ეგზოტიკური სინჯები

AutoSharing Option
ანთალიურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" გუშინ მორიგი სპარინგ-მატჩი ჩაატარა: კახა კაჭარავას გუნდის მეტოქე ხორვატული "ოსიეკი" იყო.

ვიდრე ამ მატჩის პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ, ისიც ვთქვათ, რომ ანთალიურ შეკრებაზე "დინამო" საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს ხვდება; ამასთან, თითქმის ყოველ მატჩში გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას საშუალება ეძლევა "დინამოში" სინჯებზე მყოფი პოტენციური ახალწვეულებიც გასინჯოს. რა თქმა უნდა, იმ მართლაც უამრავ გასინჯულთაგან ერთეულები თუ მოახერხებენ მთავარი მწვრთნელისათვის თავის მოწონებას და შესაბამისად, "დინამოსთან" კონტრაქტის გაფორმებას.

აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ, რომ ამ სატრანსფერო კამპანიის განმავლობაში "დინამოში" სინჯებზე მყოფი
18 (!) უცხოელი ფეხბურთელიდან გუნდთან კონტრაქტი მხოლოდ ერთადერთმა, სერბმა მარცხენა მცველმა მარკო მაროვიჩმა გააფორმა; ზოგს, პირველივე საკონტროლო მატჩის შემდეგ დაემშვიდობნენ, ზოგს ორი შეხვედრა აკვირდებოდნენ, ზოგსაც სულაც მხოლოდ ერთი ტაიმი დასჭირდა "საკუთარი კვალიფიკაციის" დასამტკიცებლად და ასე შემდეგ.

თურქეთში გამგზავრებამდე "დინამომ" ზედიზედ 5 საკონტროლო მატჩი მოიგო; აი, ანთალიაში კი ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეებს შეხვდა: ნალჩიკის "სპარტაკთან" 0:1 წააგო, უკრაინულ "სევასტოპოლთან" - 0:2 (ოღონდ, ამ შეხვედრაში "დინამომ" ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზა), ასევე უკრაინულ "ვოლინს" 2:1 მოუგო, აი, გუშინ კი ხორვატულ "ოსიეკთან" ფრედ, 2:2 ითამაშა. "ოსიეკი" თავისი ქვეყნის ჩემპიონატში XI ადგილზე იმყოფება (თექვსმეტგუნდიან პირველობაში) და საერთოდაც, ბრანკო კარაჩიჩის გაწვრთნილი გუნდი ხორვატიაში მუდამ საშუალო სიძლიერის კლუბად მიიჩნევა.

ისე როგორც "ვოლინთან" მოგებულ მატჩში, კახა კაჭარავამ გუშინდელ შეხვედრაშიც ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა ათამაშა; თუმცა, პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, გასინჯვაზე მყოფი უცხოელი ფეხბურთელების სიმცირე იყო - "ოსიეკთან" მატჩში არ უასპარეზიათ: სემირ ჰაჯიბულიჯს, ნებოიშა იოქსიმოვიჩს, მიროსლავ გეგიჩს, გორან ცკეტკოვიჩს (ყველა-სერბეთი), სერგეი კოლესნიკსა (უკრაინა) და ვლადიმირ კარალიჩს (ბოსნია). სამაგიეროდ, ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა ჩეხმა ცენტრალურმა მცველმა ირჟი ჰომოლამ, ვინც გუშინ მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე შეცვლაზე შემოვიდა.

სხვათ შორის, "ოსიეკის" წინააღმდეგ მეორე ტაიმში გარკვეული დროის განმავლობაში "დინამოს" დაცვის ხაზს უცხოელი ცენტრალური მცველები ამაგრებდნენ - პრაღის "სპარტასა" და "იაბლონეცის" ყოფილი ფეხბურთელი ჰომოლა და თბილისური გუნდის კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეული, 24 წლის ჯონ გლელე. 183 სმ სიმაღლის მცველი - გლელე წარმოშობით ბენინიდან არის და ამ ქვეყნის ნაკრებში 2 მატჩიც აქვს ჩატარებული.

საკლუბო კარიერა კი საფრანგეთის დაბალ დივიზიონებში დაიწყო: ჯერ, "გენგამის" სამოყვარულო გუნდში ასპარეზობდა, შემდეგ "ამიენის" ასევე სამოყვარულო გუნდში. 2008 წლიდან კვიპროსზეა: ჯერ "აპეპის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი - ლიმასოლის "არისის" (ორივე გუნდი კვიპროსის II დივიზიონში ასპარეზობს).

გუშინდელ მატჩში ანგარიში დინამოელებმა გახსნეს: 41-ე წუთზე გიორგი კახელიშვილის პასით გოლი შოთა კაშიამ გაიტანა; მეორე ტაიმში ხორვატთა ჭაბუკ ნახევარმცველმა დინო შპეხარმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 76-ე წუთზე ალექსანდრე კოშკაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ რობერტინომ "დინამო" დააწინაურა. სამწუხაროდ, სამიოდ წუთში ლევან კაკუბავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და როგორც უკვე გითხარით, მატჩი საბოლოოდ 2:2 დამთავრდა.

ხორვატულ "ოსიეკთან" დინამომ" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ლორია-ციმაკურიძე (46. კაკუბავა), გ. კვარაცხელია (46. თომაშვილი), გლელე (73. ოთარაშვილი), მაროვიჩი (46. ჰომოლა)-ედნილსონი (46. ფირცხალავა), კვეკვესკირი-შ. კაშია (62. თექთურმანიძე), კოშკაძე (79. ლექვთაძე), კახელიშვილი (46. რობერტინიო)-ტატანაშვილი (67. სიხარულიძე).
თურქულ შეკრებაზე "დინამო" ბოლო შეხვედრას ხვალ ჩაატარებს და მეტოქედ უკრაინული გუნდი, ლუგანსკის "ზარია" ეყოლება.






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული