"სამტრედია" განწირულია

AutoSharing Option
ზამთრის შესვენებამ უმაღლესი ლიგის აუტსაიდერები გამოკვეთა - ვინც ფული ვერ იშოვა, ყველას გავარდნის საფრთხე ემუქრება. მათ შორის განსაკუთრებით "სამტრედიას" უჭირს. ფოთის "კოლხეთსა" და ბოლნისის "სიონში" გაურკვეველ მდგომარეობაა, მაგრამ რაღაცის იმედი მაინც აქვთ, "სამტრედიას" კი მსგავსი გაურკვევლობაც სანატრელი გაუხდა. გუნდმა პირველი ეტაპი უფულოდ ითამაშა და ყველაზე უჩვეულო ის იყო, რომ ფეხბურთელები კი არ დაიშალნენ, გაჭირვებაში ერთმანეთს დაუდგნენ და პირობების კვალობაზე საკმაოდ კარგადაც ითამაშეს.

უკეთესი მდგომარეობა არც მეორე ეტაპზე ელით - "სამტრედიას" მხოლოდ 44 ათასი ლარით დააფინანსებენ, ანუ თვეში 11 ათასით. ცხადია,
ეს გუნდის გაწირვაა.

რატომ და ვინ გადაწყვიტა სამტრედიაში ფეხბურთის ასეთი "ხელშეწყობა", სხვა თემაა, მაგრამ ამ პატარა იმერულ ქალაქში კლუბის გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებენ, ეძებენ სპონსორებს, მდიდარ სამტრედიელებს, ოღონდ გუნდი გადარჩეს.

როგორც გვითხრეს, ძველებური დაპირებების ნაცვლად ახლა კონკრეტული შეთავაზებებია, ვინ როგორ შეეშველება კლუბს, ზოგი საკვებით, ზოგი ფორმით და ბუცებით, მაგრამ უმაღლესი ლიგის გუნდის შესანახად ეს საკმარისი არ არის.

გელა სანაიას წასვლის შემდეგ "სამტრედიას" ლევან ანჯაფარიძე ავარჯიშებს, რომელიც გუნდს გასულ წელს მამუკა მესიაჩენკოსთან ერთად წვრთნიდა.

რაც უნდა საოცარი იყოს, ამ გაჭირვებულმა კლუბმა მეორე ეტაპისთვის მზადება ყველაზე ადრე დაიწყო, პირველი საკონტროლო შეხვედრა ფოთის "კოლხეთთან" 6 იანვარს გამართა და 1:3 დამარცხდა. თუმცა ამ დროისთვის ძირითადად ბავშვები ვარჯიშობდნენ, მთავარმა გუნდმა კი ვარჯიში გუშინ, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დაიწყო.

პირველი ეტაპის შემადგენლობიდან მხოლოდ პაატა ჯინჭარაძე, გიორგი ხუმარაშვილი, სპარტაკ გოგია, რევაზ ნინუა, აკაკი კუპრეიშვილი და შოთა ჩომახიძე დარჩნენ. კლუბში ამბობენ, რომ ჩომახიძის დარჩენა განსაკუთრებით ახარებთ. გამოცდილ ფეხბურთელს სხვა კლუბებში იწვევდნენ, მაგრამ საკუთარი ქალაქის გუნდი გასაჭირში არ მიატოვა.

იმერლებმა ოთხი საკონტროლო შეხვედრა გამართეს: "კოლხეთთან" მატჩზე უკვე მოგახსენეთ. შემდეგ ორი შემადგენლობით ეთამაშნენ ზუგდიდის "ბაიას" (0:4, 3:2), "ზესტაფონთან" კი სამარცხვინო ანგარიშით დამარცხდნენ - 1:7.

ბოლო შეხვედრამ კლუბის მესვეურებს ცხადად დაანახა, რა ელის "სამტრედიას" მეორე ეტაპზე. მთავარი მწვრთნელი ლევან ანჯაფარიძე წუხს, რომ ასეთი შემადგენლობით გუნდი განწირულია, თუმცა ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს - ცხინვალის "სპარტაკიდან" ბურჯანაძე, "ბოავიშტას" ნაცვლად სამტრედიაში აღმოჩნდა გიორგი ალავერდაშვილი, დაბრუნდნენ ძმები თორნიკე და ირაკლი შალიკაშვილებიც. ეს გარკვეული იმედია, მაგრამ უმრავლესობა მაინც გამოუცდელი ფეხბურთელია და ასეთი მწირი დაფინანსებითა და კადრებით "სამტრედია" აუტსაიდერობისთვისაა განწირული.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობას გიხდით სამტრედიისთვის ვრცელი სტატიის განთავსებით , ნებისმიერი სტატია გადაცემა და პრესა მხოლოდ სამტრედიის გასვენების პროცესიაზე მიტირებას მაგონებს და გული მიკვდება , რატო ძულს სამტრედიის გამგებელ კობა კნდელაკს ასე ფეხბურთი, დეპუტატი დარბის რო გუნდს უშველოს და გამგებელმა რავქნა ეხლაო. უბრალოდ ერთს ვიტყვი , არჩევნებზე 3000 ხმით ნაკლებს მიიღებს ნაციონალური მოძრაობა , ამ სამიათას კაცს ოჯახში მინიმუმ 2 წევრი ეყოლება ვისაც ხმის მიცემის უფლება ექნება , მომავალ არჩევნებზე სამტრედიაში კომუნისტურმა პარტიამ რო გაიმარჯვოს არ გაგიკვირდეთ,
samtredieli
14:00 27-01-2011
0
ცოდოა ეს გუნდი და მეცოდება სამტრედიელი ხალხი ერტი ფეხბურტი აქვტ გასარტობი და იმასაც უკლავენ,რა გახდა ერტი სპონსორი.
tbiliskii
17:09 27-01-2011
0

სიახლეები პოპულარული