ირაკლი მაისურაძემ "ოლიმპის" კონტრაქტი დაიმსახურა

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპში" ბევრი ცვლილება მოხდა. გაუშვეს ისინი, ვინც კლუბის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა - ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ჯაფარიძე, დირექტორი ბადრი ქარქაშაძე, უსაფრთხოებისა და ლიცენზირების კოორდინატორი ბადრი მაჭავარიანი, პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძე.

საკმაო ხანს უცნობი იყო, ვინ დაინიშნა მათ ნაცვლად, მაგალითად, პრესსამსახურში. გუშინ შევიტყვეთ, რომ რუსთაველთა ახალი პრესატაშე ”ლელოს" ყოფილი თანამშრომელი შოთა შერმადინი გახდა.

შოთას გუშინ თურქეთში დავუკავშირდით და მიმდინარე ამბები გამოვკითხეთ.

”გუნდი სიდეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდა. სიდეშია ფიზმომზადების შვეიცარიელი სპეციალისტი ოლდრიხ შვაბიც, რომელიც საწვრთნელ პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ფეხბურთელები საკმაოდ მძიმე რეჟიმით იტვირთებიან - თორნიკე
მაისურაძე ფეხბურთელებს დღეში სამჯერ ავარჯიშებს. ჩამოსვლამდე ოთხი საკონტროლო შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. ერთი მათგანი დღეს ავსტრიის ჩემპიონ ”ზალცბურგთან" უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ ორგანიზატორებს რაღაც შეეშალათ, რადგან ავსტრიელები სამშობლოში 25 იანვარს გაემგზავრნენ და, ცხადია, საკონტროლო მატჩი ჩაიშალა.

სხვა მატჩების გრაფიკი კი უცვლელი დარჩა. ორ მეტოქეს უკვე შევხვდით - თურქულ ”ისტანბულსა" და შვეიცარიულ ”სერვეტს", 31 იანვარს შვეიცარიულ ”ვილს" ვეთამაშებით, სავარაუდოდ, 1 თებერვალს - ბულგარულ ”აკადემიკს" და ღამით საქართველოში მოვემგზავრებით", - გვითხრა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონმა თურქეთში ორივე შეხვედრა 25 იანვარს გამართა და ორივე მოიგო: 4:0 ”ისტანბულსფორთან" და 3:2 ""სერვეტთან"".

შერმადინის თქმით, გადაწყვეტილია ”ოლიმპში" ირაკლი მაისურაძის ჩარიცხვა. ბელარუსული "ვიტებსკის" ყოფილმა ნახევარმცველმა ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა და მწვრთნელის ნდობა გაამართლა.

”მაისურაძის საკითხი გარკვეულია, მაგრამ ჯერ ღიად რჩება ზაქარია ბეგლარიშვილის ტრანსფერი. დარჩება თუ არა, ამის თქმა გამიჭირდება, რადგან ესტონურ კლუბ ”ფლორასთან", სადაც ზაქარია თამაშობდა, მოლაპარაკება არ დასრულებულა - ლაპარაკია იჯარაზე. ცხადია, ბევრი რამ ბეგლარიშვილზეც არის დამოკიდებული", - ამბობს შერმადინი.





.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული