გუგა ფალავანდიშვილი: თუ სოსიაშვილი წავა, "დილაში" აღარც ლიდერები დარჩებიან...

AutoSharing Option
22 წლის გუგა ფალავანდიშვილი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის ლიდერობს კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ "დილაში". შემთხვევითი არ არის, რომ 2015 წელს მას დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებში.

"დილა" საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ის თბილისის "დინამოს" მთავარ კონკურენტად მოჩანს. ეგ არის, რომ ამბობენ - ამ ზამთარს "დილაში" დიდი ცვლილებები მოხდება და, შესაძლოა, გუნდი მნიშვნელოვნად დასუსტდესო...

გუშინ "ლელომ" ფალავანდიშვილს ინტერვიუ სთხოვა...

- როგორი იყო თქვენთვის სეზონის განვლილი ნაწილი? ითამაშეთ საქართველოს ნაკრებში, "დილა" მეორე ადგილზეა ჩემპიონატში... თუმცა კლუბში ფინანსური სირთულეებია...
- ფინანსური სირთულეები
მართლაც იყო და არის "დილაში", მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა და, განსაკუთრებით, მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს სირთულეები ჩვენამდე არ მოვიდეს. ახლა მეორე ადგილზე ვართ და მცირედით ჩამოვრჩებით ლიდერს. პირადად ჩემი აზრია, რომ "დილა" თბილისის "დინამოზე" არაფრით არის ნაკლები...

რაც შეეხება 2015 წელს, ის ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული და უბედნიერესი იყო - პირველად ვითამაშე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. რა შეიძლება იყოს კიდევ ფეხბურთელის ოცნება? ითამაშოს ქვეყნის მთავარ გუნდში და დიდ კლუბში... მიღწეულით ტკბობა არ გამომადგება. თავადაც ვიცი, რომ წინ დიდი გზაა და ამ გზაზე ჩემი შრომითა და მონდომებით უნდა ვიარო. მოკლედ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- საქართველოს ჩემპიონატიდან ეროვნულ ნაკრებში მისული ფეხბურთელი გარკვეულ სირთულეებს აწყდება. ეს ასპარეზი სხვა ტემპსა და სისწრაფეებს ითხოვს...
- მართალი ხართ. ვითამაშე ნაკრებში და თქვენი სიტყვები საკუთარი გამოცდილებით შემიძლია დავადასტურო... მაგრამ, თუ ფეხბურთელი ხარ და ამბიცია გაქვს, უნდა შეძლო და ამ ტემპში უნდა ჩაჯდე, საკუთარ თავს უნდა გადაახტე - ეს არის სწორედ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნა.

- რას ნიშნავს თქვენთვის რეჟიმი? მიიჩნევთ თავს პროფესიონალად?
- ძალიან არ მინდა სუბიექტურ განცდებზე ლაპარაკი. უბრალოდ, ვიტყვი ერთს - მყავს დიდებული ოჯახი, რომელიც ყველანაირ პირობას მიქმნის საიმისოდ, რომ ვიყო პროფესიონალი, რომ ჩემს ცხოვრებაში იყოს ფეხბურთი, როგორც ცხოვრების მთავარი ნაწილი... შეიძლება მთლად 100 პროცენტით არა, მაგრამ თავს დიდწილად პროფესიონალად მივიჩნევ. სიმართლე უნდა ითქვას - ფეხბურთის გამო ძალიან ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა, თუმცა ამას არ ვნანობ. მე გავაკეთე არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ და ვალდებული ვარ, ყველაფერი მივცე მას, ბოლომდე დავიხარჯო ჩემი პროფესიისთვის.

- თქვენი აზრით, რა არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელისთვის?
- კითხვის არსს როგორც მივხვდი, წმინდა საფეხბურთო პრობლემაზე უნდა მეკითხებოდეთ...

- დიახ, პირველ რიგში, ამაზე...
- ჩემი აზრით, ფეხბურთელის პროგრესზე ლაპარაკი ზედმეტია, თუ მხოლოდ გუნდში ვარჯიშს ჯერდები და დამატებით კიდევ არ ვარჯიშობ, საკუთარ თავზე არ მუშაობ, სხვადასხვა კომპონენტს არ ხვეწ... რა დასამალია და, საქართველოში ეს ჭირს.

- თქვენ ახერხებთ დამატებით ვარჯიშს?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ერთს კი ვიტყვი - ღმერთმა მომცა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭი დედამიწის ზურგზე, რასაც შრომისმოყვარეობის ნიჭი ჰქვია. არ არსებობს, იმაზე მეტი არ ვივარჯიშო, რასაც გუნდთან ერთად ვვარჯიშობ...

- რა არის საქართველოს ჩემპიონატის მთავარი პრობლემა?
- სამწუხაროდ, სულ უფრო დაბლა იწევს საქართველოს ჩემპიონატის დონე და ძალიან გული მტკივა ამის გამო. უხეშად ნათქვამი გამომივა, მაგრამ ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, აქედან გაიქცნენ... იმედი მაქვს, ეს სიტუაცია გამოსწორდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახალი ხალხი მოვიდა, ახალი ხედვით და იმედიც გაჩნდა.

- ამბობენ, პირველი წრის დასრულების შემდეგ "დილაში" ბევრი რამ შეიცვლება და, შესაძლოა, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა და ლიდერებმა დატოვონო...
- პირდაპირ გეტყვით: თუ უჩა სოსიაშვილი წავა, გუნდში აღარც ლიდერები გაჩერდებიან. მე რაც ვიცი, დიდი ალბათობით, მაისამდე მოხერხდება "დილას" ძირითადი ბირთვის შენარჩუნება.

- გავიგეთ, გუგა ფალავანდიშვილის გადაბირება რამდენიმე გუნდს სურსო...
- მოდით, ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ...

- მაყურებლის ფაქტორზეც გკითხავთ...
- გორში ყველაზე ნაკლებად იგრძნობა უმაყურებლობა, რადგან ხალხი ფეხბურთზე დადის. საერთოდ კი, გულის მომკვლელია, რომ სტადიონზე თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით დადის მაყურებელი... მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ მოვა დრო და ხალხი დაუბრუნდება ეროვნულ ჩემპიონატს, ჩვენს სტადიონებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარი ბიჭია ძალიან მაგარი თან სახელიან ფეხბურთელად არ ითვლებოდა და მაინც მაგრად გაქაჩა დიდი მომავალი აქვს
inkognito
18:21 11-12-2015
0
ისეთ გუნდებს,რომლებსაც მწვრთნელის წასვლა დაშლის-რაც მალე დაიშლება უკეთესია
რომან
18:46 11-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული