რომან ფიფია: ორი ბიზნესჯგუფი მზადაა, ფეხბურთში ფული დააბანდოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიას ინტერვიუ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის შემდეგ ჩამოვართვით.

ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ლევან კობიაშვილი სწორედ "დინამომ" წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად...

რა იმედებს უკავშირებს ფიფია ფეხბურთის ფედერაციის ახალ თავკაცს, რა ინვესტიციებია მოსალოდნელი და რა ცვლილებების მოლოდინშია?..

- გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - ირკვეოდა, დარჩებოდით თუ არა ფეხბურთში კერძო ინვესტორები და განახორციელებდა თუ არა სახელმწიფო გრძელვადიან პროექტს...
- მიხარია, რომ ლევანმა გაიმარჯვა, რადგან ამაში ქართული ფეხბურთის პერსპექტივას ვხედავდით. რა თქმა უნდა,
ყველაფერი იდეალურად არ მომხდარა, მაგრამ მთავარია, დადებითი პროცესები დაიწყო.

კარგი იყო, ყრილობა მედიისთვის რომ გაიხსნა. უეფას ვიცე-პრეზიდენტ გრიგორი სურკისს ყრილობაზე ჟურნალისტების დაშვებაზე კენჭისყრის ჩატარება სწორედ ჩვენ ვთხოვეთ. საბოლოოდ, დაძაბულობის მიუხედავად, ყრილობა მაინც დაიწყო. სხვაგვარად, ის ჩაიშლებოდა და წინასაარჩევნო დაძაბულობა 90 დღე ისევ გაგრძელდებოდა. არადა, არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდა - ნაკრების თამაშები, ჩემპიონატი და ასე შემდეგ.

საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა და კობიაშვილმა გაიმარჯვა. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი იყო.

- უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისის მოქმედებიდან ბევრმა დაასკვნა, რომ ის კობიაშვილის მხარისთვის უფრო მისაღებ წინადადებებს აყენებდა. თუმცა, კულუარებში ამტკიცებენ, რომ უკრაინელი კობიაშვილის მხარეს არ ყოფილა...
- ასე ნამდვილად არ ყოფილა. რომ არა სურკისი, არ ვიცი, ყრილობა საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა. ისე, საინტერესოა, საჩვენოდ რა გადაწყვიტა?

- პირველ ორ საკითხზე კენჭისყრა კობიაშვილის მხარემ მოიგო. აქედან გამომდინარე, ყრილობის ლეგიტიმაციისთვის სურკისმა გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატების საკითხის კენჭისყრაზე დაყენება რომ მოითხოვა, იმაზე არ მიუთითებდა, რომ ესეც კობიაშვილის სასარგებლოდ გადაწყდებოდა?
- ასე არ არის. რეალურად, ეს საკითხი დელეგატებმა კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს.

- შოთა არველაძესთან კონფლიქტზეც უნდა გკითხოთ...
- მსურდა, რომ რევაზ არველაძის მომხრე დელეგატებისთვის მეთხოვა, ყრილობის დარბაზში შემოსულიყვნენ. ვიგულისხმე, რომ ისინი 6 საათზე მეტხანს ჩაკეტილ სივრცეში ისხდნენ და არა ის, თითქოს ვინმეს იარაღის ძალით ჰყავდა გამოკეტილი. მე არ ავყევი იმ შეურაცხმყოფელ შეძახილებს, რაც იქ ისმოდა, რადგან ვითარება ისედაც დაძაბული იყო. ემოციებზე აყოლა ცუდ შედეგებს გამოიწვევდა. ეს ადვილი არ იყო.

თუმცა, შევეცადე, თავი ხელში ამეყვანა, რადგან მნიშვნელოვანი იყო, ბოლოს და ბოლოს, ყრილობას მუშაობა დაეწყო.

- კონკრეტულად რა ცვლილებების მოლოდინი გაქვთ?
- ჩვენი მთავარი ამოცანა ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დაწყება იყო და ამიტომაც მიხარია კობიაშვილის გამარჯვება. მასზე ამბობდნენ, ხელისუფლების ფავორიტიაო. სინამდვილეში, ლევანი ხალხისა და კერძო ინვესტორების ფავორიტია, რადგან მას ცვლილებები სურს. ხოლო, თუ რა ცვლილებების მოლოდინში ვარ, პირველი, ეს არის სუფთა ფეხბურთის დამკვიდრების იმედი.

თამაშის დროს არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ მსაჯი კი არ შეცდა, არამედ, ამას შეგნებულად აკეთებს. მეორე - ეროვნული ჩემპიონატის განვითარება და მისი დონის გაზრდა. და რაც მთავარია: ბავშვთა ფეხბურთის განვითარების იმედი მაქვს. რეგიონებს სერიოზულად უნდა მივხედოთ, ჩვენი პოტენციალი სრულად რომ ავითვისოთ. საამისოდ კი, "დინამოს" დონის აკადემია ბევრგან უნდა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დრო მოვიდა.

- ოპტიმალურად რამდენგუნდიანი უმაღლესი ლიგა მიგაჩნიათ?
- ფაქტია, რომ 16 გუნდი ჩვენთვის ძალიან ბევრია, რადგან არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვაქვს და არც - მოთამაშეთა რაოდენობა და ფინანსები. რაც მთავარია, თანხის გადანაწილება სამართლიანი უნდა იყოს და ყველა კლუბს თანაბრად შეხვდეს.

- ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან რა სახის ღონისძიებებს ელით?
- სახელმწიფოსგან ველოდებით თანადგომასა და ინვესტიციებს, რაც ბიზნესსაც დააფიქრებს, რომ ამ სფეროში თანხის დაბანდება ღირს.

- თქვენი აზრით, კობიაშვილის გამარჯვების შემდეგ ეს რეალური იქნება?
- დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ კუთხით ვითარება შეიცვლება და ბიზნესი დაინტერესდება. უბრალოდ, ისინი არჩევნების შედეგებს ელოდნენ. მე უკვე ვიცი ორი ბიზნესჯგუფი, რომელიც უკვე მზადაა, ფეხბურთში შემოვიდეს და კლუბში თანხა ჩადოს. ამას სახელმწიფოს ინვესტიციაც თუ დაემატება, ჩვენს პირობებში კარგი ბიუჯეტის მქონე კლუბები გაკეთდება.

მაგრამ 16 გუნდი ძალიან ბევრია საიმისოდ, რომ მიმზიდველი ლიგა გავაკეთოთ. მიმაჩნია, რომ მთავარია, გავაკეთოთ მაღალი დონის უმაღლესი ლიგა და პირველიც საგრძნობლად გავაძლიეროთ. ეს ფეხბურთის განვითარების წინა პირობა იქნება.

ფეხბურთის გასაჯანსაღებლად სასურველად მიმაჩნია ახალი აღმასკომის არჩევა. მერე უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სტრუქტურა. მაგალითად, ყველას გვესმის, რომ პროფლიგა გვჭირდება. ეს გონივრულ მიდგომასა და გადაწყვეტილებას საჭიროებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნუცას! არველაძე სახით, ....! ამას ისევ ლ-ებით მოსაუბრე მაგრამ პატიოსანი წესიერი და ნორმალური ადამიანი ურჩევნია მთელს მსოფლიოს!
ვალერი
13:26 14-10-2015
0
ნუცა ნეტა შენ გხედავდე რას გავხარ, რით დაიწუნე კობიაშვილი საინტერესოა. მე მჯერა მისი. წინ! ლევან წინ! ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ!
დათო
12:46 13-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული