ბადრი კვარაცხელიას გუნდი დეკემბრის ბოლოდან თბილისში ემზადებოდა, 10 იანვრიდან კი ორკვირიან შეკრებაზე ურეკში იმყოფებოდა. "სპარტაკში" მომხდარ საკადრო ცვლილებებზე ადრეც ვისაუბრეთ და ამჯერად მხოლოდ გუნდში მოსულ ფეხბურთელებს შეგახსენებთ: მურმან ქურასბედიანი და ვლადიმერ უგრეხელიძე "სიონიდან" გადმოვიდნენ, ზვიად მეტრეველი - "დინამოდან", ხოლო გიორგი მანჩხავა ბოლოს უკლუბოდ იყო. სხვათა შორის,
თემქაზე მდებარე "სიხარულის" სტადიონზე "სპარტაკმა" გუშინ საკონტროლო მატჩი ჩაატარა და სპარინგ-პარტნიორად აზერბაიჯანის ჩემპიონატში მერვე ადგილზე მყოფი "განჯა" ჰყავდა.
სტუმართა გუნდს საკუთარ ჩემპიონატში, ასე ვთქვათ, მშვიდი ფინიში ელოდება: ვერც პირველ ექვსეულში შევა და არც გავარდნის საფრთხე ემუქრება; თუმცა, ფუად ისმაილოვის გუნდთან აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერებსაც უჭირთ თამაში და, რაც მთავარია, ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "განჯაში" წამყვან მოთამაშედ მოიაზრება ჩვენი თანამემამულე ზურაბ ძამსაშვილი.
სხვათა შორის, აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "განჯას" შემადგენლობაში ძამსაშვილის გარდა ორი ქართველი ფეხბურთელიც თამაშობდა - გიორგი სეთურიძე და ლევან მდივნიშვილი, აგრეთვე უკრაინელი ვლადიმირ კოზლენკო, ორი წლის წინათ "გაგრას" ღირსებას რომ იცავდა. ნურც იმ ფაქტს დავივიწყებთ, რომ 1997-98 წლებში "განჯას" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი კვარაცხელია გახლდათ, ვისი დიდი დამსახურებაც იყო, რომ ამ პროვინციულმა კლუბმა იმ სეზონში "დუბლი" შეასრულა: აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა და თასიც მოიპოვა.
და აი, გუშინ ბადრი კვარაცხელია თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა და იმის მიუხედავად, რომ მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მხოლოდ ფრეს (1:1) დასჯერდა. პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს: "განჯას" ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და თავის დროზე თითქმის ყველა წამყვან აზერბაიჯანულ კლუბში ნათამაშებმა ჯეიხუნ სულთანოვმა მე-12 წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმის შუაგულამდე მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ტრავმირებული ნუკრი მანჩხავას ნაცვლად მოედანზე შემოსული ვალერი ბოლქვაძის გამოჩენის შემდეგ მასპინძლებმა იძალეს და არაერთი მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, ზვიად მეტრეველის, ბესიკ დეკანოიძისა და ილია ბუზალაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. "სპარტაკმა" საპასუხო გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გაიტანა: შეცვლაზე შემოსულმა ტიერი-ანს კლოვისმა ეფექტური ბურთი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსრა.
გუშინდელ მატჩში გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
"სპარტაკი": გრიშიკაშვილი - ქურასბედიანი (60. კილასონია), ტეტუნაშვილი, ბოიომო (81. მამუჩიშვილი), მანჩხავა (30. ვ. ბოლქვაძე) - მგელაძე, კაკაშვილი (60. ნარიმანიძე), დ. ლობჟანიძე - დეკანოიძე (73. ბუზალაძე), მ. ბარაბაძე (46. კლოვისი) - მეტრეველი.
"განჯა": მაჯიდოვი - მუსტაფაევი, ქერიმოვი, ა. მამადოვი, მ. მამადოვი - რ. ჰუსეინოვი, ძამსაშვილი, ი. ჰუსეინოვი, ფუჩინე - სულთანოვი, ჟუნივანი.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ "სპარტაკს" ტრავმების გამო თეიმურაზ შონია, ვლადიმერ უგრეხელიძე და ლევან ჭაფოძე აკლდა. იმასაც ვიტყვით, რომ დიდი შანსია გუშინდელმა მეტოქეებმა ამ დღეებში ერთმანეთში კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი ჩაატარონ.