ეს ამბავი "სამტრედიას" გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტმა იური კიკაჩეიშვილმა გვაცნობა:"სამტრედიელები გუნდის გაჭირვებას და უმაღლესი ლიგიდან გავარდნას ვერ შევეგუებით. გამოსავალიც არ ჩანს, სპონსორები არ მოდიან და მათ იმედად ყოფნას საქველმოქმედო აქციის გამართვა და შემოსული თანხით კლუბის დახმარება ვამჯობინეთ.
დასაწყისისთვის საკმაოდ დამაიმედებელი შედეგებია: ამოქმედდა ყველა სამტრედიელი, ვისაც მცირე შემოსავალი მაინც გააჩნია, ბაზრის მოვაჭრე, რესტორნების, სასადილოების თუ უბრალო მაღაზიების მფლობელი
სხვათა შორის, ბოლო დროს იმერეთის გუბერნატორი და რაიონის ხელისუფლება ძალიან გააქტიურდნენ და არაა გამორიცხული, "სამტრედიას" დასახმარებლად დამატებითი სახსრები გამონახონ".
კიკაჩეიშვილის თქმით, სოფელი ვაზისუბანში საკრებულოს დეპუტატებისა და მოსახლეობის მონდომებით, დასვენების დღეს მოაწესრიგეს"სამტრედიას" ბაზა, მოედანი, მოაგვარეს სარწყავი წყლის პრობლემა და ახლა ვაზისუბანში გუნდს ნორმალური სავარჯიშო პირობები აქვს.
სამტრედიელები ემადლიერებიან კახა კალაძეს, რომელიც დეკემბერში კლუბს 30 ათასი ევროს ღირებულების ფორმებით, ბუცებითა და სხვა ატრიბუტიკით დაეხმარა, ხელფასაუღებელ ბიჭებს კი 10 ათასი ევრო საახალწლოდ დაურიგა.
ამასობაში ლევან ანჯაფრიძის ხელმძღვანელობით "სამტრედია" მეორე ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. შევიტყვეთ, რომ გუნდში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებენ.