''ოლიმპმა'' ისევ მოიგო

AutoSharing Option
გუშინ რუსთავის "ოლიმპმა" თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო შეხვედრა გამართა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე შვეიცარიის ჩელენჯლიგის "კიასო" იყო, რომელიც პირველი წრის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.

''კიასო" ძირითადი შემადგენლობით თამაშობდა, მხოლოდ ტრავმირებული მეკარე პატიმ ბადალი და ნახევარმცველი მატეო არნაბოლდი აკლდა.

"ოლიმპი" 1:0 "კიასო"
გოლი: 1:0 მოდებაძე (54).
''ოლიმპი": ბედიაშვილი, ღონღაძე (45. მურველაშვილი), კვახაძე (46. რეხვიაშვილი), ქემოკლიძე, დობროვოლსკი, ტყემალაძე (84. რაზმაძე), მაისურაძე (59. გორდეზიანი), ქავთარაძე, ბეგლარიშვილი (45. გეწაძე), ჭელიძე (45. ბოლქვაძე), ბახტაძე (45. მოდებაძე).

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში შესულმა ირაკლი მოდებაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ თორნიკე
მაისურაძის ხელმძღვანელობით ''ოლიმპმა" თურქეთში მესამე შეხვედრა გამართა და სამივე მოიგო - ''ისტანბულთან" (4:0), ''სერვეტთან" (3:2) და ახლა ისევ შვეიცარიელებთან.

შვეიცარია წესრიგთან და წესიერებასთან ასოცირდება, მაგრამ ''კიასოს" ვებგვერდზე ამოკითხული ფრაზა ჩვენი ზოგიერთი მწვრთნელის კომენტარს ჰგავდა, წაგებას ''ობიექტური მიზეზებით" რომ ხსნიან. შვეიცარიელებსაც ასე გამოუვიდათ - ჩვენი მეტოქე საქართველოს ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და ამიტომაც წავაგეთო. ამ დროს ''ოლიმპი" ცხრილის მეორე საფეხურზეა.

დღეს საქართველოს ჩემპიონი ერთდღიან ტურნირში ჩაებმება, რომელშიც სამი გუნდი ითამაშებს. რუსთაველებთან ერთად ორგანიზატორებმა ბულგარული უმაღლეს ლიგაში მეთორმეტე ადგილზე მყოფი სოფიის ''აკადემიკი" და ჩელენჯლიგის ''ვილი" შეარჩიეს.

ტურნირი იტალიური სისტემით გაიმართება, თითო მატჩი 45-წუთიანი იქნება, ფრედ დასრულების შემთხვევაში კი პენალტების სერია დაინიშნება.

''ოლიმპთან" ერთად შეკრებაზეა ტალინის ''ფლორაში" მოთამაშე ზაქარია ბეგლარიშვილი, მაგრამ მისი ამბავი დღემდე გაურკვეველია.

რუსთაველთა მარცხენა მცველი ლაშა ჯაფარიძე კი ნალჩიკის ''სპარტაკში" ისინჯება. ის დღემდე ''ოლიმპს" ეკუთვნის, კლუბში კი ჯერ არ იციან, იტოვებენ თუ არა მას რუსები.

ანთალიური სამთა ტურნირის შემდეგ დღეს საღამოს ''ოლიმპი" საქართველოში გამოემგზავრება.





.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული