ნორჩ ტორპედოელებს" 5:2 სძლია.
ხარაგაულელების წინააღმდეგ "ტორპედო 2"-ში ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა, მათ შორის "ვისოლი-ავაზას" რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა დარჩენაც თითქმის გადაწყვეტილია. მატჩი კი 1:1 დასრულდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"