სამტრედიაში გულშემატკივრები კლუბისთვის ფულს აგროვებენ

AutoSharing Option
სამტრედიელებს სჯერათ, რომ ძალა ერთობაშია და კლუბს არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც ეხმარებიან. იქაური გულშემატკივრები საქართველოსთვის უჩვეულო აქციით უმაღლესი ლიგის შეჭირვებული კლუბის ფინანსურ დახმარებას აპირებენ.

ეს ამბავი "სამტრედიას" გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტმა იური კიკაჩეიშვილმა გვაცნობა:"სამტრედიელები გუნდის გაჭირვებას და უმაღლესი ლიგიდან გავარდნას ვერ შევეგუებით. გამოსავალიც არ ჩანს, სპონსორები არ მოდიან და მათ იმედად ყოფნას საქველმოქმედო აქციის გამართვა და შემოსული თანხით კლუბის დახმარება ვამჯობინეთ.

დასაწყისისთვის საკმაოდ დამაიმედებელი შედეგებია: ამოქმედდა ყველა სამტრედიელი, ვისაც მცირე შემოსავალი მაინც გააჩნია, ბაზრის მოვაჭრე, რესტორნების, სასადილოების თუ უბრალო მაღაზიების მფლობელი
და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც "სამტრედია" რაღაცას ნიშნავს. იმედიც გაჩნდა, რომ "სამტრედიას" მეორე ეტაპზე ხალხის შემოწირულობებითაც შევეშველებით. ზოგი ათ ლარს დებს, ზოგი ოცს, ოთხმა რესტორანმა ფეხბურთელთა კვება გაინაწილა და ასე შემდეგ. როგორც ვიცი, დღეისთვის დაახლოებით თხუთმეტი ათას ლარამდე შეგროვდა, მაგრამ უმთავრეს იმედს 1 თებერვალს ვუკავშირებთ: სამტრედიის კულტურის სახლში 14 საათზე საქველმოქმედო აქცია გაიმართება, მასში მონაწილეობა იმერეთის რეგიონისა და რაიონის ხელმძღვანელებსაც შევთავაზეთ.
სხვათა შორის, ბოლო დროს იმერეთის გუბერნატორი და რაიონის ხელისუფლება ძალიან გააქტიურდნენ და არაა გამორიცხული, "სამტრედიას" დასახმარებლად დამატებითი სახსრები გამონახონ".

კიკაჩეიშვილის თქმით, სოფელი ვაზისუბანში საკრებულოს დეპუტატებისა და მოსახლეობის მონდომებით, დასვენების დღეს მოაწესრიგეს"სამტრედიას" ბაზა, მოედანი, მოაგვარეს სარწყავი წყლის პრობლემა და ახლა ვაზისუბანში გუნდს ნორმალური სავარჯიშო პირობები აქვს.

სამტრედიელები ემადლიერებიან კახა კალაძეს, რომელიც დეკემბერში კლუბს 30 ათასი ევროს ღირებულების ფორმებით, ბუცებითა და სხვა ატრიბუტიკით დაეხმარა, ხელფასაუღებელ ბიჭებს კი 10 ათასი ევრო საახალწლოდ დაურიგა.

ამასობაში ლევან ანჯაფრიძის ხელმძღვანელობით "სამტრედია" მეორე ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. შევიტყვეთ, რომ გუნდში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებენ.



მკითხველის კომენტარები / 1 /
და ამ დროს გამოგვეღვიძა!!!
samtredieli
12:28 01-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული